"ეს მოაქვს ძველბიჭურ მენტალიტეტს და ბიჭების უბნებად და ქუჩებად, სკოლებად დაყოფას... ეს მოაქვს შვილისთვის ყველაფრის შესრულებას... ეს მოაქვს არასწორ აღზრდას..." - მშობლები მორიგ ტრაგედიაზე - მშობლები

"ეს მოაქვს ძველბიჭურ მენტალიტეტს და ბიჭების უბნებად და ქუჩებად, სკოლებად დაყოფას... ეს მოაქვს შვილისთვის ყველაფრის შესრულებას... ეს მოაქვს არასწორ აღზრდას..." - მშობლები მორიგ ტრაგედიაზე

2022-07-29 14:52:26+04:00
28 ივლისს ცხვარიჭამიაში, დაბადების დღეზე მომხდარი დაპირისპირება მსხვერპლით დარსულდა. როგორც ცნობილია, 20 წლის მირიან კუკავას ჭრილობა გულის არეში მიაყენეს და ის დაზიანების შედეგად გარდაიცვალა - ახალგაზრდები 18 წლის გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული 2000 წელსაა დაბადებული...
საზოგადოებაში ფაქტს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, მით უმეტეს, რომ ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. ბევრმა გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიაც გაიხსენა და გამოსავლის ძიებაზე დაიწყო საუბარი. საკუთარი აზრები გამოთქვეს მშობლებმა:
  • მეც თინეჯერი შვილები მყავს და აღარ შემიძლია უკვე. ერთგან არ გაუშვებ, ორგან, სულ ხომ არ დააბამ სახლში? ღამეებს ვათენებ ნერვიულობაში, სანამ მოვლენ. ასე როგორ უნდა იყო დაფეთებული ადამიანი?
  • არ არის საჭირო ეს დიდი დაბადების დღეები რა, ან თუ უხდით, დაადექით თავზე მშობლები. არ არიან დაღვინებულები, ათას რამეს სვამენ, ეწევიან და უკონტროლონი ხდებიან. როდემდე?
  • რა ხანია, ეს მოდა შემოიღეს - ბინას ან სახლს ქირაობენ და მარტო უნდათ ყოფნა. ხან 13-14 წლის ბავშვებიც კი და მშობლებიც ნებას რთავენ. ათასი რამ ხდება მერე ამ წვეულებებზე, უბრალოდ ჩვენ მაშინ ვგებულობთ, როცა ასეთი ტრაგედიებით სრულდება. თორემ რამდენი გაუპატიურება, დაჭრა და ათასი რამ... რა საჭიროა ეს მეტიჩრობა?
  • არ ვიცი, რამდენი ტრაგედია უნდა მოხდეს, რომ მორჩნენ ამ მატრაკვეცობა. არ შეიძლება, 10-15 ახლო მეგობარი დაპატიჟო, ერთი წრის და არა მთელი სანაცნობო? დაერევიან მერე ერთმანეთს... მერამდენედ? ეს მოაქვს ძველბიჭურ მენტალიტეტს და უბნებად და ქუჩებად, სკოლებად დაყოფას, ერთმანეთს ჩვეულებრივ მტრებად აღიქვამენ. რატომ არიან ასეთი აგრესიულები, დაუნდობლები და როგორ იმეტებენ თანატოლს, თანაქალაქელს, თანამემამულეს, საიდან აქვთ ამხელა ბოღმა? მგონია, რომ ამ შეკრებებზე ბევრს სვამენ, ეწევიან, იკეთებენ რაღაცებს და ვეღარ აზროვნებენ მერე ადეკვატურად... მშობლებო, არ არის აუცილებელი, ყველა ახირება აუსრულოთ შვილებს! დაუშალეთ რაღაც, ურჩიეთ გონივრულად, ხომ თქვენ აძლევთ ფულს დაბადების დღის გადასახდელად, ხომ თქვენ უშვებთ შვილებს იმ გრანდიოზულ დაბადების დღეებზე? გადახედეთ რა ხდება, რა სტატისტიკა გვაქვს, რა რეალობა და ცოტა უფრო ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღეთ. ჯობს შვილს აწყენინოთ ცოტათი და რაღაც არ შეუსრულოთ, ვიდრე ასეთი ტრაგედიები მოხდეს.
