"გოგონა, რომელმაც ორჯერ საშინელ სენს გამოგლიჯა კლანჭებიდან თავისი ერთადერთი შვილი, დღეს თვითონ წავიდა ამ ქვეყნიდან" - კარინა გრიგორიანს უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი ემშვიდობება - მშობლები
კარინა გრიგორიანი, რომელსაც საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში გულშემატკივრობდა, დღეს გარდაიცვალა. კარინას 5 წლის შვილი, ქეთი, ორი წელია ლეიკემიას ებრძვის. ბავშვს ჯერ საქართველოში მკურნალობდნენ, მოგვიანებით კი მისი საზღვარგარეთ წაყვანა გახდა საჭირო. პატარა ქეთი მშობლებთან ერთად იტალიაში გაფრინდა, სადაც ძვლის ტვინის გადანერგვა გახდა საჭირო. კარინა შვილის დონორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე ანალიზებზე მისული შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. შვილის სამკურნალოდ უცხო ქვეყანაში ჩასულს მოულოდნელად მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - მელანომის მეოთხე სტადია...
ბავშვს ძვლის ტვინი მამამ გადაუნერგა. დღეს გოგონა რეაბილიტაციის კურსს გადის და თავს კარგად გრძნობს. კარინამ კი დიაგნოზის დასმის შემდეგ მხოლო ექვს თვეს იცოცხლა. ის დღეს იტალიაში გარდაიცვალა. „აღმოჩნდა რომ მაქვს კიბო მეოთხე სტადიის. ამ დღეებში ადვოკატმა შემომთავაზა დახმარება როგორც აღმოჩნდა, იმ საბუთის გაკეთება, რომელიც მჭირდება უპრობლემოდ შეიძლება, თუმცა უნდა ერთი ორო თვე. იმედია გავძლებ იქამდე. ამასობაში კი სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობ ახალი ტალღა აგორდა. დათოს სთხოვენ (მეუღლეს), რომ მე საქართველოში წავიდე, რადგან არ უნდათ, რომ აქ მოვკვდე. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ წუთას სიცოცხლისთვის შეუსაბამო ნიშნები არ მაქვს“, - წერდა კარინა ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში.
მისი გარდაცვალების ფაქტს გულისტკივილით არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. „იბრძოლა, იომა, ქვა-ქვაზე არ დატოვა და თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფი ერთადერთი შვილი გადაარჩინა! თვითონ კი უკურნებელი სენი აღმოაჩნდა და მეტს ვეღარ გაუძლო. ყოველთვის, როცა სიტყვას „დედა“-ს გავიგებ, შენ გამახსენდები, მეგობარო“, - წერს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
„როცა დედაშვილობაზე რამე ისტორია მექნება მოსაყოლი, აუცილებლად შენი და ქეითის დედაშვილობაზე და განწირულ სიცოცხლეზე მოვყვები. გოგონა, რომელმაც ორჯერ საშინელ სენს გამოგლიჯა კლანჭებიდან თავისი ერთადერთი შვილი, დღეს თვითონ წავიდა ამ ქვეყნიდან. უკურნებელ სენთან ბრძოლისთვის დრო აღარ დარჩა, რადგან ის ჯერ ქეითის დედა იყო და მერე კარინა! ძალიან ძალიან მტკივა კარინა ასეთი დასასრული. ქეითის გმირო დედიკო“, - წერს ქველმოქმედი სალო სამუშია.