“როგორი რთული დღეებიც უნდა გქონდეს, რამდენჯერაც დაგჭირდება, ცხოვრება თავიდან იმდენჯერ დაიწყე, მანამ, სანამ ბედნიერი არ იქნები”, - იხსენებს მამისგან მიღებულ დარიგებას მომღერალი
მაია ჯაბუა და დასძენს, რომ ამ სიტყვებმა ის წარმოუდგენლად ძლიერი გახადა. როგორ უმკლავდება რთულ პერიოდებს, რას ნანობს, რის გამო იღებდა დედისგან საყვედურებს, რა აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე და რა სურს წლის ნებისმიერი სეზონის ნებისმიერ დღეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ. ის ასევე საუბრობს გავრცელებულ ხმებს მისი ქალიშვილის - ლიზა ყენიას დაქორწინებასთან დაკავშირებით (ლიზა ამერიკაშია და მისი რჩეული გიორგი რაზმაძეა, რომელთან ერთადაც ხშირად აქვეყნებს ფოტოებს ინსტაგრამზე).
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...სულ მინდოდა სცენაზე დგომა. ვიცოდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. პროფესიაზე არასდროს მიოცნებია.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ვარ სერიოზული, მშვიდი. ვინც ძალიან კარგად მიცნობს, მათ იციან, რომ მიყვარს სიცილი, კარგი იუმორი, - ეს მნიშვნელოვანია.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...იმდენად კარგი ცხოვრება გამოვიარე, იმავე გზას, იმავე ადამიანების გვერდით გავივლიდი.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ჩემი ხმა.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- ...ახალი წლის ღამეს, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, გადიოდა საახალწლო კონცერტი და ამ საღამოს ჩვენ პირველად გამოვჩნდით ასეთი დიდი მასშტაბით. ინოლა გურგულიას “იაო უაო” და ნუნუ გაბუნიას “როცა ჩაქრება ჭადრებში” ვასრულებდით. გვიანი ღამე იყო, თვალები მეხუჭებოდა, მეძინებოდა, როგორღაც თავს ძალა დავატანე, ვუყურე ჩვენს გამოსვლას და დავიძინე. რომ გავიღვიძე, მერე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ფილმებშია. ქუჩაში მეც და “მზიურის” სხვა გოგონებსაც ყველა გვცნობდა, სხვადასხვა ქალაქიდან მოდიოდა წერილების ზღვა, მერე დაიწყო და დაიწყო სულ ახალი და ახალი წარმატებები.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...მშობლებს. დედამ შენიშნა ჩემი მონაცემი, მიმიყვანა სწორ ადგილზე, მამაც ყველანაირად მიწყობდა ხელს. თავადაც მონდომებული ვიყავი. არ მეზარებოდა ის, რასაც ვაკეთებდი, მსიამოვნებდა. შრომის გარეშე წარმატება არ მოდის.
- ბედნიერი ვარ...
- ...ყველაფრით, რაც ჩემ გარშემოა: გარემო, ადამიანები, სიმღერა, ტკივილი, სევდა, სიხარული, წარმატება... დიდი საჩუქარია და უდიდესი ბედნიერებაა პატარა ასაკიდან შენს ქვეყანაში, შენს ხალხს რომ უყვარხარ. ამისთვის ღმერთს მადლობას ვუხდი.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...მიუხედავად ბევრი რამისა, მაინც ვერავინ გამაბრაზა. გაბრაზებული ადამიანი არ ვარ. განა არ მწყინს, არ მტკივა, მაგრამ მაქვს უნარი გავთავისუფლდე, ნეგატივისგან არ ვმძიმდები, ბოღმა გულით არ დამაქვს. ამისგან თავისუფალი ვარ და ეს მომწონს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვშრომობ, ვარ დედა, ცოლი, მეგობარი, მომღერალი და ვცდილობ ყველაფერი მაღალ ხარისხში ვაკეთო, საკუთარ თავს მაინც ზარმაც ადამიანს ვუწოდებ. არის რაღაცები, რისი კეთებაც მეზარება. ამის გამოსწორებას არც ვცდილობ.
- სიყვარული ეს...
- ...ვერავინ შეძლო აღეწერა, რა არის. სიყვარულია ჩემი ცხოვრება, თითოეული წუთი, გაღვიძება, დაძინება, სუნთქვა... სიყვარული თანმდევი ხაზია დაბადებიდან, ამ ქვეყნიდან წასვლამდე. შეიძლება გქონდეს რთული ცხოვრება, ტკივილი, მაგრამ რაზეც ვდგავართ, რაც გვშველის, სიყვარულია. თენდება და დღე თავიდან იწყება, გაზაფხულდება და დამჭკნარი ყვავილები ცოცხლდებიან. ცხოვრება მუდმივად ახალ ურთიერთობებს, ახალ განცდებს, ახალ აღმოჩენებს გვიგზავნის.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...არ ვიყავი ისეთი გოგო, ვინც საკუთარ განცდებს, ემოციებს გამოხატავდა, მით უმეტს - ხმამაღლა. გარეგნულად ცივი ვიყავი, არასდროს მეტყობოდა. ემოციებს ახლაც ნაკლებად გამოვხატავ. ვის მიმართაც მაქვს ეს დამოკიდებულება, მან ზუსტად იცის, რას ვგრძნობ მისდამი და ეს მარტო ჩვენია.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...წარსულში გასტროლიდან რომ ვბრუნდებოდი, დედა ამბების მოყოლას მთხოვდა, მე სულ მეზარებოდა და ვპასუხობდი, “იყო რა”. ძალიან ბრაზობდა. მერე რეკავდა ჩემი მეგობრების მშობლებთან. ისინი უამბობდნენ შვილების მონათხრობს. ამის გამო დედა სულ მსაყვედურობდა, მამა კი ბევრი შეკითხვით არ მაწუხებდა.
- იმავე შეკითხვებს თავად თუ უსვამთ ლიზას, როცა კონცერტიდან ბრუნდება, ემოციის გაზიარებას სთხოვთ?
- ვეკითხები და ხასიათზე თუ არის, მიყვება, თუ არადა, თავს ვანებებ, მერე თავად უნდება და ვსხდებით, ერთმანეთს ემოციებს ვუზიარებთ, პარალელებს ვავლებთ.
- სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ლიზას დაქორწინებასთან დაკავშირებით, ეს სიმართლეა?
- არა. 5 თვეა ლიზა ამერიკაშია. გეგმავს, რომ პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოს, კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდეს, ჯერ ბიუროკრატიულ საკითხებს გადის, მუშაობის უფლება უნდა მოიპოვოს.
- შემდეგ რა გეგმა აქვს?
- შემდეგ უნდა თეატრში მიუზიკლზე იმუშაოს.
განაგრძეთ კითხვა