ბელა ბურძენიძე ერთ-ერთი ოფროუდერი (
ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს გზის იქით - რედ.) ქალია საქართველოში. თითქმის 30 წელია საჭეს უზის. ოფროუდი მისი ყველაზე საყვარელი სპორტია, სადაც ავტომობილისა და მისი ეკიპაჟის გამოცდა ხდება. ამ გამოცდას კი ქალბატონი ბელა ყოველთვის წარმატებით ართმევს თავს. რაც უფრო მეტი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, მით უფრო აზარტული ხდება. ამბობს, რომ თუ ადამიანი ერთხელ მაინც გამოცდის ამ შეგრძნებას, არასოდეს დაივიწყებს მას.
- პროფესიით გეოფიზიკოსი ვარ, მაგრამ მასწავლებლად ვმუშაობდი. ამის შემდეგ მუშაობა დავიწყე სამკერვალო საწარმოში კონსტრუქტორად. ახლა ჩემი სამკერვალო მაქვს და სხვადასხვა სახის ტანისამოსს ვკერავ. რალში ვმონაწილეობ და ოფროუდერი ვარ.
- რამდენი ხანია მანქანას მართავთ?
- პირველად ჩემი ძმის მანქანა მოვიპარე ეზოში. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. იმდენად მომინდა მანქანის მართვა, ბავრი არ მიფიქრია, დავჯექი და სამსადარბაზოიან კორპუსს გარშემო შემოვუარე. მანამდე საჭესთან არასოდეს ვმჯდარვარ. ძალიან მომეწონა და მივხვდი, რომ შემიძლია კარგად ვმართო. შემდეგ ჩემი მეუღლე მასწავლიდა, მაგრამ თბილისში ძალიან მიჭირდა სიარული. ამიტომ, ღამე, როცა თბილისი დაიცლებოდა, გავყავდი ჩემს მეუღლეს და მასწავლიდა ქუჩებში სიარულს. ასე ვისწავლე მანქანის მართვა. თავიდან მე და ჩემს მეუღლეს საზიარო მანქანა გვყავდა, შემდეგ მიყიდა ახალი "ნივა".
- საჭესთან ჯდომის დროს სიჩქარე გიყვარდათ?
- სხვათა შორის არა. ექსტრემალური სიტუაცია მიყვარს, მაგრამ სისწრაფე - არა. გაუვალ გზებზე ყოველთვის ვრისკავ, მაგრამ სიჩქარეს თუ შეეხება საქმე, ამ დროს არ მიყვარს გარისკვა.
- როდის ჩაერთეთ რალში და რატომ გახდით ოფროუდერი?
- როცა ეს რალი იქმნებოდა და კეთდებოდა მონახაზი, სწორედ მაშინ ვიყავი იმ სახლში სტუმრად, სადაც ეს ხდებოდა. საფრანგეთში მცხოვრებ გოგოს უნდოდა საქართველოში გაეკეთებინა საერთაშორისო რალი და ამით ჩვენი ქვეყანა გაეცნო მსოფლიოსთვის. მეც გამოვთქვი მონაწილეობის სურვილი, თუმცა ეს ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მოგეხსენებათ, ძვირიანი სპორტია. ამ ოჯახში სტუმრად იყო ერთი ადამიანი, რომელმაც დამასპონსორა. ჩამოვიდა საქართველოში და მივიღეთ რალში მონაწილოება. ეს იყო ექვსდღიანი სათავგადასავლო, მეგობრული, შემეცნებითი რალი. აქ სირთულეები ფასდება ქულებით. მაგალითად, 200-ქულიანი არის ყველაზე რთული ეტაპი. პირველ ჯერზე მე ვიყავი ერთადერთი ქართველი ქალი მონაწილე. დღემდე ვამბობ, რომ საქართველო გავიცანი და შემიყვარდა სწორედ ამ რალის დროს.
- დღეს თუ იღებენ ქართველი ქალები რალში მონაწილეობას?
- დიახ, დღეს უკვე აქტიურად არიან ჩართული ქართველი ქალები. ბაიკერი გოგოა ბათუმიდან, ლია მგელაძე. იყო ოთხი შვილის დედა ანი ჭეიშვილი, სტაჟიანი მრბოლელი მაია გოშაძე, სათავგადასავლო რალის ორგანიზატორი ვერა მურღულია. ასევე, ძალიან მაგარი გოგოები არიან მარიამ აბულაძე და თიკა კუპატაძე. საოცარი გოგოა ჩემი შტურმანი ლინა კვაჭაძე.
