"მე და ბავშვები უსაფრთხოდ ვართ, თუმცა ჩემი ქმარი კიევშია... შეაჩერეთ ეს ომი!" - ვერა ბრეჟნევას ემოციური მიმართვა რუსებს - მშობლები

"მე და ბავშვები უსაფრთხოდ ვართ, თუმცა ჩემი ქმარი კიევშია... შეაჩერეთ ეს ომი!" - ვერა ბრეჟნევას ემოციური მიმართვა რუსებს

2022-03-01 08:26:01+04:00
უკრაინელი მომღერალი და კონსტანტინე მელაძის ცოლი ვერა ბრეჟნევა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და რუს გამომწერებს მიმართავს:

"არასდროს დამიყვია ჩვენი ხალხები.
არც მაშინ, როცა ათასობით ადამიანსა და ბავშვს ვეხმარებოდი. არც მაშინ, როცა ვმღეროდი, ვახარებდი და ვეფერებოდი. დედაჩემი და ბებიაჩემი რუსები არიან. მამა და ბაბუა - უკრაინელები. ორივე ხალხი ჩემი წინაპარი და სისხლი და ხორცია. დავიბადე და ვცხოვრობ უკრაინაში. ახლა აქ ჩვენთან უბედურება ტრიალებს.
გამომწერებს შორის 32% რუსი მყავს. უბრალოდ მინდა, რომ თქვენ სიმართლე იცოდეთ. და თუ შეგიძლიათ რამის გაკეთება, გააკეთეთ ეს.

ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. უკვე მეხუთე დღეა ჩვენთან ომია. სულ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. სულ უფრო მეტი სახლი, სკოლა და საბავშვო ბაღი ინგრევა. განადგურებულია მნიშვნელოვანი შენობები.

მე და ბავშვები ახლა უსაფრთხოდ ვართ.
მაგრამ ჩემი ქმარი და დედა, უმცროსი დის ოჯახი კიევში არიან, სარდაფში იცავენ თავს ჭურვებიდან.
იმიტომ, რომ კიევში ახლა საომარი მოქმედებებია, კიევშიც, ჟიტომირშიც, ხარკოვშიც, ბერდიანსკში, მელიტოპოლში, ხერსონში, ჩერნიგოვოში, ოდესაში, კახოვკასა და ხვა ქალაქებსა და სოფლებში.
და ყველა უკრაინელი შესთხოვს რუს ჯარისკაცებს - არ მოხვიდეთ. არ მოგვკლათ. არ აქვს ამ ომს აზრი. არ აქვს ამ ომს გამართლება. არ შეიძლება მისი გაგრძელება.
შეაჩერეთ ომი!!!"