პატარა ლუნა ფენერმა 6 სერიოზული ოპერაცია გადაიტანა. ის სახეზე უზარმაზარი ნიშნით დაიბადა. დიაგნოზი მაშინვე დაისვა - გოგონას გიგანტური მელანოციტური ნევუსი, კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი აქვს.
ხშირად მცირე ზომის ნევუსს საერთოდ არ მკურნალობენ, რადგანაც ეს კოსმეტიკური დეფექტია. მაგრამ, ლუნას შემთხვევაში არსებობდა საფრთხე, რომ ლაქა, რომელიც თანდაყოლილია, მელანომად, ანუ ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნილიყო.
ვიდრე მშობლები მკურნალობის გზებს ეძებდნენ, გოგონა იზრდებოდა და სულ უფრო ხშირად ხდებოდა დაცინვის ობოექტი. მას თანატოლები "ურჩხულს" ეძახდნენ.
ბავშვს 6 ოპერაცია ჩაუტარდა. პირველი 7 თვის ასაკში, ხოლო ბოლო - გასული წლის შემოდგომაზე.
ახლახან ლუნა 3 წლის გახდა. ბოლო ფოტოებზე გოგონა განსხვავებულად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო და მას მხოლოდ პლასტიკური ოპერაცია არ სჭირდება.
"ოპერაციებმა ძალიან კარგად ჩაიარა, მაგრამ ბოლო ოპერაციის შემდეგ გართულება დარჩა, რომელიც წინასწარ იყო ცნობილი: მარცხენა თვალს ბოლომდე ვერ დახუჭავს და როცა სძინავს, გახელილი აქვს. ამან შეიძლება მისი სრული დაბრმავება გამოიწვიოს. ჩემს ქალიშვილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება." - თქვა ლუნას დედამ, კაროლინამ Youtube-ის არხზე.

გარდა ამისა, ბავშვს თმა არ ეზრდება თავის იმ არეში, საიდანაც ქირურგმა კანი შუბლზე გადასანერგად წაიღო. ის თმა შუბლზე იზრდება. ამის გამოსწორების გზა ბრაზილიელმა ექიმმა ნახა, მაგრამ ჯერ ოპერაცია თვალებზე უნდა გაკეთდეს.
თავდაპირველად მშობლები ბრაზილიაში აპირებდნენ ოპერაციის გაკეთებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ბევრად უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე მათ შეეძლოთ. ახლა ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ და ოპერაციის გაკეთებას მაიამის თვალის ინსტიტუტში გეგმავენ.

"იმედი მაქვს, რომ ლუნა სკოლაში წასვლის დროისთვის ბოლომდე გამოჯანმრთელდება და ნორმალური ცხოვრების დაწყებას შეძლებს." - ამბობს ბავშვის დედა.
თავად გოგონას კი გიგანტური ნევუსი ხელს არ უშლის. ძალიან უყვარს მუსიკა, მეცადინეობს და გაკვეთილებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს.
ბავშვს 70-ზე მეტი ოპერაციის ჩატარება მოუწევდა... - 3 წლის გოგონა "ბეტმენის ლაქით" შინ ბრუნდება