გორში 2004 წელს გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია 2004 წელს გორში გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის დედამ, ხათუნა რაზმაძე - ბერძნიშვილმა დაადასტურა.
"ჩემი შვილი ვიპოვეთ“,- განაცხადა მან.
სხვა დეტალებზე გაუჩინარებული ბიჭის დედა არაფერს ამბობს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ოჯახი ემოციურად რთულ მდგომარეობაშია და დამატებით კომენტარს ჯერჯერობით ვერ გააკეთებს.
რაც შეეხება საქმეზე მსჯავრდებულ იაგო ნებიერიძეს, ბრალდებულის დედამ ნუნუ გრიგალაშვილმა განაცხადა, რომ ზაქრო ბერძენიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ ბავშვის ოჯახს ინფორმაცია სწორედ ნებიერიძემ მიაწოდა.
"ბერძენიშვილების ოჯახს ჩემმა შვილმა ციხიდან მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ბავშვის ცხედარი იყო, მაგრამ აღნიშნული ბავშვის გაუჩინარებასა და მკვლელობაში მას ბრალი არ მიუძღვის, უბრალოდ, დაინახა და ინფორმაცია ჰქონდა“, - განაცხადა ნუნუ გრიგალაშვილმა.