"დედა რომ ამერიკაში წავიდა, თითქოს იქ დამთავრდა ჩემი ბავშვობა, თუმცა..." - 16 წლის ნიჭიერი ქართველი მოსწავლე, რომლის წიგნიც ამერიკაში დაიბეჭდა - მშობლები

"დედა რომ ამერიკაში წავიდა, თითქოს იქ დამთავრდა ჩემი ბავშვობა, თუმცა..." - 16 წლის ნიჭიერი ქართველი მოსწავლე, რომლის წიგნიც ამერიკაში დაიბეჭდა

2022-02-23 15:30:31+04:00
ანდრო ჩხვიმიანი 16 წლის ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლის პირველი ილუსტრირებული წიგნი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბეჭდა. ამაზონზე და სხვა უცხოურ საიტებზე წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამიტომ მეორე წიგნს თბილისში ბეჭდავს... თუმცა ანდროს წერისა და ხატვის გარდა სხვა ბევრი საინტერესო გატაცებაც აქვს, მოსაყოლიც დაუგროვდა, რომელთა შესახებაც mshoblebi.ge-ს თვითონვე უამბობს:

- ამჟამად საერთაშორისო სკოლა QSI-ში ვსწავლობ და ამ სკოლის სტიპენდიანტი ვარ, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველ წელს რომ სტიპენდია შევინარჩუნო, მხოლოდ წარჩინებით სწავლა, რა თქმა უნდა, არ კმარა. 
სხვათა შორის, ყოველთვის მხიარული და მეოცნებე ბავშვი ვიყავი – მუდამ სხვადასხვა გატაცებით თავბრუდახვეული. პატარაობისას „საბავშვო კარუსელი“ მიყვარდა, ხატვა, წერა-კითხვა და კროსვორდების ამოხსნა მგონი ამ ჟურნალმა მასწავლა. 
9 წლის რომ გავხდი, თითქოს ყველაფერი შეიცვალა გარშემო. დედა ამერიკაში წავიდა და... თითქოს მანდ დამთავრდა ჩემი ბავშვობა. მერე სულ ვცდილობდი, საინტერესო საქმიანობით დავკავებულიყავი, გული რომ გადამეყოლებინა და მონატრებასაც გავმკლავებოდი.
mshoblebi
უმცროს ძმასთან და დედასთან ერთად

შეიძლება ითქვას, გამიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ დედა ოკეანის გაღმა იყო, ყოველთვის ერთვებოდა ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ყველა ახირება საფუძვლიან „აქტივობებში“ გადავიტანეთ. მაგალითად, ერთ ზაფხულს ჰერბალურმა მედიცინამ გამიტაცა. ყველა სამკურნალო მცენარე მაინტერესებდა. დედას რომ ვუთხარი, უამრავი ენციკლოპედიური ხასიათის წიგნი გამომიგზავნა ამერიკიდან. რა თქმა უნდა, ყველა ინგლისურად იყო. ინგლისური ვიცოდი, მაგრამ ისე კარგად ნამდვილად არა, რომ ამ სქელყდიან წიგნებში რა ეწერა, ყველაფერი გამეგო. მიუხედავად ამისა, დავჯექი და ლექსიკონების დახმარებით საფუძვლიანად შევისწავლე მცენარეები. თან მთელი ზაფხული ვაგროვებდი, ვახმობდი, ვნაყავდი ან წიგნებში ვინახავდი. ხან მალამო მოვამზადე და ხანაც ნაყენი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ჩემ გარშემო ვინ რას წამოიტკივებდა, ყოველთვის ვთავაზობდი ჩემს წამლებს და რა თქმა უნდა, ყველას ეღიმებოდა. 10-11 წლის ბიჭი რომ ნაყენს ან მალამოს მოგაწვდის, ეს გიშველისო, როგორი ამბავია!.. საინტერესო ის არის, რომ იმ ზაფხულს თითქმის ამოვწურე ეს გატაცება და არც მივბრუნებულვარ მცენარეებისკენ.
mshoblebi
ლარპის ვარჯიშზე

