"ბებოს ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდა და ამიტომ გადავწყვიტე მარწყვის გაშენება" - 16 წლის ბიჭი, რომელმაც საკუთარი მეურნეობა მოაწყო - მშობლები

"ბებოს ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდა და ამიტომ გადავწყვიტე მარწყვის გაშენება" - 16 წლის ბიჭი, რომელმაც საკუთარი მეურნეობა მოაწყო

2022-07-20 18:45:36+04:00
ჩოხატაურის რაიონში, სოფელ იანეულში ერთი საოცარი ბიჭი ცხოვრობს, ლაშა-გიორგი კუჭაშვილი. ლაშა-გიორგი 16 წლისაა, მამა წლების წინ დაეღუპა, დედა ემიგრაციაშია. დიდი ხნის განმავლობაში ობლობის პენსიას საგულდაგულოდ აგროვებდა და ამ დანაზოგით მარწყვის ნერგები იყიდა. დღეს სასათბურე მეურნეობა აქვს და გაფართოებაზეც ფიქრობს.

- მეათე კლასის მოსწავლე ვარ. ვცხოვრობ სოფელ იანეულში და ვსწავლობ ბუკისციხის საჯარო სკოლაში. ძალიან ბევრი ჰობი და გატაცება მაქვს. მაგალითად, ხატვა, ფეხბურთი, ცურვა, მსახიობობა, ჭიდაობა. ვარ საკმაოდ მხიარული და მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა.

- ამ ასაკში, როგორ ჩაებით მეურნეობაში?

- ზოგადად ძალიან მიყვარს სოფელი, ბუნება, მცენარეები, მათი მოვლა-პატრონობა. რამდენიმე წლის წინ ვფიქრობდი, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი. თან მარწყვი ყველა ბავშვს ძალიან უყვარს, მათ შორის მეც და ჩემს ოჯახში მყოფ ბავშვებსაც. ვიფიქრე, რატომაც არა... ეს იდეა გავუმხილე ჩემი ოჯახის წევრებს და მათაც ძალიან მოეწონათ. რამდენიმე დღეში მოვაწესრიგეთ მიწის ნაკვეთი, დავუკავშირდი ადამიანს, რომელიც მოგვაწვდიდა ნერგებს და ასე შეიქმნა ჩვენი მარწყვის მცირე მეურნეობა.
მამა გარდაცვლილი მყავს, ვიღებ ობლობის პენსიას და თავიდან ამ პენსიის დანაზოგით შევიძინე სამასი ძირი ნერგი. ახლა უკვე 3.500 ძირი გვაქვს. ჩვენვე გავამრავლეთ და გამოვიყვანეთ ნერგები. ცოტა რთული იყო, მაგრამ ოჯახის ყველა წევრი იმდენად მონდომებულები ვიყავით, ერთობლივი ძალებით ყველაფერი შევძელით.
mshoblebi

- რატომ მაინცდამაინც მარწყვის ბაღი, სხვა ხილიც ხომ ძალიან უყვართ ბავშვებს?

- ბევრ რამეზე ვფიქრობდი, თუ რა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მარწყვის ინსპირაცია ბავშვობიდან წამოვიდა. გამახსენდა, როგორ გვიშაქრავდა ხოლმე ბებია შვილიშვილებს და მოგვართმევდა ეზოში. როცა ეს იდეა გავანდე, ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდა და ამიტომ მეც გადავწყვიტე მარწყვის გაშენება. ახლა არა მხოლოდ ჩვენი ოჯახის ბავშვებს, არამედ სხვა ადამიანებსაც და ბავშვებსაც ვატკბობთ და ვახარებთ ჩვენი მარწყვით.

- რა ტერიტორიაზე გაქვთ მარწყვის ბაღი გაშენებული და ვინ უვლის?

- 1.100 კვადრატული გვაქვს ღია გრუნტში, ხოლო 110 სასათბურე მეურნეობაა. მომავალში ვგეგმავთ კიდევ ერთი სათბურის დადგმას. რაც შეეხება მოვლას, ამჟამად დეიდაჩემი და ბიძაჩემი უვლიან, რადგან დედა ემიგრაციაში მყავს უკვე შვიდი წელია. ახლა მეც მასთან ვარ ჩამოსული, რათა დავეხმარო, გვერდით დავუდგე და მალე დაბრუნდეს სამშობლოში.

- რთული არ არის მარწყვის მოვლა? როგორი პირობები და მოვლა სჭირდება, რომ უხვი მოსავალი მოგცეს?

- რა თქმა უნდა, რთულია და დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა საბედნიეროდ, გვერდით მყავს ადამიანები, ვინც ამ წამოწყებაში მხარი ამიბეს და მეხმარებიან ყველანაირად. ოჯახის ყველა წევრი ჩართულია მის მოვლაში. ჩვენ ვაწარმოებთ ბიო პროდუქტს, აქედან გამომდინარე სხვანაირი მოვლა სჭირდება. ჩვენ მისი კვებისთვის, როგორც ფესვის, ფოთლის, ისე ნაყოფის სიჯანსაღისთვის ვიყენებთ ბიო ნაწარმს, მაგალითად, როგორიც არის ჭინჭრის ჟიჟა, კვერცხის ნაჭუჭის ჟიჟა და საქონლის ფეკალია.
mshoblebi

- რეალიზებას სად და როგორ ახდენთ?

- რიალიზაციას ადგილზე ვახდენთ, ხშირად სახლში მოდიან და აქვე ყიდულობენ, ასევე, გაგვაქვს რაიონის ბაზარში.

- სოფლის საქმეს ვისთან ერთად უძღვებით?

- როგორც უკვე ვახსენე, დედა ემიგრაციაშია, ქალაქ სტამბოლში. ასე რომ, სოფლის მეურნეობის საქმეებში დეიდა, ბებო და ბიძა მეხმარებიან.

- მეგობრები თუ გეხმარებიან ხოლმე სეზონურ სამუშაოებში, ან მარწყვის დაკრეფაში?

- საკმაოდ დიდი სამეგობრო მყავს, რომლებსაც ძალიან უყვართ ჩემთან სტუმრობა და დროის გატარება. ასევე, მარწყვის საქმეებში დახმარება, ყველაზე მეტად კი მისი დაკრეფვა.

- საქმეს და სწავლას როგორ უთავსებთ ერთმანეთს?

- საკმაოდ რთულია ნამდვილად, მაგრამ თუ მოვინდომებთ, შეუძლებელი არაფერია, თანაც, თუ სწორად მოვახერხებთ დროის განაწილებას. როცა სწავლით ვარ დაკავებული, ჩემი ოჯახის წევრები უვლიან და პატრონობენ ბაღს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- გეგმები ძალიან ბევრი და დიდი მაქვს. ვაპირებ მეურნეობის გაფართოებას. ამასთან ერთად ვაპირებ სწავლა განვაგრძო და ჩავაბარო თეატრალურზე.
mshoblebi
მერი ბლიაძე