Mensa - ყველაზე დიდი და ძველი საზოგადოებაა მსოფლიოში, რომელიც უმაღლესი IQ -ს მქონე ადამიანებს აერთიანებს. ისინი მშობლებისთვის სპეციალურ რჩევებს აქვეყნებენ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ შვილების ნიჭი არ გამორჩეთ და ზოგადად, რა ნიშნები მოწმობს ბავშვებში იმაზე, რომ ისინი მართლაც განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და უნარებით არიან დაჯილდოებულნი.
ბავშვი ადვილად იმახსოვრებს დიდი რაოდენობით ინფორმაციას. მაგალითად, ზუსტად ახსოვს განრიგი, მისამართები, ქვეყნის სახელები, ლექსები, პროზაული პასაჟები და ასე შემდეგ.
ბავშვი, თანატოლებთან შედარებით, ბევრად ადრე იწყებს ლაპარაკს, კითხვას, დათვლასა და სამაგიდო თამაშების გაცნობას.

მაგალითად, ძალიან ბევრ ბავშვს უყვარს დინოზავრები და მათ შესახებ ხშირად ეკითხებიან მშობლებს ინფორმაციას, მაგრამ თუკი თქვენს შვილს არა მხოლოდ დინოზავრების სახოეობების ჩამოთვლა, არამედ მათი მახასიათებლების ზუსტი აღწერა შეუძლია, მაშინ უნდა იფიქროთ, რომ მაღალი ინტელექტი აქვს.
ნიჭიერ ბავშვებს ხშირად არა მხოლოდ ბეზრდებათ თანატოლებთან თამაში, არამედ ზოგჯერ აღიზიანებთ კიდეც. ხშირად, მათი ინტერესები აბსოლუტურად განსხვავდება და ერთმანეთს ვერ უგებენ. ამიტომ, შესაძლოა აგრესიაც გამოხატონ იმის გამო, რომ სხვა ბავშვების თამაშის წესები მარტივად და სისულელედ აღიქვა.

ნიჭიერი ბავშვები ხშირად კითხულობენ საინფორმაციო საიტებს, სვამენ შეკითხვებს პოლიტიკაზე - ასე ვლინდება მათი ცოდნის წყურვილი და სამყაროს სრულად შეცნობის სურვილი.
ნიჭიერი ბავშვები ხშირად პერფექციონისტები არიან, ამაყობენ თავიანთი ცოდნითა და მიღწევებით. თუმცა, პარალელურად, წარუმატებლობის მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან. ამიტომ, ხშირად საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებსა და მოთხოვნებს უყენებენ და ნერვიულობენ, როცა რამე ისე არ ხდება, როგორც დაგეგმეს და წარმოედგინათ.
თუ ბავშვი თანაკლასელებთან შედარებით გაცილებით მარტივად და წარმატებით უმკლავდება სასკოლო პროგრამას, მაშინ მას დიდი ალბათობით, მაღალი IQ აქვს.

ხშირად ნიჭიერ და განსაკუთრებით ჭკვიან ბავშვებს თანატოლებთან ურთიერთობა აღარ უნდათ და უპირატესობას უფროსებთან კომუნიკაციას ანიჭებენ. შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ მათგან რაღაც ახალი გაიგონ. გარდა ამისა, ასეთ ბავშვებს საკუთარ თავთან მარტო ყოფნა უყვართ. მოსწონთ ფიქრი, წარმოსახვაში რაღაცების დალაგება, კითხვა და თამაში.
თუ თქვენს შვილს ბევრი ლაპარაკი უყვარს , არ ინერვიულოთ, ეს შესაძლოა მის მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მეტყველებდეს.
იმის გარკვევა, თუ რატომ არის ცა ლურჯი და ბალახი მწვანე, მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვი ცდილობს, მის გარშემო არსებული სამყარო უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს, ვიდრე მისი თანატოლების უმეტესობა.

თუ საშინაო დავალების ერთ წუთში შესრულება და კლასში გავლილი მასალის მარტივად და სწრაფად ჩამოთვლის შესაძლებლობა აქვს, ეს შესაძლოა დიდ ინტელექტუალურ პოტენციალზე მიუთითებდეს.
თუ თქვენ არ გჭირდება, ბავშვს აუხსნათ ხუმრობებისა და ანეკდოტების მნიშვნელობა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა აქვს და იმაზე უკეთ ესმის სამყაროში არსებული წესებისა თუ მოვლენების შესახებ, ვიდრე მის თანატოლებს.

მუსიკალური და ინტელექტუალური ნიჭი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომ თუ ბავშვს მუსიკის აღქმის კარგი უნარი აქვს და ასევე, კარგად უკრავს ინსტრუმენტებზე, ავლენს ინტერესსა და ნიჭს, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მას მაღალი IQ ჰქონდეს.

ნიჭიერი ბავშვების კრეატიულობა ხშირად ასე ვლინდება - მაგალითად, მათ ეჩვენებათ, რომ ზოგადად მიღებული წესების მიხედვით თამაში ძალიან მარტივი და მოსაწყენია, ამიტომ თავად ართულებენ და აქტივობას უფრო საინტერესოს ხდიან.
განსაკუთრებული კომუნიკაბელურობა, ან კიდევ ჩაკეტილობა, იზოლაციის სურვილი შეიძლება ინტელექტუალური ნიჭის გამოვლინება იყოს. პირველ შემთხვევაში, ბავშვს სხვა ადამიანებისგან ცოდნის მიღება სიამოვნებს, მეორე სიტუაციაში კი ინფორმაციის მიღება წიგნებიდან, ინტერნეტიდან დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე უნდათ.