"ვისწავლე, შიშის გამო არასდროს არავინ განვიკითხო... ძალიან ბუნებრივი ინსტინქტი ყოფილა შიში და მეტიც, აუცილებელიც" - ქართველი ჟურნალისტი უკრაინიდან - მშობლები

"ვისწავლე, შიშის გამო არასდროს არავინ განვიკითხო... ძალიან ბუნებრივი ინსტინქტი ყოფილა შიში და მეტიც, აუცილებელიც" - ქართველი ჟურნალისტი უკრაინიდან

2022-03-16 12:17:45+04:00

ტვ-იმედის ჟურნალისტი რუსა შელია უკრაინაში, ცხელ წერტილში იმყოფება და იქიდან აგრძელებს მუშაობას. დღეს დაბომბილი ქალაქი მიკოლაევი დატოვა და მისი ემოციური ჩანაწერიც ამას ეძღვნება:

"მიკოლაევიდან გამოვედით, ოდესის გზაზე ვარ. დაბომბვის ხმები აქაც აღწევს. მიკოლაევში უკვე ჩემთვის ძალიან ახლობელი ქართული ოჯახი დავტოვე, მთელი ცხოვრება რომ გამყვება მათი სიყვარული და სითბო და ვერასდროს, ვერასდროს რომ დავივიწყებ მათ მხარდაჭერას. მიკოლაევში დარჩენილ ამ ოჯახზე და უმაგრეს ქართველ ვაჟკაცზე მერე ცალკე აუცილებლად მოგიყვებით.
მიკოლაევში გუშინ ელექტროენერგია გამოირთო და ამ დრომდე ქალაქი უშუქოდაა. გათბობის სისტემა ისედაც მთელ ქალაქში გამორთული დაგვხვდა, არადა, გარეთ ყინავს, საშინელი სიცივეა. დღეს უკვე მარკეტებში დახლების უმრავლესობა დაცარიელებულია. მძღოლი, რომელსაც ოდესაში მივყავართ, მეუბნება, რომ ქალაქში ბენზინის მარაგი ამოწურულია და ბენზინი ოდესაში უნდა ეძებოს.
დღეს, დილაუთენია, ისევ დაბომბვების ხმამ გამაღვიძა. არადა, სულ ერთი საათით შევძელი თვალების მოხუჭვა, მანამდეც ეს ხმები არ მაძინებდა - წინა დღეებთან შედარებით რომ უკვე ჩვენი სასტუმროდან ძალიან ახლოს ისმოდა.
ქალაქი უკვე რამდენიმე დღეა ოდესის გზას იცავს, ოდესამდე ერთადერთი ხიდია, საიდანაც უსაფრთხოდ გადაადგილება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ახლა გავდივარ ამ ქალაქიდან და ვფიქრობ, რა ვიგრძენი, რა განცდები მომაქვს… არც ერთ ემოციაზე ლაპარაკს ახლა აზრი არ აქვს. მთავარი, რაც ამ ქალაქმა მასწავლა ისაა, რომ შიშის გამო არასდროს არავინ განვიკითხო. კი… ყველაზე მამაცი ადამიანისგანაც არასდროს გამიკვირდება შიში, პირიქით, ძალიან ბუნებრივი ინსტინქტი ყოფილა და მეტიც, აუცილებელიც...
წუხელ მთელი ღამე დაბომბვის ხმები რომ უფრო და უფრო მიახლოვდებოდა, მეშინოდა. ძალიან მეშინოდა… ოღონდ, იმიტომ კი არა, რომ საკუთარ თავს ვდარდობდი… შიშმა ამიტანა და ფიქრებმა წამიღო, ხომ ისევ შევძლებდი ჩემი შვილის ნახვას, ოჯახის, დედის ჩახუტებას… ახლა გავიაზრე რას ნიშნავს ომი… და თუ რას ნიშნავს და როგორ დავინახე, ამაზე მერე ცალკე მოვყვები.
ჰო, კიდევ ვგრძნობ, რომ სხვა ადამიანი ჩამოვედი მიკოლაევში და სულ სხვა ფიქრებით გამოვედი.
ახლა ოდესაში უნდა ჩავიდეთ.
გზაში ვართ და სანამ ამ ყველაფერს ვწერდი, დაბომბვის ხმები უკვე უკან, სადღაც შორს დარჩა. იქ, სადაც ჯერ კიდევ დარჩნენ ქალები, მოხუცები, ბავშვები…"