ვისთვის არ გაძვირდება მგზავრობა და ისარგებლებთ თუ არა ძველი სამგზავრო ბარათებით - პასუხი მერიიდან - მშობლები

ვისთვის არ გაძვირდება მგზავრობა და ისარგებლებთ თუ არა ძველი სამგზავრო ბარათებით - პასუხი მერიიდან

2021-12-22 10:20:10+04:00

დღეს თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც კახა კალაძემ განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტო ულიმიტო სისტემა ამოქმედდება. კალაძის ინფორმაციით, აბონემენტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყება და მისი შეძენა მეტროს სადგურების სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი.

სააბონემენტო პაკეტების ღირებულება იქნება:

ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი - 1 ლარი; ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი; ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი; ულიმიტო 1-თვიანი ბარათი - 40 ლარი; ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი; ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი; ულიმიტო 1-წლიანი ბარათი - 250 ლარი. ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, იმ სოციალური ჯგუფებისთვის, რომლებიც შეღავათებით სარგებლობენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით კვლავ უფასოდ იმგზავრებენ: თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები, მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები და თბილისში რეგსიტრირებული ვეტერანები.

რაც შეეხება შეღავათიან მგზავრობის ტარიფებს, 20 თეთრის გადახდის უფლებით სარგებლობენ: თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებული უბნის ექიმები, პედიატრები, მანდატურები.

10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით კი სარგებლობენ: სოციალურ დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 70 ათასი და დაბალი ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.

აღნიშნული პირები კვლავ მათ მფლობელობაში არსებული სამგზავრო ბარათებით ისარგებლებენ, ხოლო ისინი ვინც შეღავათებით არ სარგებლობენ, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მეტრომანით ან შეიძინონ აბონიმენტი.

მერი ბლიაძე