რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა მეძუძური ქალის ფოტო, რომელიც კიევის მეტროს ბაქანზეა გადაღებული. ამაღელვებელი სურათი სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმაზე უამრავმა ადამიანმა გააზიარა, შემდეგ ფოტოს მიხედვით ხატი დაიწერა, რომელიც იტალიაში, ნეაპოლის ერთ-ერთ ტაძარში დააბრძანეს და მას სიმბოლურად "კიეველი მადონა" უწოდეს...
ფოტოზე აღბეჭდილი ქალი 27 წლის ტატიანა ბლიზნიაკია, თავის ქალიშვილ მარიჩკასთან ერთად, რომელიც ფოტოს გადაღების დროს სულ რაღაც ორი თვის იყო. ომის დაწყებისას ტატიანას ქალიშვილთან, მეუღლე მიხაილთან და ძაღლთან ერთად თავშესაფრის ძიება დასჭირდა.
ფოტოს ავტორი 50 წლის უნგრელი ფოტოგრაფი ანდრას ფიოლდესი გახლავთ, რომელმაც ქალი შვილთან, ქმართან და ძაღლთან ერთადაც, გადაიღო.
მოგვიანებით ტატიანამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ოჯახს სასწრაფოდ სურდა ევაკუაცია, რადგან კიევში აფეთქების ხმა ისმოდა, მაგრამ მატარებლის ბილეთები აღარ იყო. ამიტომ პირველი ღამე კორპუსის დერეფანში გაატარეს, მეორე დღეს კი მეტროში ჩავიდნენ. "ციოდა, ხმაური და ხალხმრავლობა იყო", - ამბობს ტატიანა.
სწორედ ამ დროს მეტროში უნგრული გამოცემის Teleks-ის ჟურნალისტები მუშაობდნენ, მათ შორის იყო ფოტოგრაფი ფიოლდესი, რომლის ყურადღებაც ერთ-ერთ კედელთან მჯდომმა ამ პატარა ოჯახმა მიიპყრო. ნანახმა გააოცა, რადგან მსგავსი გამოცდილება არასდროს ჰქონია და მანამდე არც ომში უმუშავია.
"ეს ისეთი საოცრება იყო. ასეთი სიახლოვე ასობით ადამიანს შორის", - ამბობს ფოტოგრაფი.
მოგვიანებით, როდესაც კადრი მხატვარმა მარინა სოლომენნიკოვამ ნახა, მისთვის ეს ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ გადაწყვიტა ხატი დაეწერა.
განაგრძეთ კითხვა