ოჯახი, რომლის შესახებაც ახლა უნდა მოგითხროთ, დიდ ტკივილს ატარებდა წლების მანძილზე და ახლა მიეცათ იმედი, რომ შესაძლოა, მათი შვილები ცოცხლები არიან და სადღაც, მშობლებისგან არცთუ ისე შორს იზრდებიან. ცოლ-ქმარმა ორჯერ დაკარგა ტყუპი შვილები, თან ისე, რომ მათი სითბოს შეგრძნება ვერც მოახერხეს...
"ვეძებთ 4 ბავშვს! 1987 წლის აპრილში ოჯახმა დაკარგა ტყუპი - ბიჭი და გოგონა, ხოლო 1990 წლის 8 მარტს - ტყუპი გოგონა. მათი დაბადება არ ფიქსირდება არც საჯარო რეესტრში და არც ე.წ. სიმართლის წიგნში. ყველაფერი გააქრეს. ტესტიც ყველას გაკეთებული გვაქვს. აღარ არსებობს სხვა გზა, ხალხის დახმარების გარდა. გემუდარებით, შეხედეთ თანდართულ ფოტოებს - იქნებ ვინმეს მიამსგავსოთ. პატარა ინფორმაციაც კი ძალიან მნიშვნელოვანია!.. აღარც მახსოვს, როდის მეძინა მშვიდად. სხეული კი არა, სული მტკივა. როგორ ვერ გპოულობთ? ყველა გზა მოგვეჭრა, თითქოს. ერთადერთი იმედია, იქნებ ტესტი გაიკეთოთ. ოჯახიდან 5 ადამიანს გვაქვს გაკეთებული და ჩვენი მონაცემები მსოფლიო ბაზაშია. თქვენ ჩემი დისშვილი ხართ! შემოგევლოთ დეიდა, გამოჩნდით, გთხოვთ... გელოდებით!" - ეს პოსტი თამარ კანდელაკს ეკუთვნის. მისი მეშვეობით ტყუპის დედას, ქალბატონ ნინოს დავუკავშირდით, რომელმაც ემოციურად ისაუბრა და გაიხსენა ის ტკივილიანი დღეები, რომელიც მისთვის რთულად გადასატანი გახდა...
- 1987 წელს თემქაზე, მეხუთე სამშობიაროში მომათავსეს ნაყოფის შენარჩუნების მიზნით. ექიმები შიშობდნენ, სისხლდენა არ დამწყებოდა და შედეგად, მუცლადმყოფი პატარები არ დამეკარგა. როდესაც 7 თვის ორსული ვიყავი ან ცოტა მეტის, მათი ეჭვი გამართლდა, სისხლდენა დამეწყო. ვინაიდან ძალაგამოცლილი ვიყავი, მითხრეს, - დაგაძინებთ და ისე გამშობიარებთ, რომ გაგიადვილდესო. ამ სამშობიაროში მუშაობდა ქალბატონი, სახელად ჟუჟუნა, რომელიც საავადმყოფოში მყოფს ძალიან დამიმეგობრდა და რადგან მშობიარობა მოულოდნელად დამეწყო, ჩემი ახლობლები კი იქ არ იყვნენ, ამ ქალს ვთხოვე, არ მივეტოვებინე. ჟუჟუნას ჩემი ხელი ხელში ეჭირა და მშობიარობის შემდეგ რომ გამოვფხიზლდი, ისევ ჩემ გვერდით იყო... ბავშვები რომ მოვიკითხე, მითხრა: ძალიან ცუდი მშობიარობა გქონდა, შენი შვილები ცოცხლები არ არიანო. ერთი ნაყოფი ხელით წამოვიდა, მეორე - ფეხით და მათი გამოსვლისას ისეთი სისხლდენა აგიტყდა, ძლივს გადაგარჩინეს, ბავშვები კი ასე მოისროლესო, - ხელით ჰაერი მოხაზა. ისიც დასძინა, უკვე დიდები იყვნენ, გოგო და ბიჭი, აი, ამხელა ტერფები ჰქონდათო, - ესეც ხელით მიჩვენა... გავგიჟდი, რას ნიშნავს, ბავშვები მოისროლეს-მეთქი და ნერვიულობისგან ისევ სისხლდენა დამეწყო. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს...
მას მერე, რაც მოპარულ ბავშვებზე ამდენი ამბავი იწერება და მეც დავიწყე ძებნა, გავიგე, რომ, თურმე, როცა ჩემი ოჯახის წევრები მივიდნენ სამშობიაროში და ბავშვები მოიკითხეს, მათ უთხრეს, ნაყოფის დანაწევრება და ასე გამოტანა მოგვიხდა, სხვა გზა არ იყოო. მაშინ ეს ჩემთვის არავის უთქვამს. ახლა ვფიქრობ, რომ მაშინაც მოგვატყუეს, როგორც მოგვიანებით, 1990 წლის 8 მარტს, როცა მეორედ ვიმშობიარე ტყუპზე და სამშობიაროდან ისევ ხელცარიელი გამოვედი...
ამჯერად პირველ სამშობიაროში, ნახალოვკაში მიმიყვანეს, მაშინ 8 თვის ორსული გახლდით. წყალი ნაადრევად დავღვარე. სამშობიაროში გვითხრეს, - რადგან 8 მარტია, დასვენების დღე, მარტო ერთი მორიგე ექიმია, მალე ვერ მოგხედავსო. სხვა რა გზა იყო და დავრჩი. იმ ღამით ვიმშობიარე. მეორე დღეს, ბავშვები რომ არ მომიყვანეს, შევწუხდი, შემეშინდა და ძლივს წამოვდექი, მივედი ბავშვების ოთახში და დავმშვიდდი, რადგან ორივე ვნახე. ერთს ჰქონდა ცისფერი თვალები, ქერა თმა და მე ძალიან მგავდა, ნიკაპიც კი ჩემსავით ეკეცებოდა, მეორეს ეძინა, მისი თვალის ფერი არ მინახავს, მაგრამ ძალიან ჰგავდა ჩემს მეუღლეს, თეთრი სახე და შავი თმა ჰქონდა... მეორე დღეს შოკი მივიღე, რადგან მითხრეს, ბავშვები მოკვდნენო. ისევ ძალიან ცუდად გავხდი. ჩემი ქმარი ლამის გადარეულა, დაულეწავს ყველაფერი, - ან ცოცხლები მაჩვენეთ, ან მკვდრებიო. არ ანახვეს. აყალმაყალის შემდეგ ერთ-ერთ ექთანს გარეთ გაუყვანია: ძმაო, არ გინდა, გთხოვ. გაჩვენებთ, მაგრამ რატომ იწვალებთ თავს, მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყებთ გარდაცვლილი ბავშვების სახეებსო. ხომ იცით, კაცები უფრო სუსტი გულის პატრონები არიან, ვიდრე ქალები და დაიხია უკან. მე მაშინ ბრძოლის თავი არ მქონდა, მერე კი დამარწმუნეს, რომ ცოცხლები აღარ იყვნენ...
განაგრძეთ კითხვა