"სიყვარული მეფიქრება... გულზე ბითქინ-ბითქინი მაქვს..." - ვინ არის გაბრიელი, რომლის ვიდეოებიც ინტერნეტჰიტად იქცა - მშობლები

"სიყვარული მეფიქრება... გულზე ბითქინ-ბითქინი მაქვს..." - ვინ არის გაბრიელი, რომლის ვიდეოებიც ინტერნეტჰიტად იქცა

2022-05-30 16:33:12+04:00
ეს 5 წლის გაბრიელ შუბლაძეა, რომლის ვიდეოები დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტსივრცეში. ვიდეოებს მისი ბიცოლა უღებს - ლირა კუჭავა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს გაბრიელის აღზრდაშიც. როგორც ის გვიყვება, გაბრიელი 10 წლის ნანატრი შვილია ოჯახში.

ლირა კუჭავა:
- 10 წლის განმავლობაში უამრავი ხელოვნური განაყოფიერება უშედეგოდ დასრულდა და ზუსტად 10 წლის შემდეგ უფალმა გვაჩუქა ოჯახში რიგით მეოთხე კაცუნა - მე სამი ვაჟი მყავს, ჩემი მაზლისთვის კი გაბრიელი პირველი შვილია. როგორც კი დაიბადა, დედასთან ერთად მეც ჩავჭიდე ხელი, რადგან უკვე მქონდა გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობის და ხუთი წელია არ გამიშვია. დედაბიცოლას მეძახის და ყველა ასე გვიცნობს.
ძალიან ჭკვიანი ბიჭია, უამრავი რამე იცის, მათ შორის, გამრავლების ტაბულა, 36 სახელმწიფო დროშის გერბები და დედაქალაქები. ეს ბოლო წელია დავიწყეთ სათამაშოების ყიდვა, თორემ სულ უნდოდა წიგნები ჰქონოდა და ესწავლა. 3 წლის იყო, ქართული ანბანი რომ ისწავლა.
mshoblebi
გაბრიელი "დედაბიცოლასთან" ერთად