ტრაგედია მოსკოვის ცენტრში, პრესტიჟულ უბანში მოხდა. "გაზპრომბანკის" ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, 51 წლის ვლადისლავ ავაევი გარდაცვლილი იპოვეს თავისივე სახლში. ბინაშივე აღმოაჩინეს მისი ცოლისა და 13 წლის ქალიშვილის ცხედრები. ყველას პისტოლეტით ჰქონდა მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები.
ძიების წინასწარი ვერსიით, მკვლელობები თავად ბანკირმა ჩაიდინა და შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
როგორც ცნობილი გახდა, ოჯახში დიდი ხანია იყო პრობლემები. წყვილი ერთად ზრდიდა გოგონას, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა. გოგონას აღზრდასთან დაკავშირებული სხვადასხვა მოსაზრების გამო ცოლ-ქმარი შარშან სასამართლოშიც დავობდა. შემდეგ თითქოს დამშვიდდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ბანკირის ცოლი ორსულად იყო. წყვილი სიხარულით ელოდა ტყუპის მოვლენას, თუმცა როგორც ახლობლები ამბობენ, ვლადისლავმა მოულოდნელად იეჭვა, რომ ცოლი ღალატობდა და არც მომავალი ბავშვები იყვნენ მისები. იმასაც ამბობენ, თითქოს ცოლმა აღიარა, რომ ოჯახის მძღოლისგან ელოდა შვილებს, რომელიც უკვე წასული იყო სამსახურიდან.
ინციდენტის დილას ახალი მძღოლი ავაევს სახლთან ელოდა, რომ სამსახურში წაეყვანა. როდესაც ბანკირი არ გამოჩნდა, მძღოლმა მის უფროს ქალიშვილს დაურეკა. სწორედ მან აღმოაჩინა ბინაში გარდაცვლილები. კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი და იარაღიც ავაევს ეჭირა ხელში, შესაბამისად, ჯერჯერობით ძიება ზემოაღნიშნულ ვერსიაზე მუშაობს.