რუსეთ-უკრაინის ომში ქართველ მებრძოლთაგან ყველაზე უმცროსი, 21 წლის ნიკა შანავა დაიღუპა. ნიკა და მისი ძმა ლუკა ომში უკრაინაში ომის დაწყებისთანავე წავიდნენ. წასვლის წინ დედამ უკვე სამხედრო ფორმაში ჩაცმული ნახა. დედამ და ბებიამ ბევრი უშალეს, მაგრამ ბიჭებმა არ დაიშალეს:
- ეს ჩვენი ომიც არის, ხვალ ჩვენ რომ არ დაგვიხოცონ ბავშვები, იმიტომაც უნდა წავიდეთო. ერთადერთი, რაც მათ შინიდან წაიღეს, დედის თხოვნა იყო, - თუ მიდიხართ, სულ ერთად იყავით, ერთმანეთს არ დაშორდეთო. ასეც იყვნენ, მაგრამ სიკვდილმა დააშორა. ხარკოვთან ახლოს, იზუმთან ნიკა დაიღუპა, ლუკა კი დაიჭრა. სოციალურ სივრცეში ნიკა შანავას მიმართ მიძღვნილ უამრავ ტკივილიან სტრიქონს შორის, ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს შეხვდებით: "ნიკა, შენ საქართველოსთვის იბრძოდი"; "საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი"...
გმირზე, რომელიც ბავშვობიდანვე ღირსებებითა და კეთილშობილებით გამოირჩეოდა, მის მასწავლებელს ინგა ჯინჯოლიას ვესაუბრე:
- ნიკას ამბავი ჩემთვის ენითაღუწერელი ტრაგედიაა და იმავდროულად, სიამაყეა. ტკივილს თავს ვერ ვაღწევ, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ თურმე პატრიოტებისთვის მისწავლებია, ამ ბიჭებს თურმე თავიანთი ქვეყნის სიყვარული უსწავლიათ, პირველ რიგში, თორემ ახლა უკრაინაში საომრად ხომ არ წავიდოდნენ?! ნიკასთან ერთად, ლუკაც ჩემი მოსწავლე იყო. ის ნიკაზე ერთი წლით უმცროსია. ნიკა კი საერთოდ, ბაგა-ბაღშიც ჩემს შვილთან ერთად დადიოდა. ამ ტრაგედიის გაგების შემდეგ მთელი ღამე გავათენე ნიკაზე დარდში. რა ვთქვა…
განაგრძეთ კითხვა