შემდეგ წელს ლარპით დავინტერესდი. ლარპი არის ნახევრად კონტაქტური თამაში, რომელიც ვითარდება რეალურ პირთა მიერ წინასწარ განსაზღვრულ და შექმნილ წარმოსახვით გარემოში, წინასწარ შემუშავებული და გათვლილი პერსონაჟებით. ლარპის ყველა მონაწილე ემოციურადაა დაკავშირებული „გმირთან“, რომელსაც ასახიერებს. ლარპი გაცოცხლებული ბრძოლაა – მისი მოთამაშეები იყენებენ ბუტაფორიულ, რბილი მასალისგან დაფარულ იარაღებს, ფარებსა და შუბებს, რომ ერთმანეთი არ დააზიანონ. მოკლედ, ჩემებს რომ ვუთხარი, ლარპის ჯგუფში ვაპირებდი თამაშს, კი გაუკვირდათ, მაგრამ დედამ, როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად შემიწყო ხელი, რომ შესაფერისი კოსტიუმი და იარაღი სწორად მოგვემზადებინა. ლარპში წინა წლის ჰობი ნაწილობრივ გადმოვიტანე და ჰილერი, ანუ მკურნალი გავხდი. მწვანე კოსტიუმი დედას მამიდამ შემიკერა, რომლითაც მთელი ზაფხული დიდ ბიჭებთან ერთად დავრბოდი და ვიბრძოდი.

პარალელურად ქართულ ხალხურ ცეკვების ვცეკვავდი, მერე სიმღერამ გამიტაცა. ვოკალზე დავიწყე სიარული და ნელ-ნელა ჩემი ნამღერი მარტო მე კი არა, სხვებსაც მოსწონდათ. მაგრამ რაც უნდა მეკეთებინა, ყოველთვის ვხატავდი! ძირითადად ლამაზ, ვარდისფერთმიან ანიმეებს და რატომღაც მეუბნებოდნენ, რომ ბიჭები გოგონებს არ უნდა ხატავდნენ! რაღაცას რომ გიშლიან, თან ისეთს, რისი კეთებაც გსიამოვნებს, უფრო გინდა, რომ სწორედ ის აკეთო, რასაც გიშლიან! მეც მინდოდა, სულ მეხატა და საკუთარი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლით შემემოსა ჩემი ანიმეები. ასე იქმნებოდა მრავალფეროვანი კოსტიუმები, ვარცხნილობები, აქსესუარები... არ ჰქონდა მნიშვნელობა, რას ვხედავდი – საოჯახო ნივთს თუ ავეჯს, ყველაფერი ჩემი ანიმეების მორთულობათა დიზაინის ინსპირაციას მთავაზობდა.
mshoblebi
ანდროს ნახატები

დედამ სახატავი პლანშეტი გამომიგზავნა და უზარმაზარი სამყარო გადამეშალა თვალწინ. განვაგრძე ახლებურად ხატვა – ჩემს ფანტაზიაში არსებული პერსონაჟების ეკრანზე გადმოტანა. ჩემი გმირების ხორცშესხმა მაბედნიერებდა. მათ ხასიათსა და თავგადასავლებს ხატვისას ან კოსტიუმის შექმნისას ვიგონებდი. ნელ-ნელა უამრავი ახალი „მეგობარი“ შემომიერთდა. ეს პერსონაჟები ახლა თითქოს ჩემი განუყრელი მეგობრები არიან. საინტერესოა მათზე ფიქრი, მათი „სთორების“ მოსმენა. ასე შეიქმნა ჩემი პირველი ფერადი წიგნიც. წიგნი ერთი პატარა გოგონას – ჯოის ემოციურ წუთებს ასახავს. მან ყველაფერი წელიწადის დროებში გადაიტანა, საკუთარი განცდებიც შემოდგომას, ზამთარს, გაზაფხულს, ზაფხულსა და სავსე მთვარეს გადააბარა – ისინი პერსონაჟებად აქცია და თავისი განცდებიც ფერებად დაისიზმრა. რომ გაიღვიძა, დედასთან იყო უკვე და ყველაფერი, რაც გადაიტანა, სიზმარშივე დატოვა.
mshoblebi
მიყვარს ჩემი პერსონაჟები. ორ ენაზე იმიტომ დავწერე, რომ ჩემმა უმცროსმა ძმამ, დათამ ინგლისური კარგად არ იცოდა, შუათანას, რეზის კი ქართული უფრო უჭირდა. ერთსა და იმავე ამბავს ორ ენაზე რომ წაიკითხავდნენ, შეადარებდნენ ერთმანეთს – დათა ინგლისურს უფრო კარგად დაიმახსოვრებდა, ხოლო რეზი ქართულ წინადადებებს გაცილებით იოლად წაიკითხავდა, როცა ინგლისური ვერსიაც წაკითხული ექნებოდა. ჩემს წიგნს „UNCHANGEARLE“ – „შეუცვლელი“ ჰქვია და ამ სახელწოდებით იმის თქმა მინდოდა, რომ რაც უნდა ბევრი დრო გავიდეს და წლები გვემატებოდეს, ჩვენ არ ვიცვლებით! ჩემი „შეუცვლელი“ ამერიკაში დაიბეჭდა. იყიდება ყველა ცნობილ საიტზე, როგორებიცაა: ამაზონი, ტაგეტი, ვოლმარტი და კიდევ ბევრი სხვა. ასევე განთავსებულია არაერთი ონლაინბიბლიოთეკის ვებსაიტზე.

