"ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ მათმა ნათქვამმა შეიძლება ვინმე ძალიან დააზარალოს..." - როგორ მოხვდა "ჩცდ"-ში "მასტერშეფის" ვარსკვლავი თუთა - მშობლები

"ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ მათმა ნათქვამმა შეიძლება ვინმე ძალიან დააზარალოს..." - როგორ მოხვდა "ჩცდ"-ში "მასტერშეფის" ვარსკვლავი თუთა

2022-04-05 04:48:46+04:00
"სინანულში ყოფნა ბევრ დროს გვაკარგვინებს, აწმყოს გვპარავს, მომავალსაც. დაშვებულ შეცდომებსაც არ ვნანობ, რადგან შეცდომა ძალიან საჭირო რამ არის, აბა, პიროვნულად სხვაგვარად როგორ უნდა გაიზარდო? ადამიანების მიღება, პატიება, რაღაცებთან გამკლავება, შერკინება როგორ უნდა ისწავლო? შეცდომები "მოსულა", - ამბობს მსახიობი თუთა ოქროპირიძე. რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ, რა ვერ ისწავლა დღემდე და რით ჰგავს საკუთარ პერსონაჟს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1991 წლის 30 აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კოსმონავტი. ის სახლი, სადაც მე გავიზარდე, შემაღლებულ ადგილზეა, აივნიდან ცა ძალიან კარგად ჩანს. ბავშვობაში ვუყურებდი მთვარეს, ვარსკვლავებს და მქონდა ინტერესი, უფრო ახლოდან მენახა, გამეგო, იქ რა ხდებოდა, ეს ჩემი ბავშვური აკვიატება იყო.

- მსახიობობის სურვილი...

- ...9-10 წლის ასაკში გამიჩნდა. სკოლიდან შინ რომ მივდიოდი, თეატრალურ უნივერსიტეტთან უნდა გამევლო. შორიდან ვუყურებდი ამ შენობას და ვფიქრობდი, რომ იქ "უცხოპლანეტელები" სწავლობდნენ და მე ვერასდროს მოვხვდებოდი, აუხდენელი ოცნება მეგონა. ვფიქრობდი, რომ მსახიობი ჩვეულებრივი არ უნდა იყოს, რომ იმ შენობაში ყველანი განსაკუთრებულები იყვნენ. როცა არჩევნის წინაშე დავდექი და ოჯახში ჩემი სურვილი გავამხილე, შემეწინააღმდეგნენ. ამიტომ თავდაპირველად ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეორე წელს, სამსახიობოზე ყველასგან მალულად ჩავაბარე. ოჯახში ამ ამბავს დიდი სიხარული არ გამოუწვევია, მაგრამ მერე ჩემი პროფესია ყველამ შეიყვარა და მამხნევებდნენ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...საყვარელიაო (ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ მაინც ვთქვი); ხშირად ამბობენ, მხიარული გოგოაო, ჩემთან დროის გატარება სიამოვნებთ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ისევ იმ გზას გავივლიდი, რომლითაც დღემდე მოვედი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება. ეს იყო პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მოვინდომე და გამომივიდა, არავინ დამხმარებია.

- როლი, რომელიც გამორჩეულად მიყვარს...

- ...არის მაშო ჩეხოვის პიესაში "თოლია".

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...მეგობრებს, რომლებიც სულ მამხნევებენ, ჩემი სჯერათ და მოტივაციას მმატებენ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ჯანმრთელი გახლავართ და ასეთ პიროვნებად ჩამოვყალიბდი.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...პანდემიის გამო კასტინგები იშვიათად ტარდებოდა, მსახიობებს გვთხოვდნენ, ვიდეოები გადაგვეღო და გადაგვეგზავნა. ეს წინადადება რომ მივიღე, დავფიქრდი, რადგან ვიდეოს გადაღებას ადგილზე მისვლა მერჩივნა და რადგან ამის საშუალება არ იყო, უარი ვთქვი. ჩემმა უარმა არ გაჭრა, გადავიღე ვიდეო, გადავგზავნე და მალე როლზე დამამტკიცეს.

- ამ პერსონაჟს ვგავარ...

- ...შრომისმოყვარეობით, საქმის კეთების სიყვარულით. სხვა მასთან საერთო არაფერი მაქვს. ის ცინიკოსია, ხანდახან ზედმეტიც მოსდის. ეს როლი შესასრულებლად საინტერესოა, მაგრამ მისი მსგავსი ადამიანები დიდად არ მხიბლავს. ახლობლებმა, რომლებიც კარგად მიცნობენ, მითხრეს, - მას არაფრით ჰგავხარ, მაგრამ თამაში კარგად გამოგდისო. სოციალურ ქსელში კომენტარებს არ ვეცნობი. რამდენჯერმე "სქრინი" გადმომიგზავნეს. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ მათმა ნათქვამმა შეიძლება ვინმე ძალიან დააზარალოს. ყველაზე ცუდი, რაც გვჩვევია, პიროვნების გარეგნობის საჯარო განხილვაა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვხედავდე მზეს. სითბო ძალიან მიყვარს. ყოველთვის მაქვს სურვილი ვიტრიალო სამზარეულოში, ახლაც პასტის მომზადებას ვაპირებდი.

- პროექტში "მასტერშეფი"...

- ...შარშან ამ დროს გამოვდიოდი, საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი მივედი. სამზარეულოში სისხარტით არ გამოვირჩევი, მშვიდად კეთება მირჩევნია, ამ პროცესისგან სიამოვნებას ვიღებ. მზარეულობა ეს არის ჩემი ჰობი, ახლობლებს პერიოდულად გემრიელი კერძებით ვანებივრებ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...იმას, რაც ჩემს თავს და ჩემ გარშემო ხდება, პირდაპირ არ ვიღებ, სიტუაციას ვაანალიზებ და ისე ვმოქმედებ. მშვიდი ვარ, გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე არასდროს ვიღებ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ცურვა მინდა დავიწყო და არ ვიცი, რა დღეს ველოდები. ზამთარი და სიცივე არ მიყვარს, ცოტათი ამრევს ხოლმე.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...პატიების უნარი ძალიან საჭირო და დიდი ნიჭია. თუ ვინმე guls გვატკენს, მას იგივე არ უნდა ვუსურვოთ. ადამიანები ყოველთვის ხვდებიან, სხვას თუ აზიანებენ და განიცდიან, მათ უნდა ვუსურვოთ, რომ ამ განცდისგან გათავისუფლდნენ. წყენის გულში ჩადება და ადამიანებზე დიდი ხნით გაბრაზება არაფრით შემიძლია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვხედავ მზეს, საკუთარ თავს - წელში გამართულსა და კმაყოფილს. განაგრძეთ კითხვა


alt"მყავს მეუღლე და ერთი შვილი" - როგორ მოხვდა "სოსო" ჩცდ-ში და რა შეცვალა სერიალმა მის ცხოვრებაში?


alt"16 წლის ასაკში ჩუმად დავინიშნე და... ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ასაკით დიდი ქმარი მეყოლებოდა" - აი, ვისია სინამდვილეში "ჩიკას" სახლი "ჩცდ"-დან