ემა ტუხიაშვილი ის ჟურნალისტია, რომელსაც ხან ნამდვილ ქოცად მოიხსენიებენ და ხანაც ნაცად. ეს კი მისთვის ობიექტურობის მთავარი ნიშანია. როგორც თავად ემა აღნიშნავს, საზოგადოებაში, რომელშიც ობიექტურობა გასაკვირია, მაყურებელს ვერ გაურკვევია, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია და სწორედ ეს განსაზღვრავს მისთვის ობიექტურობას.
ემა ჟურნალისტობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და მიზანს მიაღწია კიდეც, თუმცა არ თვლის, რომ უნდა გაჩერდეს. წარმატებული კარიერის პარალელურად, აცხადებს, რომ ის არის ჯერ დედა და მხოლოდ შემდეგ - ჟურნალისტი. კარიერასა და პირადზე, ახლახან დანგრეულ ოჯახსა და მიზნებზე, რომლებსაც მიაღწია და რომლისთვისაც ჯერ არ მიუღწევია, თავად ემა ტუხიაშვილი გვესაუბრება.
- როგორი იყო პატარა ემა? რაზე ოცნებობდა, რა იყო მისი ყველაზე დიდი მიზანი?
- მოგონებები ძალიან ღრმა ბავშვობიდან მაქვს. მშობლების მონათხრობიც მეხმარება ბავშვობის დეტალების აღდგენაში. პატარა ემა ძალიან მატრაკვეცა იყო და ზედმეტსახელად „მიყიდე“ ერქვა. ითხოვდა ყველაფრის ყიდვას. შეიძლება მოსწონებოდა 40 ზომა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლის ყიდვასაც ჯიუტად მოითხოვდა.
პატარა ემა ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და მამას ჰქონდა ერთი ჟესტური ნიშანი, რომლითაც მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩუმებულიყავი. მითხრა, ყველგან შენიშვნას ვერ მოგცემო და რომ განიშნებ, ესე იგი ბევრს ლაპარაკობ და უნდა გაჩუმდეო.
მეც და ჩემი ძმაც ყაზახეთში დავიბადეთ და იქ რუსულ ბაღში დავდიოდით, თუმცა სახლში სულ ქართულად ვლაპარაკობდით და ამიტომ 7 წლის ასაკში, როდესაც საქართველოში დავბრუნდით, ქართულადაც და რუსულადაც გამართულად ვსაუბრობდით. მანამდე კი მხოლოდ ზაფხულობით ჩამოვდიოდი ხოლმე საქართველოში, ბებიასთან მუხრანში. მთელი ბავშვობა მუხრანბატონის სასახლის ეზოში მაქვს გატარებული. ალბათ, ესეც იყო ჩემი შთაგონების წყარო. წარმოვიდგენდი, რომ პრინცესა ვიყავი და მეზობლებისთვის კონცერტებს ვაწყობდი. ძალიან არტისტული ბავშვი ვიყავი. ამავდროულად, მეოცნებე და იდეალისტი ვიყავი, რაც დღემდე შემომრჩა. სულ მგონია, რომ რაღაც შეუძლებელი უნდა მოხდეს. ყველაფრის იმედი მაქვს, სულ რომ არარეალისტურად მეჩვენებოდეს.
- როგორ ფიქრობთ, დღეს ისეთი ხართ, როგორზეც პატარა ემა ოცნებობდა?
- ნაწილობრივ კი. ბავშვობის ოცნება იყო, რომ ტელეწამყვანი გავმხდარიყავი. თუმცა იმ გადასახედიდან ეს ოცნება ძალიან არარეალისტურად ჟღერდა. ყაზახეთიდან დაბრუნებულები დედაქალაქში არ ვცხოვრობდით. ჩემს ბავშვობაში კი ერთადერთი ტელევიზია თბილისში არსებობდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, წამყვანობაზე მეოცნება. მაგიდის ფეხით მიკროფონი გავაკეთე და მისი დახმარებით გადაცემებს ვდგამდი ხოლმე. დღეს მართლაც ამიხდა ეს ოცნება, რაც იმის დამსახურებაა, რომ ძალიან მომთხოვნი და ჯიუტი ვარ, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. თუმცა არ ვჩერდები და უფრო და უფრო მეტი მინდა. სულ ახალი ოცნებები და მიზნები მაქვს. ამიტომაც არის ცხოვრება საინტერესო.
- ვინ არის დღეს ემა ტუხიაშვილი?
- ემა პირველ რიგში არის დედა და ძალიან ბევრ მოვალეობასა და საქმეს ასრულებს ამ კუთხით. დედის შემდეგ არის ადამიანი. ადამიანობის გამო ძალიან ბევრ რამეზე დამიხუჭავს თვალი და გამიტარებია. სამწუხაროდ, ემა აღარ არის შვილი, რადგან არც ერთი მშობელი აღარ ჰყავს ცოცხალი.
