ძვირდება თუ არა თურქული წამლები: "შესაძლოა, მცირე გავლენა იყოს ფასებზე" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება - მშობლები

ძვირდება თუ არა თურქული წამლები: "შესაძლოა, მცირე გავლენა იყოს ფასებზე" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

2022-07-21 06:42:17+04:00
ბოლო დღეებია, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები ძვირდება და მოსახლეობა პრეპარატების შეღავათიან ფასებში შეძენას ვეღარ შეძლებს. თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ეს ინფორმაცია მცდარია:

"საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს." - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.

მისი განმარტებით, თურქეთში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული კურსი დაკორექტირდა, რამაც შესაძლოა მცირე გავლენა იქონიოს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასზე და მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით. ილია ღუდუშაურის თქმით, ამის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ 2022 წლის თებერვალში ანალოგიურ კორექტირებას ჰქონდა ადგილი, რასაც საქართველოში თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტების ფასებეზე გავლენა არ მოუხდენია.

"მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით. ის ეფექტი, რომელიც წლის დასაწყისში, თურქული ბაზრის გახსნით მივიღეთ საქართველოში მედიკამენტების ფასებთან მიმართებაში, არ დაიკარგება. თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები კვლავ მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე ეს იყო წლის დასაწყისში. ვფიქრობ, საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს."- განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ჯანსაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ფასები 60% − 80%-მდე შემცირდა. წელს, 150 000-ზე მეტმა ადამიანმა მედიკამენტებში ძველი ფასებით 79 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 26 მილიონი ლარი გადაიხადა. დანაზოგი დაახლოებით 53 მილიონი ლარია.

თამარ იაკობაშვილი