გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოში იმ მოზარდების რაოდენობა, რომელიც აზარტულ თამაშებს თამაშობს, საგანგაშოდ მაღალია. შესაბამისი კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი - Grapc-თან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად ჩაატარა ჩაატარა და გაასაჯაროვა.
კვლევა 14-17 წლის მოზარდებს შორის აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მათი ცოდნის, შეხედულებებისა და პრაქტიკის შესასწავლად ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ყოველი მეათე მოზარდი აცხადებს, რომ თამაშობს აზარტულ თამაშებს სხვადასხვა სიხშირით. მათ შორის, ერთი მეოთხედი აქტიური მოთამაშეა და აზარტულ თამაშებს ფულზე კვირაში რამდენიმე დღე ან უფრო ხშირად თამაშობს. აღნიშნული კვლევა საქართველოს 10 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა და მასში სულ 1000 მოზარდი მონაწილეობდა.
- მოცემული კვლევა აჩვენებს, რომ მოზარდები ძალიან დაბალ ასაკში იწყებენ აზარტული თამაშებს - მოზარდების 22 პროცენტი აღნიშნავს, რომ აზარტული თამაშები დაიწყო 11 წლის ან უფრო დაბალ ასაკში, უმრავლესობამ კი (78%-მა) თამაში 12 წლის ასაკში ან უფრო გვიან დაიწყო. მოზარდების 22 პროცენტი, ვინც აზარტულ თამაშებს თამაშობს, აღნიშნავს, რომ თამაშის გამო ყოფილა დეპრესიულ განწყობაზე, ხოლო 2 პროცენტს უცდია საკუთარი თავის დაზიანება.
- მოზარდების ერთ მესამედზე მეტი, ვინც აზარტულ თამაშებს თამაშობს აღნიშნავს, რომ მოუგია მისთვის მნიშვნელოვანი თანხა (38%) და მოგებული თანხით შეუძენია მისთვის მნიშვნელოვანი ნივთი (33%). ამასთან, თითქმის მეხუთედი აზარტულ თამაშში მოგებული თანხით ფინანსურად დახმარებია მეგობარს, ხოლო ყოველი 10 რესპონდენტიდან 1 - ოჯახის წევრს.
- ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები იოლად ექცევიან გარემოცვის გავლენის ქვეშ. ისინი იშვიათად იწყებენ ფულზე თამაშს მარტო. როგორც წესი, პირველად ისინი მეგობრებთან/თანატოლებთან (51 %) ან ოჯახის წევრთან (32 %) ერთად თამაშობენ. კვლევის მონაწილეთა 24 პროცენტი თამაშობს იმის გამო, რომ მათი მეგობრებიც თამაშობენ, ხოლო 16 პროცენტის აზრით, აზარტული თამაშები პრესტიჟული საქმიანობაა.
- მოზარდების უმეტესობისათვის, აზარტულ თამაშებში პირველად ჩაბმის, ასევე თამაშის გაგრძელების მთავარი მოტივატორი თანხის მოგების სურვილი და თავისუფალი დროის გაყვანაა. აზარტული თამაშების დაწყების სხვა მოტივატორებია მოწყენილობა და აღქმა, რომ აზარტული თამაშები პოპულარულია.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნებს კაზინოში შესვლა ან ონლაინ პლატფორმებზე დარეგისტრირება ეკრძალებათ, კვლევაში მონაწილე მოზარდების 24-მა პროცენტმა, რომლებსაც აზარტული თამაშები უთამაშიათ, აღნიშნა რომ პირველად აზარტული თამაშები კაზინოში, სლოტ კლუბში ან კაზინოს ვებ გვერდზე ითამაშა.
კვლევა გვიჩვენებს, რომ აზარტულ თამაშებთან შემხებლობა განსხვავდება გოგო და ბიჭ მოზარდებში. კვლევაში მონაწილე მოზარდ გოგოებთან შედარებით, ბიჭებს უფრო მეტად უყურებიათ სხვისი თამაშისთვის (ბიჭები - 61%, გოგოები - 46%) და თავადაც უთამაშიათ აზარტული თამაში ფულზე (ბიჭები - 16%, გოგოები - 10%). ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბიჭების გარემოცვაში უფრო მეტად არიან აზარტული თამაშებით დაინტერესებული მეგობრები / თანატოლებიც (ბჭები 29%, გოგოები 19%).
კვლევის თანახმად, მოზარდების ცნობიერების დონე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რისკებისა და ლუდომანიის შესახებ დაბალია. მოზარდების უმრავლესობა, რომლებიც აზარტულ თამაშებს თამაშობს, არ ესაუბრება მშობლებს აზარტული თამაშებისა და მათი რისკების შესახებ. მოზარდთა ერთი მესამედი აღნიშნავს, რომ თუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახდებიან, არავის მიმართავენ დახმარებისთვის და შეეცდებიან, თავიანთი პრობლემა დამოუკიდებლად მოაგვარონ. ამიტომაც, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდების განათლებასთან ერთად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების, მასწავლებლების, თემებისა და ჯანდაცვის მუშაკთა ცოდნის ამაღლება ლუდომანიასთან დაკავშირებული პრობლემური ქცევის ნიშნების და მათზე ეფექტური რეაგირების შესახებ ცოდნის ამაღლება.
იხილეთ კვლევა სრულადთამარ იაკობაშვილი
რა ხდება ბავშვის ტვინში სხვადასხვა ასაკში და რატომ ითვლება 18-21 წელი ჯერ კიდევ მოზარდ ასაკად
"მოზარდებს ურღვევენ პირად სივრცეს და მათ უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე" - საშიშროება ფეისბუქში და ტიკ-ტოკზე, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