შარშან, 24 ნოემბერს წიგნის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. მხოლოდ ძალიან ახლობლები ვიყავით, კოვიდრეგულაციების გამო. ყველაზე ძალიან რაც მიხაროდა, ჩემი თითქმის ოთხი წლის უნახავი დედა იყო ამერიკიდან, ხოლო ჩემი ძმები დმანისიდან ჩამოსულები. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებ ძმების ნახვას, მაგრამ იმედია, ის დროც დადგება, როცა სულ ერთად ვიქნებით.

„7 წერილი ჩემს ძმებს“

ჩემი უკვე პოპულარული „UNCHANGEARLE“ დღეს ამაზონზე იყიდება და საქართველოში მცხოვრებთათვის 16-17 დოლარი ღირს და ვფიქრობ, საბავშვო წიგნისთვის ძალიან ძვირია. ამიტომ გადავწყვიტე, მეორე წიგნი თბილისში დავბეჭდო. უფრო ხელმისაწვდომი და გაცილებით იაფი იქნება – წიგნი „7 Letters To my Brothers“ – „7 წერილი ჩემს ძმებს“ უკვე მზად არის დასაბეჭდად და გაზაფხულზე ალბათ უფრო მეტ მკითხველს მოვიწვევთ მის განხილვაზე.
სამწუხაროდ, ძმებს ხშირად ვერ ვნახულობ და ყველა ახალ ამბავს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, სწორედ წერილებით ვწერ. მაგალითად, ასე: „რეზი, დათა, ახლა ჩამოვედი სოფელში და ჩემი საზაფხულო სამეცნიერო პროექტიც ჩამოვიტანე. მინდა ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიყვეთ მის შესახებ. ფერმაში 22 მწყერი ვიყიდე და მათთვის გალიაც ავაწყვე. საკვებიც შევუძინე და წყლის დასალევი სისტემაც გავმართე. დათა, რამდენს იცინებდი ამ მწყრებზე, რომ დაგენახა, ნისკარტს როგორ უკაკუნებენ წყლის მილს. რეზი, შენ ალბათ გაგიჟდები, რომ ნახო, კვერცხი როგორ მოგორავს გალიიდან გარეთ... ასამდე კვერცხი დადეს უკვე! და აღარ ვიცი, რა ვუყო ამ კვერცხებს. ხან მოვხარშეთ, ხან შევწვით, მაგრამ ამდენის ჭამა შეუძლებელია. ერთი, რაც მინდა ვცადო, მათი ბუნებრივი საღებავებით შეღებვაა. მაინტერესებს, ეს კვერცხები თუ შეიღებება წითლად, ყვითლად, იასამნისფრად და ა.შ. ამის შესახებ მერე მოგიყვებით“.
mshoblebi

