სოციალურ ქსელში, სხვადასხვა თემატურ ჯგუფში ხშირად წერენ დედები, რომ ძალიან გადაღლილები არიან, შვილებთან ურთიერთობა ძალიან ღლით და სულ კონფლიქტური სიტუაცია ექმნებათ. ხშირად მათ სხვა ქალებიც ეხმაურებიან და საკუთარ ემოციურ მდგომარეობას უზიარებენ, ზოგჯერ კი კრიტიკის ობიექტები ხდებიან და "ცუდი დედის" სტატუსს იღებენ. ცოტა ხნის წინ ერთმა დედამ ჩვენც მოგვწერა მსგავსი შინაარსის წერილი:
"ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ და ვეღარ ვუძლებ ამ წნეხს. ვიცი, რომ დედობა ბედნიერებაა და ჩემი სურვილით გავაჩინე შვილები ნამდვილად, მაგრამ ალბათ ჩემს ნერვებს, ძალებს აღემატება ის ენერგია, რაც დედობას სჭირდება. ფიზიკურად და მორალურად ვეღარ ვუძლებ ამ ტვირთს და პასუხისმგებლობას. გაბრაზებული ხშირად ვსჯი კიდეც, მიცემია კიდეც ბავშვები და ვიცი ნამდვილად, რომ ასე არ შეიძლება და ცუდად ვიქცევი, მაგრამ მიჭირს საკუთარი თავის გაკონტროლება. იქნებ დამეხმაროთ, როგორ მოვიქცე?"
ამ თემაზე სასაუბროდ დავითიანის ცენტრის ხელმძღვანელს, ფსიქოლოგ
ნინო კერესელიძეს მივმართეთ:

- ძალიან მნიშვნელოვანია, ქალი მშობლობის ნაწილს როგორ აღიქვამს. გარდა ამისა, რამდენად აქვს ამისთვის ფსიქოემოციური მზაობა. როდესაც მზაობა ძალიან დაბალია და რეალობა, რომელსაც ვეჯახებით, არ გვაქვს შესწავლილი, რა თქმა უნდა, ეს შემდგომში რთულ ადაპტაციას განაპირობებს. ასევე, მნიშვნელოვანია და არ უნდა გამოგვრჩეს, პოსტსამშობიარო დეპრესია, რომელიც შესაძლოა ხშირად განვითარდეს ქალებში. როდესაც ადამიანს ემოციურად გადამწვარი ფონი აქვს და მისთვის ასეთი რთულია კომუნიკაცია ბავშვებთან, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ქალმა გაითვალისწინოს თავისი პირადი სივრცის ნაწილი. სად არის თავად, სად აქვს პირადი სივრცე, როგორ შეუძლია კონტაქტი საკუთარ თავთან, გააანალიზოს, რა უშლის ხელს ურთიერთობაში, ზუსტად რა ნაწილია, რომელიც მას აღიზიანებს. შესაძლოა, ეს იყოს დალაგების ან საკვების მომზადების პროცესი და არა ბავშვთან კომუნიკაციის და რეალურად, მთელი თავისი ბრაზი და შინაგანად დაგროვილი ნეგატიური ემოცია შვილთან ურთიერთობაში გადაჰქონდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინონ საკუთარი ხმის ტონი. გავაცნობიეროთ, როგორ ვესაუბრებით ბავშვებს, რომ უკეთესი კომუნიკაცია დავამყაროთ ერთმანეთთან. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ დედამ თავის გარშემო მოძებნოს ადამიანები, რომლებსაც გაუზიარებს ემოციებს და მხარდაჭერას იგრძნობს. ეს შეიძლება იყოს მეუღლე, დედა, სპეციალისტი. როდესაც გარკვეული პრობლემის წინაშე მარტონი ვრჩებით და განცდა გვაქვს, რომ არავინ გვიდგას გვერდით, რა თქმა უნდა, აპათიაში ვვარდებით და უფრო რთულდება ასეთი ემოციური ფონი. შესაბამისად, პირველი, მხარდაჭერისა და დახმარების მოთხოვნაა. ვინაიდან, არასდროს ვიცით ადამიანს ზუსტად რა ტიპის დახმარება ესაჭიროება, თუკი არ გააჟღერებს და არ იტყვის ამის შესახებ.
- რა მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს ოჯახის მხარდაჭერას?
