როგორც ცნობილია, 50 წელს გადაცილებული ის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით აიცრებიან, წახალისების მიზნით 100 ლარს მიიღებენ. ხოლო, პირველი აცრის შემთხვევაში 200 ლარს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო და უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
მოქალაქეთა ნაწილს გაუჩნდა შეკითხვა, როდემდე გრძელდება ფულადი წახალისება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, ვაქცინაციის წახალისების ეს პროგრამა ჯერჯერობით მარტის ბოლომდეა განსაზღვრული და შესაბამისად, ის ადამიანები, რომელთა ასაკი 50 წელზე მეტია და გადაწყვეტენ ბუსტერ-დოზის გაკეთებას 100 ლარს, ხოლო პირველი ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარს კვლავ მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია თვის განმავლობაში ორჯერ (1-ელ და 15 რიცხვებში) მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას. ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა "ლიბერთი ბანკთან" გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება, ხოლო მათ, ვინც საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნება, სოციალური მომსახურების სააგენტო "ლიბერთი ბანკთან" არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშებს თავად გაუხსნის.