"შვილიშვილების დამსახურებაა, რომ სწრაფ ტემპში გადმოვინაცვლეთ ამ ბინაში... ყველაფერი ჩემი ჭკუითა და გემოვნებითაა შერჩეული" - სტუმრად ირმა სოხაძესთან - მშობლები

"შვილიშვილების დამსახურებაა, რომ სწრაფ ტემპში გადმოვინაცვლეთ ამ ბინაში... ყველაფერი ჩემი ჭკუითა და გემოვნებითაა შერჩეული" - სტუმრად ირმა სოხაძესთან

2022-03-08 07:30:52+04:00
ჩვენი მასპინძელი, პოზიტიური და მუდამ მოღიმარი ირმა სოხაძე ხალისით შემოგვეგება და სიამოვნებით გვიამბო სახლზე, სადაც ახლახან დაბინავდა.

- მე დავიბადე ჭავჭავაძეზე, შემდეგ გადმოვედით აბაშიძეზე და აქ გავატარე მთელი ბავშვობა. 47 წლის
წინ რომ გავთხოვდი, ჩემი მეუღლე, რეზო, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა საბურთალოზე, კერძოდ, პეკინზე
და ბუნებრივია, იქ გადავედი. საბურთალო შემიყვარდა ძალიან და როდესაც დადგა დრო, რომ მე და რეზო ცალკე უნდა გადავსულიყავით საცხოვრებლად, ბახტრიონზე შევაჩერეთ არჩევანი. ახლაც გული მიჩქარდება პეკინზე და ბახტრიონზე რომ გავივლი, მიყვარს ყველა კუთხე, ყველა გოჯი. წარმოიდგინეთ, 45 წელი ვიცხოვრე იქ. ბახტრიონზე გადასვლის შემდეგ, პეკინის სახლი გავყიდეთ და მომგებიან ფასად, პეკინზევე მშენებარე კორპუსში 200 კვადრატულზე მეტი ფართი ვიყიდეთ მე-12 სართულზე, მაგრამ რომ ავედი და ვნახე, მივხვდი, იქ ვერასდროს ვიცხოვრებდი. ან რად გვინდოდა ამხელა ფართი, გოგოები უკვე გათხოვილები იყვნენ, მე და რეზოს კი ამხელა სახლი არაფერში გვჭირდებოდა.
mshoblebi

ერთ დღეს მირეკავს ჩემი მეგობარი და მეუბნება, შენ იმ ფართს მაინც არ გამოიყენებ, მოდი, გაყიდე, აბაშიძეზე შენდება ახალი კორპუსი და იქ იყიდე, თან დედ-მამის გვერდით და ჩვენთან უფრო ახლოს იქნებიო. ჩემი ყველა მეგობარი ვაკეში ცხოვრობს და უნდოდათ, მეც აქ ვყოფილიყავი. დავფიქრდი, მივედი, პროექტი ვნახე და გავგიჟდი. ყველაზე მეტად მომხიბლა იმან, რომ ეზოში უნდა ყოფილიყო აუზი. ფასიც მისაღები გახლდათ, საკმაოდ იაფი ღირდა და ვიყიდეთ. ასეთი ჭკვიანური ჩემს სიცოცხლეში არაფერი გამიკეთებია, ვგიჟდები, ისე მომწონს და მიყვარს ეს სახლი. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსი
ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, ძალიან მშვიდი სახლია. რემონტი კარგა ხნის განმავლობაში ვაკეთე, არსად მეჩქარებოდა, როცა ფული მქონდა, ვაკეთებდი. ყველაფერი ჩემი ჭკუითა და გემოვნებითაა შერჩეული, არ
მყოლია დიზაინერი. ძირითადი დეტალები უკვე დასრულებული იყო, მაგრამ აქ გადმოსვლას არ ვჩქარობდით მაინც. ბახტრიონზე გადასარევად ვიყავით, რა გვეჩქარება გადასვლა-თქო, ვფიქრობდი, მაგრამ
ზაფხულში ჩემი შვილიშვილები- ადრიანი და მაქსი ჩამოდიოდნენ საქართველოში, ბახტრიონზე ყველას
გაგვიჭირდებოდა მოთავსება და სასწრაფოდ გადავწყვიტეთ გადმოსვლა. ვიყიდე ფარდები, წამოვიღე ჩემი ელექტროპიანინო და გადმოვედით, მათი დამსახურებაა, რომ ამ ზაფხულს სწრაფ ტემპში გადმოვინაცვლეთ ამ ბინაში, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

არასდროს მომწონდა სტუდიო, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ კარგი ყოფილა. ადრე გოგოები რომ მოდიოდნენ ჩემთან, ისინი მისაღებში ისხდნენ, საუბრობდნენ, იცინოდნენ და მე ამ დროს სამზარეულოში ვტრიალებდი,
არადა, ჩემი ყური და გული მათთან იყო. ახლა რომ მოდის ვინმე, თან მასთან ვარ და თან ვამზადებ, ერთად ვართ და ეს ძალიან სასიამოვნოა.
mshoblebi
ინტერვიუ სრულად და ბინის ფოტოები იხილეთ ჟურნალ „შინ"-ის 28-ე ნომერში.
mshoblebi