13-წლიან ექსპერიმენტში 3-6 წლის 150 ბავშვი მონაწილეობდა დანაშაულის გრძნობა ძალიან მძიმე და დამთრგუნველია. ბავშვებს კი არა, დიდებსაც აზარალებს, მით უმეტეს, თუ დაუმსახურებლად გდებენ ბრალს. დანაშაულის გრძნობა განსაკუთრებით სიავის მომტანია პატარა ბავშვებისთვის. ამ მდგომარეობაში მათ ისევ მშობლები აგდებენ - ასე უფრო ეადვილებათ ბავშვის მართვა. არადა ეს დამთრგუნველი გრძნობა პირველ რიგში ბავშვის გონებრივ განვითარებას ემუქრება.
თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი განიცდის დანაშაულის გრძნობას, პერმანენტული სტრესისგან და ფიქრისგან, რომ ყველაფერი მისი ბრალია, გონებრივი განვითარების ტემპი კლებულობს. უფრო ზუსტად, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ნორმალურ ვითარებაში ექნებოდა.
ასეთი ბავშვები მოგვიანებით დეპრესიული მოზარდები არიან. ამ დროს ჩნდება მიდრეკილებები სუიციდისკენ.
ამერიკელი მეცნიერების კვლევამ დაადასტურა, რომ ბავშვები, რომლებიც დანაშაულის გრძნობით ცხოვრობდნენ, მომავალში დეპრესიული ხასიათით გამოირჩეოდნენ.
ექსპერიმენტში 3-6 წლის 150 ბავშვი მონაწილეობდა. 47-მა მათგანმა აღიარა, რომ დამნაშავენი არიან, თუმცა ვერც დანაშაული დაასახელეს და ვერც ამ განცდის მიზეზი.
კვლევა 13 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ კი დანაშაულის გრძნობასა და კლინიკურ დეპრესიას შორის პირდაპირი კავშირიც დამტკიცდა.
ექსპერიმენტში ჩართული ბავშვების თავის ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ ესგანცდა ტვინში გარკვეული უბნის ზომაში შემცირებას იწვევს.
მეცნიერები მშობლებს აფრთხილებენ, მოეშვან ბავშვების ზედმეტ კრიტიკას და მათ დადანაშაულებას საკუთარ წარუმატებლობებში. "შენ რომ მაბრაზებ, იმიტომ ვარ ავად", "ყველაფერი შენი ბრალია" - მსგავსი ფრაზები საშიშია თქვენი შვილების მომავალი ჯანმრთელობისთვის. გაუფრთხილდით მათ ფსიქიკას, ჯანსაღი შვილი ხომ თქვენივე მომავალია.