“ბოლო ორ კვირაში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ინფიცირებული მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისა და სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რაოდენობა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას 2-3 კვირით სკოლების სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანას ურჩევენ. 22 იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით მასწავლებელთა 0,8%, ხოლო მოსწავლეების 0,1% იყო ინფიცირებული. ეს ის პერიოდია, როცა საახალწლო არდადეგების შედეგ სწავლა ჯერ კიდევ ერთი კვირის დაწყებული იყო. ამავე ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებოდა სრულად 21 სკოლა და 84 ცალკეული კლასი. 5 თებერვლს კი განათლების სამინისტრომ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-სა და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ასევე 5 თებერვლის მონაცემებით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დახურავენ თუ არა სკოლებს - ინფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა 8-ჯერ, მოსწავლეთა კი 21-ჯერ გაიზარდა.
“კორონავირუსის შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%”, - აცხადებენ განათლების სამინისტროში. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი გააკეთონ დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ამასთან, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლების კოვიდტესტირება სკოლის ექიმებმა დაიწყეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თსსუ-ს პროფესორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება და ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს. სამი დღის წინ, ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე კი აცხადებდა, რომ საავადმყოფოებში დღეს თავისუფალი საწოლები იმის ხარჯზეა, რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა პირველად ჯანდაცვაზე გადავიდა. ამიტომ მომხრეა, რომ რომ 2-3 კვირის განმავლობაში, სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდეს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ქვეყანა კორონავირუსის პიკურ პერიოდში შედის და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმების თავიდან არიდების მიზნით, 1-2 კვირით სასწავლო დაწესებულებების სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა უმჯობესი იქნებოდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“პიკურ მაჩვენებლებში შევდივართ და ამ ეტაპზე შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ სკოლები, მაგალითად, ერთი-ორი კვირით სრულად დისტნციურ სწავლებაზე გადასულიყვნენ. ზოგადად, გავრცელება ძალიან მაღალია და ეს საჭიროა უბრალოდ იმიტომ, რომ ამ ეტაპისთვის იგივე ბავშვთა სავადმყოფოები არ გადაიტვირთოს. გავრცელება მაინც ადრე თუ გვიან მოხდება, ეს კი სიტუაციის მართვის საშუალებას მოგვცემდა. დისტანციური სწავლების დიდხანს გაგრძელება ძალიან არასასურველია, რადგან ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდა თაობა დაზიანდნენ იმით, რომ ბოლო ორი წელია სწავლის პროცესი პრაქტიკულად ექსტრემალურ რეჟიმში მიდის და ეს, რა თქმა უნდა, განათლების ხარისხზე კარგად არ მოქმედებს. ამიტომ ამასთან დაკავშირებით თავის შეკავება და ყოყმანი გასაგებია, რომ სწავლის ეს პროცესი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.
“ეს უნდა იყოს ბოლო ზომა, რომელსაც მივიღებთ. მანამდე სჯობს სხვა შეზღუდვები შემოვიღოთ, ვიდრე ეს. მაგრამ აქ საუბარია, რომ მხოლოდ დროებით, 1-2 კვირა გადავიყვანოთ, არდადეგების გამოცხადების ვარიანტში, ძალიან მოკლე პერიოდით, რომ ეს გავრცელება შევაჩეროთ. დღევანდელი რეგულაციებითაც დაინფიცირების რაღაც პროცენტს რომ აჭარბებს, მერე მაინც ონლაინ გადადიან. ახლა ისედაც მონაცემები მაქსიმალურ მაჩვენებლებზეა და სკოლების სრულად ონლაინ რეჟიმში არგადასვლა ეპიდსიტუაციას ვერ გააუარესებს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსმისია ძალიან მაღალია. საერთოდ, მგონია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის თვლას თავი უნდა დავანებოთ, უნდა ვითვალოთ რამდენია ჰოსპიტალში და რეაგირება ამაზე მოვახდინოთ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემია ის, თუ ინტენსიურ თერაპიაში და ჰოსპიტალში რამდენი ადამიანი ხვდება, მათ შორის ბავშვები. ესაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომ რეაგირებაზე ვიფიქროთ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“ასევე დამატებით რაიმე შეზღუდვაზე თუ რაიმე წახალისებაზე იმისთვის, რომ ადამიანებმა მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და აიცრან, რადგან იგივე მასწავლებლებისთვის აცრა რჩება ყველაზე მთავარ მომენტად, რომ მომავალშიც ასეთი ტიპის დაკეტვები და ასეთი ტიპის თუნდაც კითხვები, რომ დავკეტოთ თუ არა სკოლა და უნივერსიტეტი, ავიცილოთ. მსგავსი ტიპის კითხვები რომ ავიცილოთ, მასწავლებელი და პერსონალი უნდა აიცრნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად ამ პროცესში ვიქნებით”, - დაასკვნის აკაკი ზოიძე. ინფექციონისტი
ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, რეალურად მასწავლებელთა, მოსწავლეთა და სკოლების თანამშრომელთა დაინფიცირების მაჩვენებელი შესაძლოა 3-4-ჯერ მაღალი იყოს. აქედან გამომდინარე იგი მომხრეა, რომ სასწავლო დაწესებულებებში 2-3 კვირით სწავლა სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს”, - დასძენს გამოცემა.
“ეს პროცენტები და ოფიციალური მონაცემები იმ რეალობას არ ასახავს, რაც გვაქვს. ალბათ მასწავლებლებში, მოსწავლეებსა და ზოგადად სასწავლებლის თანამშრომლებში ინფიცირებულების რაოდენობა სამჯერ და ოთხჯერ მაღალია. ჩემი აზრით, ამის განხილვა ადრეც უნდა მომხდარიყო, რადგან “ომიკრონი” სწრაფად ვრცელდება და განსაკუთრებით ისეთ სეგმენტში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები არიან, მობილობის ზრდა, რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაციის გაუარესებას ხელს უწყობს. ჩვენ გვაქვს იმის მონაცებებიც, რომ ჰოსპიტლები და განსაკუთრებით ბავშვთა კლინიკები გადატვირთულია, როგორც ამბულატორიული მიმართვიანობით, ასევე სტაციონარიზაციის გამოც. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე სანამ დაახლოებით კიდევ ორი კვირა ეპიდსიტუაცია საყურადღებო და საგანგაშოა, იმისთვის, რომ მობილობა შემცირდეს და ბავშვებში სწრაფი გავრცელება შევამციროთ, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე გადასულიყვნენ”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.
“სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებით ვიცით, რომ “ომიკრონს” სწრაფი გავრცელება ახასიათებს. აქედან გამომდინარე, 2-3 კვირით სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა განათლების სისტემას ძალიან არ დააზარალებდა და სამაგიეროდ ეპიდსიტუაციას სტაბილიზაციაში მოეხმარებოდა, ამიტომ მე ამის მომხრე ვარ და ვთვლი, რომ ამ ყველაფრის განხილვა ცოტა ადრეც შეიძლებოდა. შეიძლება თუ არა სკოლები სრულიად დისტანციურ რეჟიმში გადავიდნენ, ამაზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, ჩემი აზრით, ამ საკითხზე მსჯელობა უნდა მიდიოდეს და საკოორდინაციო საბჭომ უნდა განიხილოს და ამ ეტაპზე სწავლის ონლაინ გაგრძელება ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა მიაჩნდეს იმისთვის, რომ მკვეთრად გაუარესებული ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს”, - ამბობს გოგინავა.
პრესის მიმოხილვა სრულად იხილეთ "ინტერპრესნიუსზე"