დედამიწა - სახლი, სადაც ვცხოვრობთ დიდი კლიმატური გამოწვევების წინაშეა. დაბინძურება, ტყის მასივების გაჩეხა, წიაღისეულის საწვავის მოპოვება გარემოს ცვლის, ცხოველებსა და მცენარეებს კი საფრთხის ქვეშ აყენებს.
ჰაერს, წყალს, ნიადაგს გაფრთხილება სჭირდება. ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯებით საფრთხეს ვუქმნით გარემოს, თუმცა ასევე ყოველდღიური, მარტივი ქმედებებით, თავადვე შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შემცირებაში.
პლანეტის აწმყოსა და მომავალზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. მნიშვნელოვანია, ჩვენმა პატარებმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლონ გარემოს გაფრთხილება და გაიაზრონ ის საფრთხეები, რაც ბუნებას ადამიანების არასწორმა ქმედებებმა შეიძლება მოუტანოს.
როგორ შეიძლება, გამოვუმუშაოთ პატარებს ამ მიმართულებით საჭირო უნარ-ჩვევები, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ვიმოქმედოთ კლიმატისთვის? გთავაზობთ ოჯახურ აქტივობებს, რომლებიც ბავშვებს გარემოზე ზრუნვას ასწავლის და პლანეტას უკეთესს გახდის.
წყლის დაზოგვა
გაერო გვაფრთხილებს, რომ 2050 წლისთვის, ხუთ მილიარდზე მეტ ადამიანს, შესაძლოა, წყალთან წვდომის პრობლემა შეექმნას. ცნობილია მოსაზრება, რომ საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, თუმცა თვალსაჩინოა, რომ სუფთა წყალთან ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით ბევრი რეგიონის გამოწვევაა. წყლის გაფრთხილების მიზნით, ერთ-ერთი პირველი რაც ჩვენს პატარებს უნდა ვასწავლოთ ონკანების დაკეტვაა. როცა კბილებს ვიხეხავთ, ვიღებთ შხაპს, ვრეცხავთ ჭურჭელს, წყალი მხოლოდ საჭირო დროს უნდა გამოვიყონოთ, გასაპვნის/გაქაფვის მომენტში კი, ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში დავტოვოთ. მოშვებული ონკანი საათში 600 ლიტრამდე წყალს ღვრის. კბილების გახეხვის, ან სახის დაბანის დროს წყლის დაკეტვის შემთხვევაში, 10-დან 18 ლიტრამდე წყლის დაზოგვა შეგვიძილია.

მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი წესი, ჩაიდანში მხოლოდ იმ რაოდენობის წყალი უნდა ავადუღოთ, რამდენიც დაგვჭირდება. ორჯერ ადუღებული წყლის მიღება რეკომენდებული არ არის, დარჩენილი წყლის გადაღვრით კი, წყლისა და მის ასადუღებლად საჭირო ენერგიის რესურსს არამიზნობრივად გამოვიყენებთ.
ელექტროენერგიის დაზოგვა, ჩართული ტექნიკის კონტროლი
წყლის რესურსის გაფრთხილების მსგავსად, მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებაც. ამისათვის ჩვენს პატარებს როცა არ გვჭირდება, შუქის ჩაქრობა უნდა ვასწავლოთ.

