„უფარფლებო თევზი სახელად რიტო“ - ზღაპრის ახალი პერსონაჟი, რომელსაც ყველა პატარა შეიყვარებს - მშობლები

„უფარფლებო თევზი სახელად რიტო“ - ზღაპრის ახალი პერსონაჟი, რომელსაც ყველა პატარა შეიყვარებს

2022-01-20 06:40:07+04:00

ადამიანების ყოველდღიურობაზე, ცხოვრების რაობასა და საზრუნავზე წარმოდგენის შესაქმნელად შესაბამისი ეპოქის ზღაპრების წაკითხვაც კმარა. განსაკუთრებით ხალხური ზღაპრები კარგად ასახავს ადამიანების ცხოვრების წესსა და პრიორიტეტებს.

თუ წარსულში თვითგადარჩენაზე, მოხერხებულობასა და ბოროტის დამარცხებაზე კეთდებოდა აქცენტი, დღეს საბავშვო ლიტერატურაში სხვა პრიორიტეტები გაჩნდა, საიდანაც ერთ-ერთს სწორედ „პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერი 2021-ის“ ერთ-ერთი გამარჯვებულის დავით ალთუნაშვილის ზღაპარი ეხმაურება.

„უფარფლებო თევზი სახელად რიტო“ 7-10 წლის მკითხველზეა გათვლილი და შშმ ბავშვების პრობლემებს, მათს საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათ მიმართ სხვა ბავშვების დამოკიდებულებს ეხმაურება. ეს კეთილი ზღაპარი წიგნის მაღაზიების თაროებზე სულ მალე გამოჩნდება.

დავით ალთუნაშვილი გვიამბობს, რომ რიტო არის შშმ თევზი, რომელსაც საინტერესო ისტორია გადახდება, მისი მიზანი კი შშმ ბავშვებში თავდაჯერებულობის გაზრდა და იმის გააზრებაა, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან.

„როგორც შევიტყვე, საქართველოში სტატისტიკურად ბევრი შშმ ბავშვია და, ერთი მხრივ, მინდა, რომ თავად ისინი გახდნენ უფრო თავდაჯერებულები და, მეორე მხრივ, ბავშვებმა, რომლებიც დამოუკიდებლები არიან, მიიღონ ისინი მეგობრებად. სწორედ მათი მეტად ადაპტირებაა ჩემი მიზანი და ზღაპარიც ამას ეხმაურება. ევროპაში შშმ ბავშვები და, ზოგადად, შშმ პირები საზოგადოებასთან საკმაოდ ინტეგრირებულები არიან, სწავლობენ, საქმდებიან, ჩვენთან კი ეს ცოტა უჭირთ. საჭირო „მესიჯების“ ბავშვებამდე მიტანა და თავიდანვე გააზრება, რომ შშმ ბავშვები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა ავტორმა.

დავით ალთუნაშვილის შემოქმედება გამოირჩევა თანამედროვეობასთან მაქსიმალური თავსებადობით, საზოგადოებაში არსებული პრობლემების წინ წამოწევითა და ბავშვების ენაზე „თარგმნით“.

„მაქვს სხვადასხვა ზღაპარი ბულინგზე, პუტკუნა თხუნელაზე, რომელიც ოცნებობს ბალერინობაზე, მაგრამ ეუბნებიან, რომ არ უნდა იოცნებოს, რადგან ეს გამხდრებისთვისაა და ა. შ. მგონია, რომ საბავშვო მწერალმა სწორედ ახლანდელ პრობლემებზე უნდა წეროს,“ - განგვიმარტა დავით ალთუნაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გამომცემლობებმა თანამედროვე ავტორებსა და საბავშვო ლიტერატურის განვითარებას ხელი შეუწყოს, რაშიც „პალიტრა L-ს“ თავისი წვლილი შეაქვს.

„პალიტრა L-მა“ ბევრი თანამედროვე ავტორი აღმოაჩინა როგორც საბავშვო, ისე ზრდასრულთა მწერლობაშიც,“ - აღნიშნა მან.

ზღაპრის ილუსტრაციებზე მარიამ პაპუაშვილმა იმუშავა. როგორც ის გვიამბობს, პერსონაჟების ხატვისას მაქსიმალურად ეცადა, მათი ხასიათი გამოეკვეთა და ერთმანეთთან დამოკიდებულება ეჩვენებინა.

„ამ ყველაფრით დიდი სიამოვნება მივიღე და საბოლოოდ „რიტოზე“ მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო ჩემთვის. „რიტო“ სიყვარულით სავსე წიგნია. ეს ზღაპარი ადამიანებს შეუპოვრობას ასწავლის, ყველაფრის მიუხედავად. მთავარი გმირი რიტო განსაკუთრებული თევზია, ფარფლების გარეშე დაიბადა, თუმცა ძალიან ყოჩაღია, რასაც მიზნად ისახავს, ყველაფერს აღწევს და მისი მტკიცე ხასიათი უდავოდ შთამაგონებელი და მისაბაძია მკითხველისთვის,“ - აღნიშნავს ის.

როგორც ილუსტრატორი განმარტავს, ეცადა, წიგნის პერსონაჟებს მაქსიმალურად სახასიათო და ადამიანური გარეგნობა ჰქონოდათ, რათა სათქმელი ახლოს მისულიყო პატარა მკითხველთან და ეს პერსონაჟების თვისებების უკეთ აღქმაში დახმარებოდათ.

„ვიმედოვნებ, ჩემი ილუსტრაციები წიგნის მთავარ სათქმელს უკეთ გააგებინებს ბავშვებს,“ - აღნიშნავს მარიამ პაპუაშვილი.

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2021“ პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა როგორც დამწყებმა, ისე გამოცდილმა ავტორებმა მიიღეს. საბოლოოდ, ჟიურიმ 6 გამარჯვებული შეარჩია. მათი წიგნების გაცნობის საშუალება კი მკითხველს მალე მიეცემა.