"ნინო ჭავჭავაძის შთამომავალი, მერაბ კოკოჩაშვილის შვილიშვილი წინაპრის კაბაში" - ამ წარწერით გავრცელდა ულამაზესი ფოტო სოციალურ ქსელში, რომელმაც უამრავი ადამიანის აღფრთოვანება გამოიწვია. ფოტოზე ასახული უმშვენიერესი ელენე გოგლიძეა, რომელიც თავად გვესაუბრება, თუ რას ნიშნავს მისთვის იყოს დიდებული წინაპრების შთამომავალი და როგორ იყო ნინო ჭავჭავაძის კაბის ფოტოსესიის ისტორია.
ელენე გოგლიძე:
- ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლობა ძალიან საამაყოა ჩემთვის. მასთან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენაა დაკავშირებული. ის იყო პირველი ქართველი რომანტიკოსი პოეტი, მთარგმნელი, ფლობდა 5 ენას, იყო სამხედრო, გენერალ-ლეიტენანტი, მიღებული აქვს მონაწილეობა რუსეთ-საფრანგეთისა და რუსეთ-თურქეთის ომებში. ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც ქართული ტრადიციული ყურძნის ჯიშისგან, ევროპული წესით დაამზადა ღვინო და ჩამოასხა ბოთლებში 1841 წელს. ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც ევროპული კულტურის დანერგვას შეუწყო ხელი საქართველოში.
- ნინო ჭავჭავაძის კაბის აღდგენის იდეა, 2013 წელს გაჩნდა. მისი შექმნა დიზაინერ სიმონ მაჩაბელს დაევალა. მან კაბა, ნინოს ერთადერთი ფოტოს მიხედვით აღადგინა. წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმის გუნდის იდეით, კარგი იქნებოდა ნინოს კაბა უშუალოდ მის შთამომავალს მოერგო ფოტოსესიისთვის. ძალიან გამიხარდა, როდესაც შემომთავაზეს კაბის ჩაცმა, თუმცა ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
კაბა ძალიან მძიმე და მოუხერხებელი ყოფილა, მაშინ აღვიქვი თუ როგორი რთული იყო იმ დროინდელი ქალებისთვის ასეთი სამოსის ყოველდღიურად ტარება. კაბა დღეს მუზეუმის ერთ-ერთ ექსპონატს წარმოადგენს და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს დამთვალიერებელში. ნინოს წინანდლის „შავ ვარდს“ უწოდებდნენ, რადგან 17 წლის დაქვრივებული ნინო მთელი თავისი ცხოვრება შავ სამოსს ატარებდა.