ასევე, გასათვალისწინებელია ტექნიკის გამორთვა, როდესაც ამა თუ იმ მოწყობილობას არ მოვიხმართ. მაგალითად, ერთი მონიტორი მოლოდინის რეჟიმში ნორმალური მუშაობის დროს საჭირო ენერგიის 15%-ს მოიხმარს. როცა ტექნიკას არ ვიყენებთ, ჩამრთველიდან კვების წყაროს გამორთვით წლიურად ნახევარი ტონა CO2 -ის გაფრქვევას ვზოგავთ.
ნარჩენების შემცირება - ნაგვის მხოლოდ ურნებში მოთავსება
მსოფლიოში ყოველდღიურად 3.5 მლნ. ტონა მყარი ნარჩენი გროვდება. საქართველოშიც, მყარი ნარჩენების მართვა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მათი ნაწილის გადამუშავება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რაც გარემოს აბინძურებს, საფრთხეს უქმნის ფლორას, ფაუნას და ადამიანების ჯანმრთელობას.
მაგალითად, პლასტმასით გარემოს დაბინძურება გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემაა. წარმოებული პლასტმასის დიდი ნაწილი ოკეანეებში ხვდება. მის დაშლას 1000 წლამდე სჭირდება, პროცესში ტოქსიკურ აირებს წარმოქმნის, ზიანს აყენებს გარემოს და შესაბამისად, ჩვენს ჯანმრთელობას.
ბავშვებს პირადი მაგალითით, ადრეული ასაკიდანვე უნდა ვაჩვენოთ, რომ ნარჩენებს მხოლოდ ნაგვის ურნებში ვყრით. ხოლო, თუკი ისეთ ადგილზე მოვხვდებით, სადაც ურნები არ არის, ნარჩენებს ვაგროვებთ, ადგილიდან მიგვაქვს და შესაბამისი ურნის პოვნისთანავე, მასში ვათავსებთ.

ასევე, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ქაღალდის, მუყაოსა და პლასტმასის ხელახლა დამუშავება შესაძლებელია და სადაც სეპარირების პროცესი სათანადოდ არის გამართული, მინა, მუყაო, პლასტმასი და თუნუქი შესაბამის ყუთებში უნდა მოთავსდეს.
ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე
ნარჩენების შემცირებაში სახალისო ოჯახური აქტივობაც დაგვეხმარება. „ძველი ნივთების - ახალი სიცოცხლე“ - ასე დავარქვათ თამაშს, რომელიც მოძველებული, დაზიანებული სათამაშოების შეკეთებასა და ნივთების განახლებას ითვალისწინებს. ოჯახის წევრებთან ერთად, პატარებს შეუძლიათ გაფუჭებული სათამაშოები სახლში მონარჩენი ქსოვილებითა თუ მუყაოთი გააწყონ, განაახლონ, შეაკეთონ.

ეს სახალისო აქტივობა, მხოლოდ სათამაშოებს არ ეხება. შესაძლებელია პატარებმა უფროსების დახმარებით სახლში არსებულ ძველ, გამოუსადეგარ ჭურჭელს ახალი სიცოცხლე შესძინონ. მაგალითად, მეორად ჭიქასა თუ სათლში ჩარგონ მცენარეები, მოხატონ და მძივებით გააფორმონ თეფშები და სხვა.

სათამაშოების შეკეთება და ძველი ჭურჭლისა თუ სხვა ნივთების განახლება გაახალისებს და გაართობს პატარებს, ხელს შეუწყობს ოჯახის წევრების კიდევ მეტად დაახლოებას, შეამცირებს ნარჩენებს და ასევე, შეამცირებს ოჯახის ხარჯებს, რომელიც ახალი სათამაშოების შესაძენად უნდა გაეღოთ.
ეზოების, სკვერების, ტყეების, სანაპიროების დასუფთავება
სუფთა ჰაერზე სეირნობა, პიკნიკები, ექსკურსიები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოჯახური აქტივობაა, რაც ბავშვებს ყოველთვის ამახსოვრდებათ. სასიამოვნო და სახალისო იქნება, თუ ამ დროს გარემოსთვის სასარგებლოდაც გავატარებთ და ეზოებს, პარკებს, ტყეებსა თუ სანაპიროებს ხელთათმანების გამოყენებით ნარჩენებისგან დავასუფთავებთ.

