"ოჯახი ე.წ. "დუხოვკით" თბებოდა" - მშობლები და 3 შვილი ბუნებრივი აირის ნამწვს ემსხვერპლნენ - მშობლები

"ოჯახი ე.წ. "დუხოვკით" თბებოდა" - მშობლები და 3 შვილი ბუნებრივი აირის ნამწვს ემსხვერპლნენ

2022-01-29 16:59:55+04:00


მორიგი შემზარავი შემთხვევა მოხდა გლდანში. ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები - დედ-მამა და სამი შვილია. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახი ბინაში რამდენიმე დღის გადასული იყო და ქირით ცხოვრობდა.

მათივე ინფორმაციით, ბინაში ცხედრები ნათესავმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მათთან სტუმრად მივიდა.

ამასთან, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის განცხადებით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოჯახი გაზის ღუმელით, ე.წ. დუხუვკით თბებოდა და ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია.
როგორც ოჯახის ახლობელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გარდაცვლილი ცოლ-ქმარი 30 წლამდე ასაკის იყო, ერთი ბავშვი სკოლის მოსწავლეა, ორი კი მცირეწლოვანი.

"ამ ოჯახის ახლობელი ვარ. ჩემი ახლობელი წინა კვირას შემხვდა - მითხრა, გლდანში ქირით გადავდივართ, 300 ლარს მთავრობა გვიხდის და 200 ლარი ჩვენ უნდა დავამატოთო. როგორც მითხრა, აქ უკეთესი პირობები ექნებოდა. როგორც გავიგე, უბედური შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.
როგორც „თბილისი ენერჯის" განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.
mshoblebi
„დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. უსაფრთხოების ნორმების გათვალიწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია.

ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO-ს დაგროვება ხდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად სავარაუდოა, რომ აღნიშნული ფაქტი ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვექნება პასუხი მომხდარი ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე.

გთხოვთ, არ გარისკოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად. დაიცავით უსაფრთხოების წესები“, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

altგაზით მოწამვლა რომ თავიდან აიცილოთ - პრაქტიკული რჩევები და საეჭვო სიმპტომები