ემა არის ჟურნალისტი და ეს ნიშნავს, რომ მისი მაყურებლების დიდი გულშემატკივარი და მეგობარია. თითოეულ გადაცემას დიდი პასუხისმგებლობით ვამზადებ და ამას ყოველდღიურად 5-6 საათს ვუთმობ. ჩემი მიზანია, რომ მაყურებელი ეკრანს მიღმა იმედგაცრუებული არ დავტოვო.
ამ ყველაფრის შემდეგ ემა არის მეგობარი. სამწუხაროდ, დღეს ყველაზე ნაკლები დრო მეგობრებისთვის მრჩება.
22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დღეს აღარ ვარ მეუღლე და ეს იოლი ნამდვილად არ ყოფილა.
- გზაზე, რომელიც აქამდე მოსასვლელად გამოიარეთ, რა იყო ყველაზე რთული?
- მამაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. ყველაზე რთულია, დაელოდო დროს, როდესაც შენი შრომა დაფასდება. უკმაყოფილო არ ვარ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით, თუმცა ჯერ კიდევ ველოდები იმას, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
რთული იყო პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში გადასვლა. ეკონომიკა ძალიან დამეხმარა გადაცემების მომზადებაში, წაყვანაში, სტუმართან ოპონირებასა და თემის გახსნაში. თუმცა პოლიტიკა იყო სრულიად სხვა სამყარო. ამას შევადარებდი ღრმა წყალს, სადაც ჩემით უნდა გამეცურა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც რჩევებს მაძლევდნენ, მაგრამ საბოლოოდ მე ჩემით უნდა გამეკვალა გზა.
- 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დაშორდით. გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეთ?
- დაშორების შემდეგ მე და ჩემს შვილებს ცალკე, ქირით გადასვლა მოგვიწია. ეს მოხდა სრული ლოქდაუნის, კომენდანტის საათის პერიოდში, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა სახლი, რომელშიც, გარდა იმისა, რომ ამდენი წელი გავატარე, ჩემი ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩავდე. ასეთ ვითარებაში თავმოყვარეობა წინ წამოიწევს ხოლმე და ბევრ სხვა მოლოდინს თრგუნავს. ამიტომ არც ერთი დღე და არც ერთი წამი არ დამიხევია უკან.
გადაწყვეტილება ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მიიღო და მე და ჩემს შვილებს ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწია. საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. ვფიქრობ, არსებული სირთულეების მიუხედავად, ადამიანებს არ უნდა ავიწყდებოდეთ, რომ მათ საერთო შვილები ჰყავთ, თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ მე ბევრად უფრო ძლიერი ვარ.
- როგორ ფიქრობთ, კარიერას მიუძღვის როლი თქვენი ოჯახის დანგრევაში?
- კი და უფრო მეტსაც გეტყვით, ლომის წვლილი. ვთვლი, რომ ყველა ადამიანმა უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ კი განვითარების სხვადასხვა ვექტორი ავირჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ დროს ვუთმობდი სამსახურს, ყოველთვის კარგი დედა ვიყავი. არ ვიცი ტიპური ქართული გაგებით, რას ნიშნავს კარგი მეუღლე, მაგრამ ყოველთვის კარგი მეგობარი ვიყავი.
ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც პოლიტიკური გადაცემა ჯერ არც კი მქონდა, ჩემმა მეუღლემ ჩემს სახელსა და გვარზე რამდენჯერმე ისეთი მძაფრი აქცენტი გააკეთა, რომ მივხვდი, წლების შემდეგ ჩემი საქმე პრობლემა გახდებოდა. მას ჩემს სფეროსთან შეხება არ ჰქონდა და ვერც ხვდებოდა, რამდენად ჩართული ვიყავი, რამდენად მიყვარდა.
- ოჯახის დანგრევის პარალელურად, თქვენს პირად ცხოვრებაში საინტერესო სიახლეცაა. თქვენი ქალიშვილი დაოჯახდა. მზად ხართ ბებიობისთვის?
- უბედნიერესი ვარ ამ ამბით. ბავშვები ჩემთვის ყველაფერია. ბებიობისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვარ. უფრო მეტიც, გეტყვით, რომ არა მხოლოდ ბებიობისთვის, არამედ თუ საშუალება მომეცემა, კიდევ ერთხელ დედობისთვისაც კი მზად ვარ. ისე მიყვარს ბავშვები, რომ შემეძლოს, ყველა ბავშვისთვის გავაკეთებდი რამე კარგს.
იხილეთ სრულად