"მის ამერიკას" ტიტულის მფლობელი ჩესლი კრისტი პოლიციამ ნიუ-იორკში აღმოაჩინა გარდაცვლილი. 30 წლის კრისტის ცხედარი 60-სართულიანი ცათამბჯენის ძირში იპოვეს, სადაც თავად მე-9 სართულზე ცხოვრობდა. უკანასკნელად ის მეზობელმა 29-ე სართულზე ნახა.
პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს. კრისტმა დაწერა ბარათი, რომელშიც ითხოვდა, მისი ქონება დედამისისთვის, ეიპრილ სიმპკინსისთვის გადაეცათ, თუმცა სუიციდის მოტივებზე არაფერს წერდა.
2019 წელს, სილამაზის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ჩესლი ჟურნალისტებთან საუბრობდა მენტალური ჯანმრთელობის თემებზე და ამბობდა, რომ ფსიქოთერაპევტთან დადიოდა. გარდაცვალებამდე ინსტაგრამზე ბოლო პოსტი ასეთი იყო: "დაე ამ დღემ შვება მოგიტანოთ".
კონკურსში მონაწილეობამდე ადვოკატად მუშაობდა, თუმცა ტრიუმფის შემდეგ ტელევიზიაში წამყვანად დაიწყო მუშაობა. კოლეგები მხიარულ და შრომისმოყვარე ადამიანად ახასიათებდნენ.

კრისტი ამბობდა, მისმა გამარჯვებამ ბევრი სტერეოტიპი დაამსხვრია. ის არ იყო თეთრკანიანი, არც მაღალი და განსაკუთრებული სიარულის მანერით. "მე 170 სმ ვარ, საკმაოდ დაკუნთული ჩემი მრავალწლიანი ვარჯიშების წყალობით და თანაც, ხუჭუჭა. ჩემამდე ასეთ "ჩვეულებრივ" გოგოს არ გაუმარჯვია", - ამბობდა კრისტი.
ძიება ალბათ დაადგენს, რა მოხდა სინამდვილეში და თუ ეს თვითმკვლელობაა, რამ მიიყვანა აქამდე წარმატებული ქალი.