წუხელ უკრაინას უმძიმესი ღამე ჰქონდა. ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მოხდა აფეთქებები, რომლებსაც ადამიანები ემსხვერპლნენ. ზოგიერთ ადგილას საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. უკრაინის ქალაქებში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების შედეგად დაღუპული და დაშავებულია 240 მშვიდობიანი მოქალაქე, - ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა მინიმუმ 64-ია.
ბოლო ცნობების მიხედვით, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალიზაციის ხმა ვრცელდება უკრაინის სულ მცირე ორ ქალაქში: დასავლეთში - რივნეში და ჩრდილო-დასავლეთით ლუცკში. მოქალაქეებს მოუწოდებენ თავი უსაფრთხო თავშესაფარს შეაფარონ. რუსული რაკეტები კიევში, რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა. გარდა ამისა, კიევში რუსი ოკუპანტების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა, დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტომობილში ოჯახის 5 წევრი იჯდა, დაიღუპნენ მშობლები და მეოთხე კლასელი გოგონა, ორი ბავშვი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებული ბავშვების მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი 9-სართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. მაშველებმა კორპუსიდან 20 ადამიანის ევაკუირება მოახდინეს. გარდა ამისა, ხარკოვში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გაზსადენი ააფეთქეს. რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა ქალაქ სუმიში საცხოვრებელი უბნები დაბომბეს. დაბომბვის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.
უკრაინას მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მეთაური უცხადებს თანადგომას და იარაღით დახმარებას ჰპირდება. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების გამო და დასძინა, რომ კონფლიქტი ევროპასა და ნატოს აახლოებს. სანქციებზე საუბრისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის დასასჯელად. „ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს - დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ფიზიკურად ვეომოთ რუსეთს, ან მეორე - დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც სამართლის წინააღმდეგ მოქმედებს, ამისთვის ფასს გადაიხდის“, - განაცხადა ბაიდენმა.