ბოლო 10 წლის განმავლობაში საბჭოთა კინოს ვარსკვლავი, ყველასთვის ცნობილი ლეონიდ კურავლიოვი იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში. იანვრის დასაწყისში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ექიმების ყველა მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსახიობი 85 წლის იყო.
ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი ყველა ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი იყო და ვირუსული პნევმონია დაუდგინეს. გარდა ამისა, გამოკვლევების დროს ექიმებმა მსახიობს სისხლძარღვთა სერიოზული დაავადება აღმოუჩინეს, რის გამოც მისი ტვინის უჯრედები კვდებოდა. სიცოცხლის ბოლო დღეებში მისი მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ დამოუკიდებლად ვერ ჭამდა და საკვებს სპეციალური მილით იღებდა...
ჯერ კიდევ ათი წლის წინ ლეონიდ კურავლიოვი მხიარული და აქტიური ადამიანი იყო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მან საყვარელი ცოლი, ნინა დაკარგა. ნინა ჯერ კიდევ სკოლაში გაიცნო და 52 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ.
"ჩემი მეუღლე ძალიან ლამაზი იყო. ნინა არ ეჭვიანობდა, არაფერში ეჭვი არ ეპარებოდა. მე არასოდეს მიღალატია მისთვის. რატომ? მე უკვე მყავდა საყვარელი ქალი, არ მინდოდა სხვისი ძებნა", - თქვა მსახიობმა ერთხელ ინტერვიუში. და მართლაც, გადასაღებ მოედანზე ფლირტის უფლებასაც კი არ აძლევდა თავს, სამუშაო დღის ბოლოს მაშინვე სახლში გარბოდა, სადაც საყვარელი ნინა ელოდა და როცა მივლინებაში უნდა წასულიყო, ყოველთვის განიცდიდა ცოლთან განშორებას.
მსახიობმა აღიარა, რომ ცხოვრებისეული სიძნელეების არ ეშინოდა, რადგან იცოდა, რომ ცოლი მას ყოველთვის ყველაფერში მხარს დაუჭერდა. ნინა კი მართლაც ყოველთვის მასთან იყო: სიხარულშიც და მწუხარებაშიც. არასოდეს ტრაბახობდა ქმრის დიდებით და მოკრძალებულ ადამიანად დარჩა. ნინა კურავლიოვა სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა, მოგვიანებით ჯერ უფროსი მასწავლებელი გახდა, შემდეგ კი დირექტორი. ლეონიდმა და ნინამ ერთად ორი შვილი გაზარდეს - ვასილი და ეკატერინა.

2012 წელს ოჯახში ტრაგედია მოხდა: ნინა კურავლიოვა ძლიერ სისუსტეს უჩიოდა, მაგრამ, ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დასვეს. შემდეგ კი ქალს ინფარქტი დაემართა და ქმრის მკლავებში დალია სული.

ათი წლის შემდეგაც კი, კურავლიოვი ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან: შეწყვიტა სახლიდან გასვლა, მეგობრებთან საუბარი და ფილმებში თამაში. ცოტა ხნის წინ მსახიობის შვილებმა განაცხადეს, რომ ის დიდი ხანის განმავლობაში ცდილობდა მძიმე დეპრესიასთან ბრძოლას, მაგრამ ვერ დაძლია. ასაკთან ერთად, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც შეექმნა: წონაში დაიკლო და სიარული შეწყვიტა. 2021 წლის ზაფხულში მსახიობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა - დემენცია დაეწყო, რასაც ბრაზისა და აგრესიის გამოხატვის ეპიზოდები ახლდა თან.
მორიგი შეტევის შემდეგ, კურავლიოვის შვილები მიხვდნენ, რომ მასზე დამოუკიდებლად ზრუნვა აღარ შეეძლოთ და მამა მოხუცთა თავშესაფარში გაგზავნეს, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ვასილი და ეკატერინა მსახიობის თაყვანისმცემლებს პასუხობდნენ და ხაზგასმით ამბობდნენ, რომ მათ მამა არ მიუტოვებიათ, უბრალოდ, დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ დაავადებასთან ბრძოლას და ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ლეონიდს თავი მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნო. ექიმების წყალობით, კურავლიოვი მართლაც გამოჯანმრთელდა, საავადმყოფო დატოვა, უფრო გამხიარულდა და ადამიანებთანაც დაიწყო კომუნიკაცია, თუმცა, შემდეგ პნევმონია დაემართა.
მსახიობმა რამდენიმე დღე რეანიმაციაში გაატარა, 21 იანვარს კი ჰოსპისში გადაიყვანეს. ექიმებს პროგნოზის გაკეთება უჭირდათ. საბოლოოდ კი, ლეონიდ კურავლიოვის გარდაცვალების შესახებ მისმა ვაჟმა გამოაქვეყნა ინფორმაცია.
ლეონიდ კურავლიოვი დაიბადა 1936 წლის 8 ოქტომბერს, მოსკოვში ზეინკლისა და სტილისტის ოჯახში. სკოლაში მას ზუსტი მეცნიერებების შესწავლის პრობლემა ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარი თავი შემოქმედებისთვის მიეძღვნა და მსახიობი გამხდარიყო. უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ, რამდენჯერმე გარიცხვის პირას იყო, მაგრამ მაინც შეძლო დასრულება, დიპლომის აღება და 1958 წელს პირველი სერიოზული როლი ითამაშა.

საუკეთესო კომედიური როლები: შურა ბალაგანოვი "ოქროს ხბოში", აფანასი ბორშჩოვი "აფონიაში", ჟორჟ მილოსლავსკი "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას" და ვოლოდკა ზავიტუშკინი "არ შეიძლება იყოს".
მიუხედავად იმისა, რომ კურავლიოვი თავის ქვეყანაში ძალიან ცნობილი იყო, ყოველთვის რჩებოდა ჩაკეტილ ადამიანად და მხოლოდ ახლობლებს ენდობოდა . მსახიობი ცოლის გარდაცვალების შემდეგ სულ ამბობდა, რომ "ნინა ელოდებოდა სამოთხეში." მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მსახიობი იყო, ცოლის სიკვდილის შემდეგ ვეღარ შეძლო თამაში. ბოლო როლი, რომელიც შეასრულა, 2015 წელს ჰქონდა, ამის შემდეგ პროფესიიდან გაქრა.
აღსანიშნავია, რომ მეუღლესთან ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი ჰქონდა. ის ერთი ნახვით შეუყვარდა. მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო, მისი რჩეული კი - 13-ის. თავიდან ლეონიდი და ნინა დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდნენ, მერე, როცა წამოიზარდნენ, შეხვედრა დაიწყეს და 1960 წელს დაქორწინდნენ. ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ბედნიერად ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც ნინა გარდაიცვალა და დაკრძალეს, კურავლიოვმა ბრძანა, მისი სახელიც ამოეკვეთათ საფლავის ქვაზე, ცოლის ინიციალების გვერდით - თარიღის გარეშე.