კიდევ ერთი კარგი ამბავი, რომელიც ჩემს პირველ წიგნს უკავშირდება: ჩემი პირველი ჰონორარი, 115 დოლარი ახლახან გადმომიგზავნეს ამერიკიდან... დიდხანს ვიფიქრე, რაში დამეხარჯა ეს ფული. ხან გადავწყვიტე, ახალი ტანსაცმელი მეყიდა ან საკვები პროდუქტები, რამე განსხვავებული კერძები და ნამცხვრები მომემზადებინა თავადვე და მეგობრები დამეპატიჟა... ერთ დღესაც ჩემმა ბიძაშვილმა ჩვენი სანათესავოს საერთო ჩათში ჩემთვის უცნობი გარეული დიდი ჩიტის ფოტოები ჩაგვიყარა და მოგვიყვა, როგორ უპოვიათ სოფელ ნიჩბისში დასუსტებული ბატკანძერი (გადაშენების პირას მყოფი ქორისებრი ფრინველია) და ზოოპარკში მიუყვანიათ. თურმე საკანცელარიო დანა ჰქონია გადაყლაპული და რენტგენი რომ გადაუღეს, იმხელა იარაღი ჩანდა ფოტოზე, მინდოდა რამით დავხმარებოდი. ვგულშემატკივრობდით, როგორ გადაარჩენდნენ ჩვენს ჩიტს. გამოკვლევის ხარჯებს ჩვენი ორგანიზაცია გადაიხდისო, მითხრა დაჩიმ. ორგანიზაციას „ბუნების კონსერვაცია – საქართველო“ ჰქვია. და უცებ მომინდა, ეს ჩემი ჰონორარი მათთვის შემეწირა. წერილი მივწერე სკოლას და ვთხოვე, თუ შეიძლებოდა ჩემი და სკოლის სახელით გადამეცა ეს თანხა და დირექტორმა მომწერა, რომ ჩემი სკოლა ჩემს გადასახდელ თანხას გააორმაგებდა! ბედნიერი და გახარებული ვარ ჯერ იმით, რომ ჩემი სკოლა ასე მიდგას გვერდით და კიდევ იმით, რომ შემიძლია ფრინველების გადარჩენაში საკუთარი წვლილიც შევიტანო.
mshoblebi
გარემოს დაცვა და ბუნებაზე ზრუნვა სულ მიზიდავდა. ბავშვობაში სურამში რომ ვისვენებდით მე და ჩემი ძმები, სულ ვაგროვებდით ნაგავს და ვასუფთავებდით გარემოს. ახლა კი შესაძლებლობა მომეცა, რაღაც სასარგებლო კიდევ გამეკეთებინა. და რაც მახარებს ის არის, რომ როცა გამოჯანმრთელებულ ბატკანძერს ველურ ბუნებაში გაუშვებენ, მეც ჩემს ეკოლოგ მეგობრებთან ერთად ვიქნები... მართალია, ბევრი წერდა, რას გადაჰყევით ამ მტაცებელ ფრინველსო. არადა, ლეშისმჭამელია ბატკანძერი, რაც ნიშნავს, რომ ცოცხალს არაფერს ერჩის. თუმცა, არც არწივების გადაშენების მომხრე ვარ...
წინ კიდევ არაერთი პროექტი და გეგმაა. იმდენი სამეცადინო მაქვს ხოლმე, რომ ბევრ სხვა საქმეს ვერ ვასწრებ. არადა, ძალიან ბევრი რამის გაკეთება მინდა. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც პროფესიონალთა ჯგუფთან ერთად ვმუშაობ, ითვალისწინებს თბილისის ძველ უბნებში, უძველესი არქიტექტურული ღირებულების მქონე სახლების სადარბაზოებში ფოტოსესიების გამართვას. ჩემი დიზაინით შექმნილ სამოსში გამოწყობილი მოდელები ახალ ელფერს შემატებენ ძველთბილისურ სახლებს.
mshoblebi
სიამოვნებით მივიღებდი თქვენგან შემოთავაზებას თუ ორიოდე საათით „შემოგვიშვებდით“ ამგვარი ძველებური სახლების სადარბაზოებში და ფოტოების გადაღების უფლებას მოგვცემდით. ჩემი შექმნილი ანიმეპერსონაჟების ფოტოები ვფიქრობ, თქვენც სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით და მე და ჩემი ჯგუფის წევრებიც მადლობელი ვიქნებით.