საქართველოში კოვიდინფექციის ტესტირების შედეგად გამოვლენილი დადებითობის მაჩვენებელი ნელ-ნელა მცირდება, ინფიცირების დღიური მაჩვენებელიც რამდენიმე დღეა თითქმის ერთ დონეზეა და მკვეთრი მატება არ ყოფილა. რაც შეეხება “ომიკრონის” რეინფიცირების შემთხვევებს, ლაბორატორიულად ჯერ საქართველოში დადასტურებული არაა, თუმცა, ინფექციონისტები იმედოვნებენ, რომ მსუბუქი მიმდინარეობის იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შემთხვევაში დასრულდება პანდემიის მწვავე ფაზა წელსვე.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ის რომ პანდემიის მწვავე ფაზა წელსვე დასრულდეს, დამოკიდებულია იმაზე, წამოვა თუ არა ახალი უფრო სახიფათო შტამი. მისი შეფასებით, “ომიკრონგადტანილის” ისევ “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევა პრაქტიკაში ჯერ არ ჰქონია, თუმცა, ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე იმედოვნებს, რომ მსუბუქი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ვირუსმა იმდენად განსხვავებული მიმართულებები გვაჩვენა, შესაძლოა ეს ვარიანტი აღარ იყოს და მერე ახალი წამოვიდეს. მთავარია, რომ აცრა დროულად მოხდეს და ვირუსს განვითარების, ანუ მუტაციის შესაძლებლობა აღარ მიეცეს. მე ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში ჯერ არ მქონია, ჯერ ასე აქტიურად არაა. ძირითადად “დელტა” და კლასიკური შტამით ადრე გადატანილი ხალხის რეინფიცირებაა. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და ერთი და ორი არაა. უმეტესწილად თითქოს უსიმპტომოდ, ან ნაკლებად გამოხატული სიმპტომატიკით მიმდინარეობს. თუ ომიკრონგადატანილი ისევ “ომიკრონით” დაინფიცირდება, ალბათ უნდა ვიფიქროთ, რომ შედარებით მაინც მსუბუქი იქნება. თვითონ შტამიც ჯერჯერობით მსუბუქად მიმდინარე დაავადების გამომწვევი აღმოჩნდა და თუ დაავადებულთა რაოდენობამ ძალიან მოიმატა და ისევ კიდევ რაღაცა მუტაცია თუ არ მოხდა და ასე გაგრძელდა, ეს ძალიან კარგი იქნება. თუმცაღა, სამწუხაროდ გარდაცვლილები მაინც გვყავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.
“გარდაცვლილთა რიცხვი მოიმატებს თუ მოიკლებს, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია. თუ გინდა ამას არა “ომიკრონი”, არამედ ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია დავარქვათ, საქართველოსთვის ყოველდღე ამდენი ადამიანის დაკარგვა ძალიან ბევრია, თუმცა ჩვეულებრივი გრიპით აშშ-ში ყოველ წელს 500 ათას ადამიანამდე კვდება. საქმე იმაშია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა და ამის ფონზე ლეტალობის ამხელა რიცხვი გასაკვირი არაა. ნუ გვავიწყდება, რომ 1000-1500 შემთხვევა იყო და გარდაცვლილთა რიცხვი მაშინ უფრო მაღალი იყო, როცა დელტა შტამი ცირკულირებდა... ყოველთვის ცუდზე უნდა ვიფიქროთ, რომ კარგი მივიღოთ. ვამბობდით, რომ ეს ტალღა რომ გადაივლის, მომდევნო აღარ იქნებოდა, ვერც წარმოვიდგენდით, რომ მუტაცია იქნებოდა და ასე სწრაფად შეცვლიდა. იმის ლაპარაკი, რომ არაფერი შეიცვლება და ყველაფერი კიარგად იქნება, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ცუდი სცენარისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ”, - მიიჩნევს ხმალაძე.
“თუმცა, ერთადერთი დადებითი ფაქტია, თუ ამას კარგი შეიძლება დაერქვას, ისაა, რომ ვირულენტურობა შემცირდა და გადამდებლობა გაიზარდა, სჯობს ადამიანმა ვირუსი გადაიტანოს, ვიდრე დაიღუპოს”, - დაასკვნის ხმალაძე. “ანტივაქსერების აცრა სახელად - ომიკრონი. სამწუხაროდ ისეთივე უსაფრთხო არაა, როგორც ნამდვილი ვაქცინა. ვისაც ამ სხვაობის დანახვა შეუძლია, მალე აიცერით!!!” - წერს ალერგიოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქზე. “ომიკრონის” სწრაფი გავრცელების გამო, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში გრძელდება, ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა”, - განაგრძობს გამოცემა.“გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ „პისიარ” ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი - კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით. როგორც ცნობილია, 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირებას სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმები ატარებენ. იმ სკოლებში კი, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი კვლავ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება სკოლების მონიტორინგი”,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი, სუმია სვამინატანი კი პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს და აცხადებს, რომ მსოფლიომ პანდემიის დასასრულს ჯერ კიდევ არ მიაღწია, რადგან კორონავირუსის უფრო მეტი ახალი ვარიანტი გაჩნდება”, - დასძენს გამოცემა.
იხილეთ პრესის მიმოხილვის სრული ვერსია "ინტერპრესნიუსზე"