ჯენიფერ ლოპესმა 24 ივლისს 53 წლის იუბილე აღნიშნა და საკმაოდ თამამი ფოტოებიც გამოაქვეყნა. ფოტოებით მან თავისი ბრენდის JLo Beauty ახალი ხაზი - JLo Body წარადგინა. მომღერლის თქმით, ხაზის გაფართოება და დუნდულებისთვის სპეციალური კრემის გამოშვება დედის ამბავმა შთააგონა - ჯეი ლო მთელი ბავშვობა უყურებდა დედას, რომელიც ცელულიტის გამო იტანჯებოდა და თავს ცუდად გრძნობდა.
"მახსოვს, როგორ უნდოდა, რომ რაღაც ჯადოსნური ფორმულა აღმოეჩინა, რომელიც ამ პრობლემას უბრალოდ გაუქრობდა. მაგრამ, სიმართლე ისაა, რომ ასეთი ფორმულა არ არსებობს", - აღიარებს ჯენიფერი. იგი სასურველი ფიგურის შესანარჩუნებლად რეგულარულად ვარჯიშობს და სპორტითაა დაკავებული.
მიუხედავად ამისა, მომღერლის თქმით, ექსპერტებთან ერთად მან მოახერხა ისეთი ფორმულის შემუშავება, რომელიც კანს ვიზუალურად აუმჯობესებს. კრემი სტრიების გასასწორებლად ვარდისფერ წიწაკას შეიცავს. ასევე, დასარბილებლად გუარანას თესლის ექსტრაქტს, სიმტკიცისთვის კოფეინს, პეპტიდებს კოლაგენის წარმოების გასაძლიერებლად და ისეთ დამატენიანებელ საშუალებებს აერთიანებს, როგორებიცაა შის კარაქი და ჰიალურონის მჟავა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯენიფერ ლოპესი სხეულს, განსაკუთრებით კი უკანალს დიდ ყურადღებას აქცევს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას სხეულის ეს ნაწილი 27 მილიონ დოლარად აქვს დაზღვეული.
გამოცემა People-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ლოპესმა აღნიშნა, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა თავდაჯერებულობას ზრდის.
"თავს ყველაზე თავდაჯერებულად მაშინ ვგრძნობ, როცა საკმარისი რაოდენობით მძინავს, კანს ვუვლი, ფიტნესს მივმართავ და კვებას ვაკონტროლებ. როცა რიტმიდან ვვარდები, თავს ცუდად ვგრძნობ." - ამბობს ის.
ჯენიფერი იმასაც ამბობს, რომ სილამაზეს "ვარგისიანობის ვადა" არ აქვს:
"მე მჯერა, რომ ნებისმიერ ასაკში შეგიძლია საოცრად გამოიყურებოდე და თავს სექსუალურად გრძნობდე."- ამბობს ლოპესი.
მომღერლის თქმით, ამ აზრს მისი მეუღლე, ბენ აფლეკიც იზიარებს, რომელთან ერთადაც ახლა პარიზში თაფლობის თვეს ატარებს.

"ის ხშირად მეუბნება: "მომწონხარ, როცა არაფერი გაცვია, როცა არც მაკიაჟს იკეთებ, არც თმას და უბრალოდ, ბუნებრივად ხარ". ეს ძალიან დიდ თავდაჯერებულობას მანიჭებს. ახლა, ჩემს ასაკში, იმაზე ბევრად ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ და მგონია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია." - თქვა ჯენიფერ ლოპესმა.