რომელ ოჯახებს ერიცხებათ 500 ლარი შვილის გაჩენის შემდეგ და რა საბუთები უნდა წარადგინოთ დახმარების მისაღებად - მშობლები

რომელ ოჯახებს ერიცხებათ 500 ლარი შვილის გაჩენის შემდეგ და რა საბუთები უნდა წარადგინოთ დახმარების მისაღებად

2022-04-12 16:19:54+04:00
დედაქალაქის მერიაში სოციალური პროქტი მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს თითოეულ ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება გადაეცემათ. პროგრამის მიზანი ახალშობილის შეძენის შემთხვევაში ოჯახების მატერიალური დახმარებაა. უფრო კონკრეტულად რას ითვალისწინებს პროგრამა, ვინ არიან ბენეფიციარები და როგორ უნდა მიიღონ ფულადი დახმარება, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიიდან მოგვაწოდეს.

- უკვე რამდენიმე წელია თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში ფულად დახმარებას გასცემს, რომლის არსიც ამ ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევაა.

- ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

- ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100.000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა.

- რას მოიცავს ქვეპროგრამა?

- ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მესამე, ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას შემდეგი ოდენობით:
  • 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
  • 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
  • 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.

- როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი?

- თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში, ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან („თიბისი ბანკი“) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

- რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა დახმარების მისაღებად?

- მესამე ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) და ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი.

მერი ბლიაძე