"მაღაზიები ცარიელდება, ხალხი ხელოვნურად ქმნის დეფიციტს და ეს ფასების ზრდას იწვევს" - განმარტება იმ ადამიანებისათვის, ვინც პროდუქტის მარაგებს იქმნის - მშობლები
სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ მაღაზიები პროდუქტებისგან დაცლილია და ვეღარ ახერხებენ ყიდვას. მათი თქმით, განსაკუთრებით მოთხოვნადი შაქარი, მარილი და ზეთია. აღნიშნული პრობლემა გამოიწვია იმან, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქვეყანაში მარაგები იწურება და მოსახლეობამაც წინასწარ დაიწყო იმაზე გაცილებით მეტი პროდუქტის შეძენა, ვიდრე ახლა სჭირდებათ. "რიტეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე მირანდა მანაჯგალაძე ამბობს, რომ პანიკა ხელოვნურადაა შექმნილი და ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ არსებობს:
"პანიკის საფუძველი არ არსებობს. პრობლემა შექმნა მოკლე წყვეტებმა, რომლებიც გუშინ დაფიქსირდა მაღაზიებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, რაც გარკვეულწილად, შესაძლებელია 8 მარტის დასვენებიდან გამომდინარე შეიქმნა, რადგან დისტრიბუცია ისვენებდა. როდესაც მომხმარებლები მაღაზიებში მივიდნენ და არ დახვდათ პროდუქტი, სოციალური მედიის, პირადი კომუნიკაციის საშუალებით სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია და დაიწყეს პროდუქციის პანიკური შესყიდვა. შედეგად კი დღეს დილით სერიოზული პრობლემა წარმოიშვა. დღესვე გვქონდა შეხვედრა იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და როგორც აღვნიშნე, პანიკის საფუძველი არ არსებობს, პროდუქტის დეფიციტი არ შეიქმნება, ვინაიდან, მარაგები გვაქვს, უბრალოდ, ხელოვნურად არ უნდა გამოიწვიოს მოსახლეობამ დეფიციტი. თუ ერთი მომხმარებელი იმაზე გაცილებით მეტს შეიძენს, ვიდრე სჭირდება, ის უკვე დეფიციტს ქმნის დახლზე და შესაბამისად, ეს იწვევს პანიკას. ერთი ის, რომ ხელოვნური დეფიციტი პროდუქტს აქრობს დახლებიდან და მეორე, ხელოვნურად გამოწვეული მოთხოვნა ზრდის ამ პროდუქტებზე ფასს, ამიტომ, მოსახლეობას ვთხოვ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, პროდქციის დეფიციტი არ გაჩნდება ბაზარზე, თუ ამას ჩვენ ხელს არ შევუწყობთ. როგორც დისტიბუტორები და იმპორტიორები ამბობენ, ყველა მაღაზია დროულად მომარაგდება და პროდუქტები ისევ გაჩნდება დახლზე, ოღონდ ჩვენ შევისყიდოთ ის რაოდენობა, რაც რეალურად გვჭირდება და არ შევქმნათ ფუჭი მარაგები, რაც მერე პრობლემას შექმნის."
როგორც მირანდა მანჯგალაძე გვეუბნება, დღეს, ფაქტობრივად, ყველა ტიპის პროდუქტზეა გაზრდილი მოთხოვნა:
"შაქარი, ზეთი და მარილი გუშინ განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო, თუმცა დღეს უკვე მაღაზიები ცარიელდება თითქმის ყველანაირი პროდუქციისგან. როგორც აღვნიშნე, მაღაზიებზე მიწოდების შეფერხება დაფიქსირდა და ამ შეფერხებამ ცრუ განგაში გამოიწვია, რაც უნდა გაჩერდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ შევისყიდით დიდი რაოდენობით პროდუქტს."
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, რუსეთსა და უკრაინაში გარკვეული პროდუქტების გატანა შეიზღუდა. როგორც მირანდა მანჯგალაძე გვეუბნება, გეოპოლიტიკური რეალობა და ომი ჩვენს ბაზარზეც ახდენს გავლენას. "ნებისმიერი შეფერხება გატანასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბიზნესს ხელს შეუშლის და რაც არ უნდა მცირე იყოს, პრობლემას ქმნის. თუმცა, დღეს ეს რეალობაა, მეზობელ გეოპოლიტიკურ რეალობაში ომია და ეს ბიძგები არაპირდაპირად ჩვენთანაც ახდენს გავლენას."- ამბობს ის.