საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, რომ რისკჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს.
მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სახელმწიფოს მმართველ გუნდს, ასევე პოლიტიკოსებს, რომლებიც ხალმრავალ აქციებს აწყობენ, ზოგიერთ ექიმს, რომელიც თავისი შეხედულებებით საერთო საქმეს
ვნებს, ასევე საპატრიარქოს, რომელიც თავს იკავებს აცრაზე კურთხევის მიცემისგან.
"ეს საშუალებას აძლევს ზოგიერთ მოძღვარს, რომ იქადაგოს ანტივაქსერული პროპაგანდა", - აცხადებს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის თქმით, ეწინააღმდეგება და მეტიც, მიუღებლად მიაჩნია, რომ ქვეყანა ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას დაუბრუნდეს.
"მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მივმართავ მედიას, რათა გადაცემები გახშირდეს ამ მიმართულებით. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი.
სამაგიეროდ ვეწინააღმდეგები და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას. მიუღებელია, ვინაიდან და რადგანაც ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.