"რამდენიმე წუთით გააღვიძეს, მშობლები ნახა და შემდეგ ისევ დააძინეს" - 8 წლის დათის, რომელსაც შარტავას ქუჩაზე მანქანა დაეჯახა, საზოგადოების დახმარება სჭირდება - მშობლები
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათის საზოგადოების დახმარება სჭირდება. მან საქართველოში 5 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც ისრაელში მკურნალობა და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცედურები სჭირდება. დათის ავტომობილი 31 მარტს დაეჯახა და ის ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში მკურნალობს.
"ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და დღეს, ან ხვალ მისი ისრაელში გადაყვანა იგეგმება. საქართველოში შემდგომი მკურნალობა ვეღარ ხერხდება. მაღალი სიცხე აქვს და ძლიერ პრეპარატებს აძლევენ. გუშინ რამდენიმე წუთით გააღვიძეს, მშობლები ნახა და შემდეგ ისევ დააძინეს. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 5 ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგი მკურნალობა კი აქ ვეღარ გრძელდება, რადგან არც შესაბამისი აპარატურაა და არც კვალიფიკაცია. ისრაელში მკურნალობა ძალიან ხანგრძლივი პერიოდია, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს. რაც შეეხება დახმარებას, ეს არის მეგობრების, ახლობლებისა და საზოგადოების ინიციატივა. გვინდა, რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ, რადგან უზარმაზარ თანხებთანაა ეს ყველაფერი დაკავშრებული. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ გუშინ მოვისმინე, რომ მარტო იმ ვერტმფრენის მომსახურება, რომელმაც ბავშვი უნდა გადაიყვანოს ისრაელში, 30 ათასი ევრო ჯდება. მე ვარ დათის მეგობრის, კლასელის მშობელი. ჩემი შვილი თავად შეესწრო ამ ფაქტს. ჯერ ის ჩავსვი ტრანსპორტში და გზა რომ გააგრძელეს, ეს საზარელი სიტუაცია დახვდათ. ბავშვებიც შოკირებულები, ტრავმირებულები არიან და ფსიქოლოგებთან კონსულტაციას გადიან. ის 5 ოპერაცია, რაც ჩატარდა, ნამდვილი სასწაული იყო. ღმერთის წყალობითა და მთელი საქართველოს ლოცვით დათი დღეს ცოცხალია. ახლა თითოეული ადამიანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია." - ამბობს დათის მეგობრის დედა.
ოჯახის ახლობელი კიდევ ერთხელ აღწერს ბავშვის მდგომარეობას:
"ძალიან ბევრი მოტეხილობა და დაზიანება აქვს, კიდევ სჭირდება ოპერაცია, რომლის გამოც გადაყვანას ურჩევენ. ისეთი სიძიმის დაზიანებები აქვს, რომ აქ ასეთი პაციენტი ცოცხალი არ უნახავთ. ყველასთვის სასწულია მისი დადებითი დინამიკა, მაგრამ ეს დინამიკა ეხება მხოლოდ სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნებას, ამიტომ გადაყვანა აუცილებელია. დათის ორი ძმა ჰყავს. ეს ყველაზე პატარაა. სასწაულად გადაარჩინეს და ღმერთმა არ გაგვწირა. ახლა მთავარია, დროულად ჩავიდეს ისრაელში. იაშვილის კლინიკამ დაუჯერებელი რამ ჩაიდინა ამ ბავშვის გადარჩენით, ექიმები შოკში იყვნენ. ძალიან დიდი თანხაა საჭირო, რომ უბრალოდ იქამდე ჩავიდნენ, ტრანსპორტირებისთვის და ოპერაციისთვის. ყოველდღიურ ხარჯებს აღარ ვითვლით უკვე. ფინანსების მოძიება წმინდა გიორგის სახელობის სკოლამ დაიწყო. ძალიან განიცდიან და გვერდით უდგანან. პირველი მათ დაიწყეს ფონდის გახსნა და შემდეგ სხვები შეუერთდნენ."- ამბობს ის.
გავერთიანდეთ დათისთვის! დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ: TBC: #GE05TB7962745064300024 BOG: #GE90BG0000000101545483 #დათისთვის მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა