"სხვა ბავშვების დაბადების დღე თუ წელიწადში ერთხელ დგება, ნიკასი თითქმის ყოველდღეა... მე გაბრწყინებულ ნიკაში ვხედავ ამ მარტივ ბედნიერებას" - მასწავლებლის ემოციური პოსტი განსაკუთრებულ მოსწავლეზე - მშობლები

"სხვა ბავშვების დაბადების დღე თუ წელიწადში ერთხელ დგება, ნიკასი თითქმის ყოველდღეა... მე გაბრწყინებულ ნიკაში ვხედავ ამ მარტივ ბედნიერებას" - მასწავლებლის ემოციური პოსტი განსაკუთრებულ მოსწავლეზე

2022-01-26 10:55:45+04:00
პედაგოგი და მწერალი ნანა ბეკოშვილი სპეც. საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე წერს ემოციურ ამბავს, რომელსაც თქვენც გიზიარებთ:

"კლასში ნიკა მყავს. ნიკას დიდი ცისფერი თვალები აქვს და როცა სხვა ბავშვებისთვის უბრალოდ თოვს, მინაზე ლოყამიწებებულ ნიკას პირდაპირ თვალებში უცვივა დიდი ცისფერი ფანტელები, მისი თვალებივით ცისფერი.
სხვა ბავშვები თუ ტექსტებს წერენ, ნიკას მხოლოდ ორი ასოს გამოწერა უყვარს, მაგრამ ყველაზე ლამაზად და ყველაზე მონდომებით.
სხვა ბავშვების დაბადების დღე თუ წელიწადში ერთხელ დგება, ნიკასი თითქმის ყოველდღეა. აი, ეს როგორ ხდება: ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, შუა კლასში ჩავკიდებთ ხელებს, შევკრავთ წრეს და ვმღერით: "რა ლამაზი დღეაა, რა ნათელი დღეაა, იმიტომ, რომ დღეს ნიკას დაბადების დღეაა..." წრის შუაგულში ჩამდგარი ნიკა სიხარულისგან ხტის, ტაშს უკრავს და ყველაზე ხმამაღლა იძახის: გი-ლო-ცავ!
ამ პატარა, რამდენიმეწუთიან პოზიტიურ "რიტუალს" სახელად ბედნიერება ჰქვია და ძალიან მარტივია ეს ბედნიერება. მე გაბრწყინებულ ნიკაში ვხედავ ამ მარტივ ბედნიერებას. მჯერა, რომ ნიკა მართლა ყოველდღე იბადება კლასში, ჩვენს თვალწინ...
ან რა მნიშვნელობა აქვს დაბადების თარიღს, მთავარი ხომ ის არის, როგორ გვექცევა სამყარო და რამდენჯერ გვჩუქნის აღმაფრენის წუთებს. თუმცა, ზოგჯერ ადამიანები თავად ჩუქნიან სამყაროს აღმაფრენას. უბრალოდ, ეს ყველაზე კარგად ნიკასნაირებს გამოსდით, როგორც ის ორი ასო, მისგან ლამაზად მოგვირისტებული".