"გზაში ერთი ჭურვი ჩამოვარდა და აგვცდა... ჩემი ცხოვრება ჩავალაგე ერთ ზურგჩანთანში" - ქართველი გოგონას ემოციური ჩანაწერი კიევის დატოვების შემდეგ - მშობლები

"გზაში ერთი ჭურვი ჩამოვარდა და აგვცდა... ჩემი ცხოვრება ჩავალაგე ერთ ზურგჩანთანში" - ქართველი გოგონას ემოციური ჩანაწერი კიევის დატოვების შემდეგ

2022-03-10 17:24:30+04:00
ბოლო დღეების ტრაგიკულმა მოვლენებმა უამრავი ადამიანი შეიწირა, ბევრი კი დევნილად აქცია. კიევიდან და სხვა უკრაინული ქალაქებიდან, რომლებშიც ბრძოლები და აფეთქებები გრძელდება, მშვიდობიან მოქალაქეების დიდი ნაწილი ნელ-ნელა გამოდის. მათ შორის არიან არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ სხვა ეროვნების ადამიანებიც, რომლებიც ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. ეს ერთ-ერთი ქართველი გოგონას პოსტია, რომელიც კიევში ცხოვრობდა და იძულებული გახდა, იძულებით დაეტოვებინა საყვარელი ქალაქი:

მარიამ ნოზაძე:
"დღე 12 და 13 (ბოლო). განშორება

გუშინ რამდენიმეჯერ დავიწყე წერა და ცრემლები ასველებდა ტელეფონის ეკრანს. მოხდა ის, რისი დაჯერებაც ეხლაც მიჭირს. მოგვიწია დატოვება კიევის. უკვე ძალიან სახიფათო იყო იქ გაჩერება და ყველა ძალა მოვიკრიბეთ და გავრისკეთ გამოსვლა საცავიდან.
ბოლო დღეების მანძილზე ძალზე გაძლიერდა და აღარ ჩერდებოდა “მეზობელი, ძმობილი” ქვეყნის აგრესია, სროლები, აფეთქებები. ვიდექი და პატარა ჭუჭრუტანიდან ვუყურებდი “გრადებს”. უკვე ხმაზე ვარჩევდი, როდის ისროდნენ ჩვენები და როდის - უხსენებლები.

ჩემი უბანი კიევში ესაზღვრება ყველა ცხელ წერტილს, საიდანაც უნდათ შემოტევა დედაქალაქზე. შესაბამისად ეპიცენტრის ახლოს ვიმყოფებოდით. გუშინ გამთენიისას მტკიცედ გადავწყვიტეთ, გაგვერისკა და მაგ სროლების ქვეშ დაგვეტოვებინა იქაურობა.

გზა სადგურამდე: კიევი აღარ ჰგავს თავის თავს. დაცარიებული ქალაქი, უკიდეგანო რაოდენობა ბლოკპოსტების, რკინის ზღარბები. ნახევარზე მეტი გზა დაგაკეტილია და დარჩენილ მანქანებს უწევდა “ვსტრეჩკაზე” სიარული. უამრავი ავარია ვნახეთ მაგის შედეგად.

სადგური: თავი მეგონა უსუსური ჭიანჭველა და აი, ცოტაც და გაგსრისავდნენ. გაგვიმართლა, რომ ადრე მივედით, ჩვენი საევაკუაციო მატარებელი-ელექტრიჩკა მოვიდა ერთი საათით ადრე და როგორღაც მოვახერხეთ “შეძრომა”.

გზა: 12 საათი ეკლებზე ვიჯექით. პირველი 6 საათი იყი ყველაზე კრიტიკული. მივღოღავდით შუქების გარეშე წითელ ზონაში. გზაში ერთი ჭურვი ჩამოვარდა და აგვცდა, ღმერთს მადლობა. დარჩენილი გზა “მწვანე კორიდორი” იყო, მაგრამ დაძაბულობა არ გვტოვებდა. ხალხი, ხალხი, ხალხი. ვინ სად იჯდა, სად იდგა, იატაკზე იწვა გზაში. ჩავედით უსაფრთხო ადგილას ღამის 3 საათზე. მატარებლიდან გამოსვლას და სადგურზე ამოსვლას მოვუნდით 43 წუთი. ხალხმრავლობის შიში გამიჩნდა.

უკრაინის ტერიტორიაზე ვიმყოფებით ამ წამს. 3 საათი მოგვიწია კომენდანტის დასრულების ლოდინი. ძალიან ციოდა. მერე ცალკე კვესტი იყო ტაქსის გამოძახება, მაგრამ მაგ დაბრკოლებასაც გავუმკლავდით და დავბინავდით.

ვერ დავიძინე ერთი წუთითაც არც გუშინ და არც დღეს. ემოციებისგან დავდიოდი წინ და უკან. ორი დღეა ვტირივარ. მაიძულეს სახლის დატოვება. მართლა ლტოლვილივით ვარ წამოსული. ჩემი ცხოვრება ჩავალაგე ერთ ზურგჩანთანში: ლეპტოპი, ორი ხელი ტანსაცმელი, ბოტასი, სავარცხელი. ბოლო რად მინდოდა არ ვიცი, არ ვხმარობ.
ბოლო პერიოდი მივესწრაფოდი მინიმალისტურ ცხოვრების წესს. და აი, მგონი არაჩვეულებრივი საშუალება მომეცა.

დღეს ვიდექი გარეთ და ვუყურებდი ცას. მშვიდი იყო, არანაირი ხმა არ იყო და ამოვისუნთქე, სულიერი სიწყნარე დამეუფლა.

მაგრამ გული მეგლიჯება იმის გამო, რომ დავტოვე (დროებით!) ჩემი სახლი, ადგილი, ქალაქი, სადაც 25 წელია ვცხოვრობ. და კიდევ უფრო მეშლება ნერვები, რომ არაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დავეხმარო უკრაინას.

ეხლა ვიმშვიდებ თავს იმით, რომ დედაც და მეც უსაფრთხოდ ვართ. ისე ხდება, რომ ყველაფერს აქვს რამე დადებითი. ამ შემთხვევაში ისაა, რომ ჩამოვედი ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ქალაქში უკრაინაში (კიევის მერე) და მომეცა საშუალება დღეს ისევ შემეგრძნო ქალაქის ენერგია, რიტმი (რომელზეც, სამწუხაროდ, მაინც აისახება ბოლო დროის მოვლენები). აქაურობა მამშვიდებს, თვალი ესთეტიურ კადრებს იჭერს. სული თავისუფალია.

სავარაუდოდ არ დავწერ მსგავს პოსტებს ჩემს შინაგან განცდებზე. მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამხელა ყურადღებისთვის. დღემდე ვცდილობ ყველას გაგცეთ პირადში პასუხი.

ერთი წამითაც არ ვუშვებ იმ აზრს, რომ ჩვენ არ მოვიგებთ ამ ომს. როგორც მიყვარს თქმა “ბრდღვნა იქნება”!

დიდება უკრაინას და ამ უძლიერეს ერს!

მიყვარხართ ყველა!

Слава Україні!"