აქტივობა უფრო სახალისო და სასარგებლო იქნება, თუ მასში ოჯახის წევრების გარდა, მეგობრები, ბაღელები, კლასელებიც ჩაერთვებიან. როცა პატარები თავადვე იშრომებენ, კიდევ უფრო მეტად გაუფრთხილდებიან გარემოს და დაბინძურება მათთვის სრულიად მიუღებელი და უცხო ქმედება იქნება. დროთა განმავლობაში კი, ასეთ კამპანიებში ჩართვა მათი ცხოვრების წესი გახდება.
„ტყე შეუნახე შვილებსა...“
ყოველ წელს, მსოფლიოში დაახლოებით 27 მილიონი ჰექტარი ტყის ფართობი ნადგურდება, მცირდება ბიომრავალფეროვება, იმატებს სათბურის აირები, იფიტება ნიადაგი. კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრაში ტყეებს განსაკუთრებული როლი აკისრია, რადგან ისინი შთანთქამენ ნახშიროჟანგს და ჟანგბადს გამოყოფენ. ტყეების გაშენება და მათი მდგრადი მოვლა პლანეტის და შესაბამისად, ჩვენი შვილების მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, პატარებთან ერთად შეგვიძლია დავრგოთ ხეები და სხვა მცენარეები.

რაც მთავარია, სამომავლოდ, მათზე ზრუნვა არ უნდა დაგვავიწყდეს და ნარგავების მოვლაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ეს გარდა იმისა, რომ მართლაც ძალიან სასარგებლოა გარემოსთვის, სახალისო და სასიამოვნო პროცესიცაა, რადგან მცენარეებთან ურთიერთობა ადამიანებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
ჯანსაღი ცხოვრების წახალისება
ჯანსაღად ცხოვრებისათვის აუცილებელი პრინციპები, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უნდა შთავაგონოთ. მნიშვნელოვანია, პატარებმა თავიდანვე იცოდნენ სწორი კვებისა და ფეხით სიარულის მნიშვნელობა. ამ თემაზე ბავშვებს შეძლებისდაგავარად ბევრი უნდა ვესაუბროთ. ასევე, კარგი იქნება, თუ ზოგჯერ, საოჯახო საყიდლებზეც ერთად ვივლით, სადაც ჩვენივე ნაჭრის ჩანთებით წავალთ და პოლიეთილენის მოხმარებას შევამცირებთ.

პროდუქტების ყიდვისას კი, პატარებს ჯანსაღი საკვების მოსაპოვებლად გარემოს დაცვის, წყლის, ჰაერისა და ნიადაგის გაფრთხილების საჭიროებაზე ვესაუბრებით.
ფაუნასთან კონტაქტი, ფრინველებზე, ზღვის სამყაროს ბინადრებზე დაკვირვება
ჰაბიტატის დაკარგვა, ავადმყოფობა, ნადირობა ყოველ წელს, ათასობით სახეობის გადაშენებას იწვევს. დედამიწაზე გადაშენების პირას მყოფი 10 000 მცენარის სახეობაა. გადაშენების საფრთხე ემუქრება ამფიბიების 43%-ს, ფრინველების 13% და ძუძუმწოვრების 26% -ს. ოკეანეში მჟავიანობის მატებასთან ერთად, ზღვის ქმნილებები, მათ შორის, მარჯნის რიფებიც ნადგურდება. ზღვაში ჩამდინარე წყალი და ნარჩენები საფრხეს უქმნის ზღვის ფლორასა და ფაუნას. წყლის მცენარეების გადანდგურებით კი, ზღვის სხვა ცოცხალი არსებები საკვების გარეშე დარჩენის რისკის ქვეშ არიან. არსებული საფრთხის გაცნობიერებისათვის, გასვლითი აქტივობები შეგვიძლია ცხოველების, ფრინველების, ზღვის ბინადრების, მცენარეების დაკვირვებას დავუთმოთ.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ნაწილი გაქრობის საფრთხის წინაშეა და თავიანთი გონივრული ქმედებებით, შეუძლიათ გადაშენების პირას მყოფ სახეობებს სიცოცხლე შეუნარჩუნონ.
გამოყენებული რესურსები: ბუნების სასკოლო სახელმძღვანელოები, ფოტოპედია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) სოციალური პლატფორმა და მის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, ჯივიპის ვებგვერდი, nationalgeographic, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში სათბურის აირების შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები და კვლევები, გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა და ენერგიების დაზოგვასთან დაკავშირებული ფოტოები და მასალები, ავტორის პირადი ფოტოარქივი.ანა მარშანია