ბორის ჯონსონი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბოლოს მაშინ აალაპარაკა მსოფლიო, როცა მოულოდენლად უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ამ პოლიტიკოსზე ბევრი რამ არის ცნობილი - როგორი თავისუფალია, ნაკლებად ემორჩილება წესებს, უყვარს საკუთარი აზრის თავისუფლად დაფიქსირება, ველოსიპედით სეირნობა და ა.შ. ამჯერად, მის ოჯახურ ამბებს გადავავლოთ თვალი.
ალექსანდრ ბორის დე პრეფელ ჯონსონი 1964 წლის 19 ივნისს დაიბადა ნიუ-იორკში.
მამის მხრიდან ჩერქეზული და თურქული სისხლი აქვს. მისი დიდი პაპა თურქი ჟურნალისტი ალი ქემალი იყო, რომელიც რაღაც პერიოდი, ოსმანთა იმპერიის უკანასკნელი დიდი ვეზირის, აჰმედ ოქდაიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო. ამ პოსტზე გასცა მან ბრძანება, რომ დაეკავებინათ ქემალ ათათურქი. ათათურქის მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ალი ქემალი სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ მისი შვილი და ბორის ჯონსონის პაპა ოსმან ალი დიდ ბრიტანეთში გაიქცა, სადაც უილფრედ ჯონსონად გადაიკეთა გვარ-სახელი.
მეორე გვარს, პრეფელს, დიდი ბებიისკენ მივყავართ - ბარონესა მარია-ლუიზა ფონ პრეფელისკენ, რომელიც ჰერცოგ პავლ ვიურტემბერგის და მოჭადრაკე არნი-რივერის შვილიშვილი იყო.
დედის მხრიდან დიდი პაპა ამერიკელი პალეოგრაფი, მეცნიერი ელიას ევერი ლევი იყო, რომელიც რუსეთის იმპერიაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა 1879, ქალაქ კალვარიაში. დედის მხრიდან დიდი ბებია ჰელენ ტრეისი ლოვე-პორტერი ამერიკელი მთარგმნელი გახლდათ. გარდა ამია, ჯონსონი მეფე გეორგ მეორის შორეული შთამომავალია. რაც შეეხება მის სახელს, რუსი ემიგრანტის პატივსაცემად დაურქმევიათ, რომელსაც მისი მშობლები მექსიკაში შეხვდნენ.
მისი მშობლები პოლიტიკოსი, გარკვეული პერიოდი ევროპარლამენტის დეპუტატი სტენლი ჯონსონი და მხატვარი შარლოტა ფოსეტი არიან. ჯონსონის დაბადების დროს ამერიკაში ცხოვრობდნენ, შემდეგ ინგლისში გადავიდნენ საცხოვრებლად. ბორისი უფროსია ოჯახში, მას ასევე ჰყავს უმცროსი და და ორი ძმა, და კიდევ ნახევარი და-ძმა, რომლებიც მამამისს მეორე ქორწინებაში გაუჩნდა.
_(1).jpg)
ბავშვობაში ბორისს საკმაოდ დიდი პრობლემა ჰქონდა - სმენადაქვეითებული იყო და რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, რომ სმენის პრობლემები აღმოეფხვრათ ექიმებს.
როცა 14 წლის იყო, მშობლები გაშორდნენ. მამამაც შექმნა მეორე ოჯახიც და დედამაც. დედამისი 2021 წელს გარდაიცვალა პარკინსონით. სხვათა შორის, ბორისის უმცროსმა დამ რეიჩელმა, რომელიც ასევე ჟურნალისტია, The Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ დედას - მხატვარ შარლოტა ჯონსონს დეპრესია ჰქონდა და ხშირად ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, ბავშვებს კი ძიძა უვლიდა...
აღსანიშნავია ისიც, რომ ბორისის ძმა ჯონიც პოლიტიკაში აღმოჩნდა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე იყო გარკვეული პერიოდი.

ბორის ჯონსონმა დაწყებითი განათლება ითონის კოლეჯში მიიღო, სადაც ბევრი ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკოსი სწავლობდა. შემდეგ არქეოლოგიას ოქსფორდში ეუფლებოდა. პრემიერმა რამდენიმე უცხო ენა იცის სრულყოფილად. პოლიტიკაში მოსვლამდე კი ჟურნალისტად მუშაობდა. კარიერა გამოცემა The Times-ში დაიწყო, რამდენიმე წლის შემდეგ The Daily Telegraph-ის კორესპონდენტი გახდა ბრიუსელში. სწორედ ამ დროს გაითქვა მან სახელი როგორც მგზნებარე ევროსკეპტიკოსმა. ლონდონში დანრუნების შემდეგ კი ჯონსონმა კომენტატორობაც მოასწრო. მას ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში. ჯონსონი გამოსცემდა პოლიტიკურ გაზეთ The Spectator-ს, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ბრიტანულ ისტებლიშმენტში. ცნობილი რკინის ლედი, მარგარეტ ტეტჩერი მას თავის საყვარელ ჟურნალისტად მოიხსენიებდა.

მთავარი რედაქტორის პოსტი მას მერე დატოვა, რაც პარლამენტის დეპუტატი გახდა - დეპუტატობა კრძალავდა პარალელურად სხვა სფეროში საქმიანობას.
შემდეგ იყო მნიშვნელოვანი პოსტები და სვლა პრემიერობისკენ - ქალაქ ლონდონის მერობა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრობა და 2019 წლიდან - ჯონსონი პრემიერ-მინისტრია. ყველაზე გამორჩეული, თავისუფალი, ექსცენტრიკული და პოპულარული.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ეს სფეროც საკმაოდ დატვირთული აქვს.
პირველად 1993 წელს დაქორწინდა თანაკურსელ ალეგრა მოსტინ-ოუენზე, რომელსაც მანამდე წლები ხვდებოდა. თუმცა წყვილი ძალიან მალე დაშორდა ერთმანეთს.
მეორედ ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის სერ ჩარლზ უილერის ქალიშვილ მარინა უილერზე იქორწინა. მათ ერთად 25 წელი იცხოვრეს და ოთხი შვილი გაუჩნდათ - ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი.


2009 წელს ბორისს უკანონოდ გაუჩინა შვილი ხელოვნებათმცოდნე ჰელენ მაკინტაირმა. ამ პერიოდში ის კვლავ მარინასთან ცხოვრობდა. წყვილი 2018 წელს დაშორდა ერთმანეთს. ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის წევრ კერი საიმონდსთან გააჩაღა რომანი. 2020 წელს წყვილმა გამოაცხადა, რომ შვილს ელოდნენ. მათი ვაჟი 2020 წელს გაჩნდა. ბორისმა შვილს უილფრედ ლორი ნიკოლასი დაარქვა იმ ორი ექიმის პატივსაცმად, რომლებმაც პატარის სიცოცხლე გადაარჩინეს - ჩვილი ინტენსიური თერაპიიის განყოფილებაში აღმოჩნდა კორონავირუსით დაინფიცირების გამო.
წყვილმა 2021 წლის მაისში იქორწინა და იმავე წლის 9 დეკემბერს გაუჩნდათ კიდევ ერთი შვილი - რომი აირის შარლოტა.
