ჰოლივუდში ჯერ კიდევ შარშან გავრცელდა ხმები, რომ ვარსკვლავი მეხსიერებას კარგავს. მაშინ კოლეგები ამბობდნენ, რომ ბრიუსი ბოლო პერიოდში "ყურით" მუშაობდა - ტექსტს სუფლიორი კარნახობდა. ახლა კი გაირკვა, რომ "კერკეტი კაკალი" მართლაც ცუდად არის და კარიერის შეწყვეტას გეგმავს.
19 მარტს მსახიობს 67 წელი უსრულდება. ჰოლივუდური საზომებით ეს არ არის ის ასაკი, როცა კარიერა უნდა დასრულდეს, მით უმეტეს, ბრიუსი კვლავ პოპულარულია. თუმცა ფაქტია, მას უკვე უჭირს მუშაობდა. სანდო წყაროების ცნობით, მსახიობს დემენცია აქვს, რომელიც განუკურნებელია, მისი მხოლოდ მცირე ხნით შეჩერება შეიძლება, თუმცა მეხსიერებაში მიმდინარე ცვლილებები შეუქცევადია.

ჯერჯერობით მსახიობი თამაშობს და უფრო მეტი ძალისხმევით მუშაობს - სანამ პენსიაში გავა, სოლიდურ თანხას დააგროვებს.
რეჟისორმა მეთ ესკანდარიმ გააკეთა კომენტარი ამ თემაზე: "ეს მართალია. ჩემს ოთხ ფილმში ითამაშა და ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ ინგრევა შენს თვალწინ ასეთი ლეგენდა..."
სამსახიობო კარიერა და პოპულარობა არც ისე მარტივად მისაღწევი ყოფილა ბრიუსისთვის. მისი ბიოგრაფია ეპიზოდური როლებით დაიწყო, სატელევიზიო დადგმებით და რეკლამებით. დიდება კი მოუტანა სერიალმა "დეტექტიური სააგენტო "მთვარის შუქი", რომელსაც "კერკეტი კაკალი" მოჰყვა.
მსახიობი 1955 წლის 19 მარტს დაიბადა გერმანიაში, გერმანელი დედისა და ამერიკელი მამის ოჯახში, რომელიც გერმანიაში მსახურობდა. ბრიუსს სამი უმცროსი და-ძმა ჰყავდა.
9 წლამდე ენაბორძიკობა ტანჯავდა და სწორედ მისგან გასათავისუფლებლად დაიწყო მსახიობობა - აღმოაჩინა, რომ როცა სცენაზე იდგა, ჩვეულებრივ საუბრობდა.
1987 წელს გაიცნო მსახიობი დემი მური, რომელთანაც სამი ქალიშვილი ეყოლა. წყვილი 11-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა ერთმანეთს.
განქორწინების შემდეგ 10 წელი ტკბებოდა თავისუფლებით, 2009 წელს კი მოდელ ემა ჰემინგზე იქორწინა, რომელიც მასზე 23 წლით არის უმცროსი.
ბრიუსი უფროს ქალიშვილებთან და მეორე ცოლ-შვილთან ერთად
ემასთან მსახიობს ორი ქალიშვილი ეყოლა.