კომბოსტოს საფენი, თოხლო კვერცხი, არყის სავლები - მარი მალაზონია ყელის ტკივილისთვის საზოგადოებაში გავრცელებული საშუალებების შესახებ - მშობლები

კომბოსტოს საფენი, თოხლო კვერცხი, არყის სავლები - მარი მალაზონია ყელის ტკივილისთვის საზოგადოებაში გავრცელებული საშუალებების შესახებ

2022-02-23 09:40:44+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს ყელის ტკივილის გასაყუჩებლად საზოგადოებაში გავრცელებული საშუალებების შესახებ და გვიყვება, რატომ არ არის კომბოსტოს საფენისა და უმი კვერცხის გამოყენება კარგი არჩევანი.- რატომ არ გირჩევთ და რატომ არასოდეს გვისაუბრია გადაცემაში, რომ ყელის ტკივილის დროს კომბოსტოს საფენი გავუკეთოთ ბავშვს? ბუნებრივია, კომბოსტო შეგვიძლია ბავშვის გასაგრილებლად გამოვიყენოთ, თუ ამისთვის სხვა საშუალება არ გვაქვს, მაგრამ გაცილებით ხელმისაწვდომი აღმოჩნდა იმის გააზრება, რომ კომბოსტო არა უბრალოდ აგრილებს, არამედ კომპრესის ფუნქციასაც ასრულებს და ხშირ შემთხვევაში, ოფლის წარმოქმნას, ჩახურებას შეიძლება ხელი შეუწყოს. მეორე მხრივ, გვაქვს წყალი. წყალში დასველებული, მაგრად გაწურული ტილო, რომლითაც შეიძლება ბავშვს კანის ზედაპირი დავუმუშაოთ და დავეხმაროთ გაგრილებაში. ასევე, რატომ არ ვსაუბრობთ ყელის ტკივილის დროს უმი, თოხლო კვერცხის გამოყენების შესახებ. უმი კვერცხი მოხარშული კვერცხისგან ბევრი პარამეტრით განსხვავდება, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოებაა. როდესაც უმ კვერცხზე ვლაპარაკობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თერმულად დამუშავებული არ არის. სალმონელოზის რისკი გაცილებით უფრო მაღალია. თუ ერთი ინფექცია ისედაც აქვს ადამიანს,დამატებითი რისკების შექმნა არ არის საჭირო. მოგეხსენებათ კვერცხი ცილით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საკვები ნივთიერებაა. კვლების შედეგად, ერთმანეთს შეადარეს, უმი ცილის მირთმევის შემთხვევაში როგორ ხდება ცილის შეთვისება და მაგრად მოხარშული კვერცხის შემთხვევაში - როგორ. ის, რომ მოხარშული კვერცხის შემთხვევაში ცილა ფიფქივით გათეთრებულია, იმას ნიშნავს, რომ ცილის მოლეკულები დაშლილია და ბევრად უფრო ადვილად შეთვისებადია ადამიანის ორგანიზმისათვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ავად ვართ, ადვილად შეთვისებადი ცილა გვჭირდება. როდესაც მეკითხებით, ნაჭრით კვერცხის ცილა ყელზე საფენად გამოვიყენოთ თუ არა, ეს ზუსტად ისეთივე კომპრესის ფუნქციას ასრულებს, რომელზეც ვსაუბრობთ. მაყურებლის კითხვა, მდუღარე ზეთი, რომელიც წიწაკასთან ერთად ადუღეს, სავლებად კარგი იქნება თუ არა... წარმოვიდგინოთ ის ნიშნები, რომლებიც ანთებას ახასიათებს: სიწითლე, შეშუპება, ტკივილი, ტემპერატურა, ფუქციის მოშლა და ამას დავამატეთ ცხელი ზეთი, მასში მოდუღებული წიწაკა, რომელშიც მთელი სიმწარეა გადასული, რამდენად დამზოგავი იქნება? ყელის ტკივილის დროს მექანიკურად უნდა დავზოგოთ ყელი, ანუ დაქუცმაცებული პროდუქტი მივიღოთ და დავზოგოთ ქიმიურადაც, ანუ არ გამოვიყენოთ უკიდურესად გამღიზიანებლები. ასეთ შემთხვევაში, ამ მთავარ პრინციპს დავარღვევთ. კიდევ ერთი, არყის საფენი ყელზე ან არყის სავლები ყელში - სახელდახელოდ, რა თქმა უნდა, ჭრილობაც შეიძლება არყით ჩამოვიბანოთ და სხვადასხვა შემთხვევაში გამოვიყენოთ, მაგალითად მარილიანი წყლის სავლები, ფიზიოლოგიური ხსნარის სავლები ბევრად უკეთესია, ვიდრე ის.