დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ არსებული ეპიდვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ციფრები საგანგაშოა:
"ძალიან საგანგაშო ციფრებია. ეპიდსიტუაცია მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება. დღეს დილისთვის 2000 რომ გვქონდა. კვირის ფენომენია, რადგან, როგორც იცით, კვირას ტესტირების რაოდენობა ყოველთვის მცირდება. ბოლო ორი კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა 3,5- 4,5 ათასს შორის მერყეობს, ხანდახან, ცოტა მეტიც. ამიტომ, მაღალ ციფრებზეა ეპიდსიტუაცია. საპროგნოზოდ ცოტა უფრო დამაიმედებელია, რომ რეპროდუქციის ინდექსი 1-ს ჩამოსცდა. მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდი, 1,83 გვქონდა. რეპროდუქციის ინდექსი როდესაც მცირდება, პროგნოზულად დამაიმედებელია, რომ შეიძლება გავრცელება შემცირდეს. მაგრამ, რადგან ქვეყანაში ძალიანაა მომატებული მობილობა, ამიტომ მაინცდამაინც დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიძლევით. სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა, სტაბილურად, რამდენიმე დღეა ისევ 40-ს გადასცდა მაშინ, როცა 30-ზე ქვემოთ ვიყავით ჩამოსული. მით უმეტეს, ასე რადიკალურად მცირდება აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი. პანდემიას ერთადერთი რამ შეაკავებს, მხოლოდ ინტენსიური აცრები. დღევანდელი მონაცემით, ორჯერადი აცრით, 18 წლის ზემოთ პირებში 33%-ზე ვართ. ხოლო ერთჯერადად მოზრდილი მოსახლეობის 36,5%-ია აცრილი. წლევანდელი სამიზნე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ია. დელტა შტამზე 60 პროცენტიც აღარაა საკმარისი. სასურველია, რომ ეს 70-80 პროცენტი იყოს. ამიტომ, თუ ამ რაოდენობის აცრები გვექნება ყოველდღიურად 5-7 ათასი, სამიზნეს ვერ მივაღწევთ და შესაბამისად, ეპიდემიას ვერ შევაკავებთ. საჭიროა, უფრო ქმედითი ღონისძიებები, რომ აცრების ყოველდღიურმა რაოდენობამ მოიმატოს. ბევრს დავდივართ რაიონებსა და სოფლებში, მიმდინარეობს მარათონი, ცნობადობა გაიზარდა, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან რეზისტენტობა მაინც მაღალია. მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი და ამას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს. იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, თუ როგორ უნდა გაიზარდოს აცრის მაჩვენებელი. თუ რაღაც ძლიერი წამახალისებელი ან სხვა შემზღუდველი ღონისძიებები არ იქნა შემოღებული, სამწუხაროდ, აცრები აღარ გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული."- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება და სხვა შეზღუდვებიც წესდება. მან თქვა, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა.
"მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მომზადებული არ არის. არც დაავადებათა კონტროლის ცენტრს გაუცია მსგავსი რეკომენდაციები. ჩვენი რეკომენდაციებია, რომ დავიცვათ ის, რაც არის შემოღებული, ყველამ ვატაროთ პირბადე, დახურულ თუ ღია სივრცეებში. დავიცვათ დისტანცია. თავი ავარიდოთ დიდ შეკრებებს და თითოეული ადამიანი აიცრას."
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს აცრაზე მთავარი არაფერია იმიტომ, რომ ის ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იცავს.
"თუ ჩვენ გვინდა, რომ ყოველდღიურად 40 და მეტი ადამიანი არ დაიღუპოს, ყველა უნდა წავიდეთ და ავიცრათ." -თქვა მან.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, არც სკოლების დახურვა იგეგმება ჯერჯერობით:
"სკოლები არ იხურება, შესაბამისი რეგულაციებით გრძელდება დასწრებული სწავლა." - აღნიშნა გამყრელიძემ.