კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში
„დღის თემა“ კოვიდსტატისტიკის მკვეთრი ზრდის მიზეზები დაასახელა და მკურნალობის პროცესში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვინც ინფიცირების პირველ ეტაპზე „პაქსლოვიდითა“ და „რემდესივირით“ იმკურნალა, არცერთი პაციენტი არ დამძიმებულა.
„უკეთესია მკურნალობა დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 3 დღის განმავლობაში. ბოლო 4-5 თვეა არ შეგვხვედრია არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელმაც მკურნალობა დაიწყო „პაქსლოვიდითა“ და „რემდესივირით“ პირველ სამ დღეში და მოხვდა რეანიმაციაში, დამძიმდა, მით უმეტეს, გარდაიცვალა. არცერთი შემთხვევა რეანიმაციაში მოხვედრის და გარდაცვალების ასეთ პირებში არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის იყო ბევრი ასაკოვანიც, მძიმე თანმხლები დაავადებებით მოავადე პირებიც, პაციენტები, რომლებსაც დაავადება თავიდანვე დაეწყოთ მძიმედ. ძალიან მძიმე პროგნოზის პაციენტებიც კი, ვინც „პაქსლოვიდითა“ და „რემდესივირით“ მკურნალობა დაიწყო პირველ სამ დღეში, ყველა გადარჩა“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კითხვაზე, სიმპტომების გამოვლენამდე რამდენი ხნით ადრეა ადამიანი გადამდები, პასუხობს: „ითვლება, რომ სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე ადამიანი უკვე გამოყოფს ვირუსს და გადამდებია, თუმცა განსაკუთრებით გადამდები ხდება ინფიცირებული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ“. თენგიზ ცერცვაძე, ახალი შტამების სიმპტომებზეც ისაუბრა:
„სერიოზული კვლევებით ვერ დადგინდა რაიმე განსხვავება წინა შტამებითა და ახალი შტამით მიმდინარე დაავადების სიმპტომებს შორის. დაახლოებით იგივეა დაავადების სიმძიმე და ლეტალობის მაჩვენებელი. ბიეი5-ის სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა რესპირატორულ სიმპტომებს. ამიტომ აუცილებელია მათი გამოჩენისთანავე ადამიანებმა ჩაიტარონ ტესტი და დადებითი პასუხის შემთხვევაში, რაც შეიძება ჩქარა დაიწყონ მკურნალობა“.