გარდა იმისა, რომ თავისი პროფესია უზომოდ უყვარს, ცხოვრების მანძილზე, არაერთ საქმეშიც მოუსინჯავს თავი. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამბობს, რომ არანაირი შრომა დასაძრახი არ არის და არცერთ საქმეს, სადაც უმუშავია, მისთვის სიკეთის მეტი არაფერი მოუტანია. საუბარია მსახიობ
ნინო ლეჟავაზე, რომელიც თეატრში როლებით ყოველთვის განებივრებული იყო და არის და ნუ გაგაკვირვებთ, თუ მას უცებ რაიმე სხვა სამუშაოს შესრულებისას შეხვდებით...
დაუზარელი, შრომისმოყვარე, აქტიური და მრავალფეროვანი ცხოვრების მქონე მსახიობი ამასთანავე, 4 ბიჭის დედაა. როგორ უმკლავდება ცხოვრების სირთულეებს და რას ურჩევს მრავალშვილიანი დედა თავის ვაჟებს, ამაზე ინტერვიუდან შეიტყობთ.
- პროფესიული არჩევანი, რომელიც თავის დროზე თეატრის სასარგებლოდ გააკეთეთ, წლებმა რა აჩვენა - სწორი გადაწყვეტილება იყო?
- ფინანსურად - ნაკლებად, რადგანაც უფრო წელგამართული რომ ვყოფილიყავი, ალბათ აჯობებდა, მაგრამ თუ სულიერი მოთხოვნილებების, სისხლის ყივილის, ჩემი საქმისადმი სიყვარულის, თავდადების, შრომისმოყვარეობის კუთხით შევხედავთ, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. როგორ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო, როცა პროფესიით ჩვენში სამსახურს ძალიან ცოტა ადამიანი თუ შოულობს. შემიძლია, ვიამაყო და ვიტრაბახო კიდეც, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყველაფერი თავიდან რომ დავატრიალო, ისევ ამ გზას გავივლიდი და აქ მოვიდოდი... თუმცა. ალბათ, პარალელურად შეიძლებოდა უფრო ჭკვიანურადაც მოვქცეულიყავი...
- რას გულისხმობთ?
- წინასწარ რომ მქონოდა გათვლილი, ეს რთული ცხოვრება მოვიდოდა და თადარიგი დამეჭირა, ახლა ჩემთვის სულ პატარა ბიზნესი მექნებოდა. დღეს ერთ ადგილზე საქმიანობით, გამორიცხულია, იარსებო. ალბათ მხოლოდ საქართველოში შეიძლება ასე ხდებოდეს - სამგან მუშაობდე, მაინც ვალი გქონდეს და მეოთხე სამსახურს ეძებდე...
- პანდემიის დროს თეატრს გაუჭირდა, გაჩერდა, რადგანაც უმაყურებლოდ დარჩა. მსახიობების ნაწილმა გარკვეული საქმე გამოძებნა, ნაწილი დეპრესიაში ჩავარდა. თქვენ იმ დროს მუშაობა გამყიდველად ზოომაღაზიაში დაიწყეთ. ამ ნაბიჯით რა დაძლიეთ?
- მთავარი ის არის, რომ არ შემიძლია უქმად ჯდომა, გაჩერება. როგორც მსახიობი, პანდემიისას, ვიღაცაზე უკეთეს მდგომარეობაში იმით ვიყავი, რომ სახელმწიფო თეატრის მსახიობი ვარ და ხელფასები არ გვქონდა შეჩერებული, რისთვისაც მადლიერი ვარ. მსახიობების უმეტესობას ბანკის ვალი ჰქონდა და ხელფასები რომ შეჩერებულიყო, სავალალო მდგომარეობამდე მივიდოდით.
თუმცა შემოქმედებითი პროცესის გარეშე დარჩენილი სერიოზულ დეპრესიამდე რომ არ მივსულიყავი, ისე ვიყავი, რომ სადღაც სამსახური უნდა დამეწყო. მაშინ ჩემს სახლთან ბუტიკი აღმოვაჩინე, სადაც პატარ-პატარა სექციები იყო და ერთ-ერთი ზოომაღაზია გახლდათ... ბავშვობიდან მოყოლებული, 13 წლის ასაკიდან, სხვადასხვა ადგილას მიმუშავია. როდესაც პირველი ფილმი გამომივიდა, რომელშიც გადამიღეს და ქუჩაში მცნობდნენ, მაშინაც კი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, მოპირდაპირედ სტუდენტურ კაფეში მიმტანად დავსაქმდი. იმ პერიოდში გადაცემაშიც ვთქვი, რომ არანაირი შრომა არ არის სირცხვილი და ამის გამო უცხოეთში ადამიანები არ უნდა წავიდნენ-მეთქი.
90-იანებში ადამიანებს უმეტესად ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და უცხოეთში წასვლის მიზეზიც უმეტესად ეს იყო. იმ გადაცემაში მაშინ ეს სიტუაცია ვამხილე, ვთქვი, - რომ ჩვენს ქვეყანაშიც შეიძლება საქმის პოვნა-მეთქი. მაშინ ჩემს ტელეფონზე ზარები გაისმა, არ იყო კარგი საქციელიო - მითხრეს. აბსოლუტურად მშვიდად, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხე - ვისაც ჩემი მეგობრობის და ნათესაობის რცხვენია, ეს მათი პრობლემაა-მეთქი... არ ვთვლი, რომ ცხოვრებაში ამ ჩემი სხვადასხვა ადგილას დასაქმებით რამე წავაგე, პირიქით.
დღემდე ეს პოზიცია მაქვს და შვილებსაც მაგალითს ვაძლევ, ვეუბნები - სულ რომ მილიონერი გავხდე, საკუთარი შრომით მოპოვებული გროშების გემო უნდა იცოდეთ-მეთქი... ამაყი ვარ, რადგანაც ჩემი უფროსი ვაჟი, რომელიც ასევე მსახიობია (დღემდე თეატრში ვერ მოეწყო, მე კიდევ არ ვარ ის კატეგორია, თეატრები თხოვნით ჩამოვიარო - შვილი დამისაქმეთ-მეთქი), ერთ-ერთ კომპანიაში თავისით დასაქმდა. ძალიან კმაყოფილია და მადლობა კომპანიას ამ შესაძლებლობისთვის. თუმცა მანამდე იქ ჯერ პრაქტიკა, მერე ტესტირება გაიარა. მეორე შვილი არასრულწლოვანია, რომელიც ყველა წესის დაცვით, რის უფლებაც აქვთ არასრულწლოვნებს, მუშაობს. ჩემი 13 და 11 წლის შვილები კი, საამისოდ ჯერ პატარები არიან, მაგრამ ჩემი და მათი უფროსი ძმების მაგალითი მათზე კარგად იმოქმედებს...
იხილეთ სრულად