აპრილიდან ექიმები კონკრეტული ბრენდის წამალს ვეღარ გამოწერენ - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება - მშობლები

აპრილიდან ექიმები კონკრეტული ბრენდის წამალს ვეღარ გამოწერენ - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

2022-03-14 07:26:01+04:00
აპრილიდან ექიმებს მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერის უფლება ექნებათ და კონკრეტულ ბრენდს ვეღარ მიუთითებენ. შესაბამისად, მომხმარებელი აფთიაქში თავად გადაწყვეტს, რომელი ქვეყნის წარმოების წამალი შეიძინოს. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში 200-მდე თურქული წარმოების მედიკამენტი ეტაპობრივად შემოვა, რომლებსაც ადამიანები შედარებით დაბალ ფასად შეიძენენ:

"ვფიქრობ, მომავალი ერთი თვის განმავლობაში სრულად შემოვიტანთ ყველა იმ მედიკამენტს, რისი მოლოდინიც გვქონდა. ასეთი, დაახლოებით 200 მედიკამენტია, რაც შემდეგნაირად შევარჩიეთ: გასული წლების განმავლობაში, თურქეთიდან წამლის შემოტანა მხოლოდ ინდივიდუალური საჭიროებებისთვის, ფორმა 100-ის საფუძველზე შეეძლო მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, რაც აქამდე შემოდიოდა, 200-მდე მედიკამენტია და უკვე გამარტივებული, პარალელური რეჟიმით შემოვა საქართველოში და უფრო ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. თურქეთის ბაზრის გახსნასთან ერთად, გვაქვს სამოქმედო გეგმა ფარმაცევტული ბაზრის კიდევ უფრო გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს გეგმა ვადებში მკაცრად გვაქვს გაწერილი. პირველი მარტიდან ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო რეგისტრაცია შემოვიღეთ, რაც ჩვენს ბაზაში აისახება და დავინახავთ, ვინ რა მედიკამენტს წერს. ანალიტიკის საფუძველზე, გვაქვს ის ინფორმაცია, რაც დაგვეხმარება ბაზრის კიდევ უფრო დარეგულირებაში, კარგად გაკონტროლებაში. მაგალითად, მიკერძოებულად მედიკამენტების გამოწერის, ან ჭარბი რაოდენობის გამოწერის შემთხვევაში დღეისათვის უკვე გვაქვს ბერკეტები, როგორ უნდა ვმართოთ. შემდეგი ეტაპია მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა. აპრილიდან მომხმარებელს თავისი სურვილის მიხედვით, აფთიაქში გადაწყვეტილების მიღების საშუალება ექნება და არა მაგალითად პირდაპირ რომელიმე ქვეყნის წარმოებული, რომელიმე ბრენდის ყიდვის აუცილებლობა, რასაც ექიმი აქამდე უწერდა. ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ და საერთო ჯამში კარგად დარეგულირებულ, გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს მივიღებთ, რაც აუცილებლად აისახება ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე." - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, თურქული მედიკამენტების სადაზღვეო პაკეტებში ჩასმა ჩვეულებრივ მოხდება:

"თურქული მედიკამენტები ყველა წესისა და ქართული კანონმდებლობის დაცვითაა რეგისტრირებული და შესაბამის ბაზებშია ასახული. არანაირი საფუძველი იმის, რომ ეს მედიკამენტები ვინმემ არ აანაზღაუროს, არ არსებობს. ამას გავაკონტროლებთ." - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

კონკრეტულად, როგორ გამოწერენ ექიმები აპრილიდან წამლებს, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ:

"უნდა გამოიწეროს არა კონკრეტული ერთი მედიკამენტი, არამედ ყველა ის წამალი, რაც მასთან დაკავშირებულია, თუმცა განსხვავდება მწარმოებელი ქვეყნით. შესაბამისად, თავად პაციენტმა უნდა აირჩიოს, რომელი სურს, რომ აიღოს. ადრე თუ იყო, რომ ერთი დასახელების კონკრეტული მედიკამენტი გამოიწერებოდა და ადამიანი აფთიაქში უნდა მისულიყო და ის აეღო, ასე აღარ იქნება. ექიმი გამოწერს მედიკამენტებს და პაციენტმა არჩევანი უნდა გააკეთოს, რომელი ქვეყნისა და ფასის წამალი სურს. ამასთან დაკავშირებით აფთიაქში მიაწოდებენ ინფორმაციას." - გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.

თამარ იაკობაშვილი



alt მისამართები, სადაც თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტები იყიდება - რომელ აფთიაქებშია შეძენა შესაძლებელი