საახალწლო სუფრის მშვენება, რომელიც ბავშვებსაც შეგიძლიათ მიართვათ ტოლმა ჩვენს საახალწლო სუფრაზე განსაკუთრებულად ფასობს. ეს კერძი წარმოშობით ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან არის – თურქეთიდან და სომხეთიდან. თუმცა საქართველოში არანაკლებ პოპულარულია და ბევრნაირადაც მზადდება – კომბოსტოს ფოთოლში, ვაზის ფოთოლში, ტკბილი წიწაკის ე.წ. "საზაფხულო ტოლმაც" არსებობს. ჩვენ ამჯერად ტრადიციული, კომბოსტოს ფურცლების ტოლმის რეცეპტს გთავაზობთ, მით უმეტეს, რომ ეს ერთ-ერთი ის კერძია (ვაზის ფოთლის ტოლმასთან ერთად) საახალწლო სუფრაზე, რომელიც ბავშვებსაც შეგიძლიათ მიართვათ.
საჭირო მასალა:
1 დიდი ან ორი პატარა თავი, სატოლმე თეთრი კომბოსტო (რბილი და დიდფურცლებიანი)
ფარში – თუ ბავშვებმაც უნდა მიირთვან, საქონლის ჯობს
ბრინჯი – 100-150 გრ
ხახვი – 2 საშუალო ზომის
ნიორი, ოხრახუში, ქინძი, მარილი, წითელი წიწაკა, ტომატი, დაფნის ფოთოლი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი.
მომზადება:
დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი და მასში მოათავსეთ გულამოჭრილი კომბოსტო. რამდენიმე წუთში მორბილდება და ამოიღეთ. შერბილებული ფოთლები ფრთხილად მოაცალეთ, რომ არ გაიხეს. თუ დარჩა უმი შიგნითა ნაწილი, ისევ ჩააბრუნეთ, რომ ისიც მორბილდეს.
სატოლმედ გამზადებულ კომბოსტოს ფურცლებს მოაჭერით უხეში ზედა მსხვილი ნაწილები.
სანამ კომბოსტო ითუთქება, მოამზადეთ გულსართი. ფარშს დაუმატეთ გატარებული მწვანილი, ხახვი და ნიორი, დაუმატეთ მარილი, ბრინჯი (თუ გსრუთ, ბრინჯის წინასწარ ცოტათი მოხარშვაც შეგიძლიათ, რომ მერე დიდხანს ლოდინი არ მოგიწიოთ), წითელი დაფქული წიწაკა, ქინძი და სუნელები. თუ გულსართი მშრალი მოგეჩვენათ, ცოტა წყლის დამატებაც შეგიძლიათ.
კომბოსტოს ფურცლები სათითაოდ გაშალეთ, შუაში მოათავსეთ კოვზით ფარში და გადაახვიეთ.
ქვაბის ძირში ჩაალაგეთ მორჩენილი რამდენიმე ფურცელი კომბოსტო, მერე კი ქვაბში მჭიდროდ მოათავსეთ გამზადებული ტოლმის ნაჭრები, რომ ნაკლები ადგილი დარჩეს და თითოეულ ფენას თითო დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. ჩაასხით ერთ ჭიქა წყალში გახსნილი ტომატი (ან შეგიძლიათ, შინ მომზადებული პომიდვრის სიუსი გამოიყენოთ) და ჩალაგებული ტოლმის ზემოდან მოათავსეთ ამობრუნებული თეფში და კიდევ რაიმე სიმძიმეც შეგიძლიათ დაადოთ ზემოდან (მაგალითად, სანაყი ქვა). თავი დაახურეთ და ხარშეთ დაახლოებით 40-50 წუთი, დაბალ ცეცხლზე. შეიძლება, ცოტა მეტი დროც დასჭირდეს, თუ კომბოსტო შედარებით მაგარია.