საჭესთან ვზივართ ქალები, მაგრამ უმრავლესობას მამაკაცი ეკიპაჟი ჰყავდა. პირველ რალზე ფრანგი ეკიპაჟი მყავდა, მეორე რალზე კი ჩემი ეკიპაჟი იყო ჩემი დის შვილი თიკა. მასთან ერთად მესამე ადგილზე გავედი.
- რალის დროს რამდენად მნიშვნელოვანია, ვინ გიზით გვერდით?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში შტუმრან ქალს ასე ადვილად ვერ იპოვი. მძღოლ ქალს ადვილად იპოვი, მაგრამ აი შტურმანობა კიდევ სხვა რაღაცაა. შტურმანმა უნდა იცოდეს რუკის გამოყენება, საჭის დაჭერა და სხვა. ის არის მძღოლის თვალი, ხელი და ყური. მძღოლს მხოლოდ საჭესთან ჯდომა და სირთულეების გადალახვა ევალება. მაგრამ ძირითადად შტურმანზე ხარ დამოკიდებული.
- ორი შვილიშვილის ბებია ხართ. მათთან ერთად თუ წასულხართ მსგავს მოგზაურობაში?
- შვილიშვილებთან ერთად არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი შვილი ელენე მონაწილოებდა რალში. ოღონდ ცალკე ეკიპაჟში იყო და ჩემი კონკურენტი გახლდათ.
- მანქანის მართვა არაჩვეულებრივად გამოგდით. მისი შეკეთება და ზოგადად ტექნიკური დეტალები თუ იცით?
- კი, რა თქმა უნდა. რალისთვის გამოიყენება დიდი ტევადობის, მაღალი გამავლობის მანქანა. იქ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. სხვა ვერავინ დაგეხმარება და თუ დაგეხმარა, 500 ქულა გაკლდება. მე საბურავიც შემიკეთებია პრადოზე. ჯერ მარტო მისი აწევაა ურთულესი, მერე საბურავის შეცვლა.
- ყველაზე რთული სიტუაცია და ბარიერი გაიხსენეთ...
- ნივით გამოვედი ერთ-ერთ რალიზე და ამ ნივას გზადაგზა ნაწილები ცვიოდა. შუამთაზე მოტყდა საბურავი, როგორ დავამაგრე და ჩამოვედი, არ ვიცი. ბორჯომში მთაზე მომიტყდა გიდრავლიკა (საჭის გამაძლიერებელი) და გომისმთაზე მისულს ბუდეში ჩამიტყდა გასაღები. ეს იყო სენსაცია. ფსონები იდებოდა, მივიდოდა თუ არა ნივა დანიშნულების ადგილას. არავის ეგონა, თუ ჩავაღწევდი ბათუმამდე, მაგრამ შევძელი. თან მესამე ადგილზე გავედი.
- განოუვალი სიტუაციის დროს თუ შეგშინებიათ და გიფიქრიათ, რომ ამ სპორტისთვის თავი დაგენებებინათ?
- პირიქით, უფრო და უფრო აზარტული ვხდები. უფრო მეტი სირთულის დაძლევის სურვილი მიჩნდება. ქალი რომ ხარ, მაინც სუსტი ჰგონიხარ ყველას და სხვა თვალით გიყურებენ. მე მინდა ეს სტერეოტიპი დავამსხვრიო.
- როგორი ბებია ხართ? გრჩებათ შვილიშვილებისთვის სათანადო დრო?
- რომ გითხრათ, ჩვეულებრივი, ტრადიციული ქართველი ბებია ვარ, მოგატყუებთ. ბავშვებისთვისაც ბელა ვარ და არა ბებო. ყოველთვის სახელით მომმართავენ. ვცდილობ ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს მათთან და ის მცირე დრო, რაც მაქვს, ნაყოფიერად გამოვიყენო. არ ვექცევი მათ, როგორც პატარა ბავშვებს.
- საჭეს თუ აჩვევთ?
- დიახ, ხშირად ვსვამ და ძალიან მოსწონთ. შვილებიც ასე გავზარდე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მანქანაში გაიზარდნენ და დღეს ძალიან კარგად მართავენ.
მერი ბლიაძე