- ოჯახის მხარდაჭერა არსებითია, რადგან, თუ პასუხისმგებლობასა და როლებს ვინაწილებთ, ერთმანეთის გვესმის და შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს ემოციების გამოთავისუფლებაში, მსგავსი პრობლემის წინაშე ხშირად აღარ აღმოვჩნდებით ხოლმე. შესაბამისად, თუ ოჯახის წევრები ერთმანეთს უსმენენ და ჯანსაღ კომუნიკაციაში აქვთ, ბევრად მარტივია თანაცხოვრება.
- როდესაც დედები მსგავსი შინაარსის პოსტებს ათავსებენ ხოლმე სოციალურ ქსელში, ხშირად ბულინგის მსხვერპლნი ხდებიან სხვა ქალების მხრიდან. ეუბნებიან, რომ "ცუდი დედაა", როგორ შეიძლება შვილზე ასეთი რამ იფიქროს და ასე შემდეგ. რა შეგიძლიათ უთხრათ ქალებს, რომლებიც უარყოფითად ეხმაურებიან ხოლმე მსგავსი შინაარსის პოსტებს?
- არის სიტუაციები, როდესაც მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან აღვიქვამთ პრობლემას. ეს იქნება დედობა, დაღლის ხარისხი თუ სხვა. თუ 5 შვილი მყავს და კარგად ვუმკლავდები ოჯახურ სიტუაციას, შემიძლია ჯანსაღი კომუნიკაცია ბავშვთან, ეს არ ნიშნავს, რომ სხვასაც იგივე ფსიქოემოციური რესურსი აქვს, რომ ეს განახორციელოს. ან თუნდაც იგივე მხარდაჭერა ოჯახისა და მეუღლის მხრიდან, რომელიც მსგავს სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლობა არ ნიშნავს მხოლოდ დედის მხრიდან მშობლობას. წყვილის პასუხისმგებლობები გადანაწილებული უნდა იყოს. როდესაც ქალების დიდი ნაწილი საკუთარი ვიწრო პრიზმიდან უყურებს პრობლემას, ამას, ერთი მხრივ, ბულინგის ფორმა აქვს მიღებული. ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ კარგი მშობლები არიან. აქაც ინდივიდუალურ, პიროვნულ შეფასებამდე მივდივართ, რადგან როდესაც შეურაცხმყოფელი, გამაკრიტიკებელი კომენტარები ჩნდება, ამ დროს ცდილობენ, საკუთარი თავი და პოზიციონირება წარმოაჩინონ. სამაგიეროდ, რისი დათმობა უწევთ, რამდენ სირთულეს აწყდებიან ან რამდენჯერ იტირეს ჩუმად საბანში, საჯაროდ არ ამბობენ. მხოლოდ პოზიტიურ და ძლიერ ნაწილზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს.
- რა შეგიძლიათ ურჩიოთ დედებს, რომლებიც მსგავს პრობლემას ებრძვიან, უჭირთ შვილებთან კომუნიკაცია დ აქვთ მძიმე ემოციური მდგომარეობა?
- პირველ რიგში, მინდა მათ ვუთხრა, რომ ბავშვები არ მოსულან ამ ქვეყნად იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება გააუბედურონ ან გაახალისონ. ისინი მოვიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად გარკვეული დროის განმავლობაში იყვნენ. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობაა, თუნდაც 18 წლამდე მაქსიმალურად ვიზრუნოთ და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. როდესაც ადამიანი მშობელი ხდება, ის უკვე იღებს პასუხისმგებლობას და აცხადებს მზაობას, რომ შვილთან ერთად იყოს, მისთვის რთულ პერიოდში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თავზე, ემოციურ მდგომარეობაზეც ვიზრუნოთ. გადავხედოთ ინფორმაციას, შევისწავლოთ წინასწარ, დაახლოებით რისთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ მოლოდინები რეალობას არ ასცდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია,რომ არ დაკარგონ საკუთარ თავში ქალის ნაწილი და მთლიანად დედა არ გახდნენ. ასეთ დროს, როდესაც ქალისგან მხოლოდ დედა რჩება, არასრულფასოვნების განცდა აქვთ. თუ ამაში გარემოც ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, სიტუაცია რთულდება. ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი როლია, მაგრამ საკუთარ თავზეც უნდა ვიზრუნოთ.
თამარ იაკობაშვილი