  • პრობლემაა? პრობლემა საზოგადოებაა. იმდენად გაბოროტებულია, აღარ იციან, ეს ბრაზი სად ანთხიონ. მშობლები შვილებს უკვე მომავალ მოძალადეებად ზრდიან, აი მანდაა პრობლემაა. შვილის გაზრდა მარტო ჩაცმა და ჭამა რომ არაა, მაგაშია პრობლემაა. შვილს ხმას რომ არ უწევენ არაფერზე, ბავშვის უფლებები არ დაირღვესო და უპატივცემულოდ ექცევიან მშობლებს, მაგაშია პრობლემა და კიდევ შემიძლია ბევრი დავწერო. სკოლის უმოქმედობაზე და უუნარობაზე და საერთოდ, სახელმწიფოს გულგრილობაზე აღარ ვილაპარაკობ.
  • პირველ რიგში, პრობლემაა აღზრდა, ძალადობის შესახებ სხვადასხვა თამაშის და მოგვიანებით ძალადობის შესახებ ფილმების ყურება... შემდეგ უფროსების უყურადღებობა და უკონტროლობა... კონკრეტულ შემთხვევაში არ ვიცით რა მოხდა, წარმომიდგენია, რას განიცდის ის ოჯახიც, სადაც ეს მოხდა, ამიტომ ბევრი რამაა დასაფიქრებელი მსჯელობისას! რას განიცდიან დაღუპულის ახლობლები. ხსოვნა გარდაცვლილის სულს! ოჯახს კი გამძლეობა და მხნეობა.
  • პრობლემა აღზრდაშია, ჩემი აზრით. არაფერ შუაშია არც დაბადების დღის გადახდა და არც აგარაკის ქირაობა. ცივსისხლიანი მკვლელი ქუჩაშიც კლავს და ავტობუსშიც. მეტი სიყვარული და სხვისი აზრის პატივისცემა უნდა ვასწვალოთ შვილებს.
  • პრობლემა არის ჩვენი საზოგადოება, სიძულვილის გაღვივება, განსხვავებული აზრის ვერატანა, სკოლა, რომელიც მხოლოდ საგნების სასწავლო ადგილია და არა აღმზრდელობითი დაწესებულება, ძველი ბიჭი კარგი ტიპობის ინსტიტუციის შემობრუნება. ზოგიერთ ბრიყვს დაბადების დღე ჰგონია პრობლემა, ამ დროს ნებისმიერ კოლექტივში შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული.
  • მშობლის პრობლემა ალბათ ყველაზე მეტად და წრე, სადაც ეს ბავშვი იზრდება. მშობელი ამასაც უნდა აკონტროლებდეს. პატარაობიდანვე უნდა ასწავლიდნენ სხვისი მაგალითებით, რომ ადამიანის მოკვლა გამოუსწორებელი საშინელებაა. 18-20 წლის ახალგაზრდას უკვე უნდა ესმოდეს, ამით რამხელა ზიანს აყენებს ყველას. ეს რომ გააცნობიერო, მეეჭვება მერე კიდევ მსგავსზე იფიქრო.
  • ორმოცდაათკაციან დაბადების დღეებს ვიხდიდით სკოლაში სწავლის პერიოდში და მერეც , მაგრამ ასეთი სისასტიკე არავის ჩაუდენია. ახლანდელი ახალგაზრდები გულზე იყურებიან. უნებისყოფოები და მეტად თავისუფლები არიან. უჭირთ ურთიერთობაში წინააღმდეგობის გადალახვა და მოგვარება.
  • არასრულწლოვანი გოგონას დაბადების დღე იყო... და პრობლემაა ის, რომ მას მშობლებმა უფლება მისცეს, დაბადების დღე აგარაკზე გადაეხადა უამრავ თანატოლთან თუ ცოტა უფროსთან ერთად, ალკოჰოლის თანხლებით და ღამით დარჩენით... აი ეს არის პრობლემა, რომ მშობლები ზედმეტ თავისუფლებას აძლევენ შვილებს, მათი ასაკის მიუხედავად და არასრულწლოვან შვილებს საერთოდ არ აკონტროლებენ, ეშინიათ ბავშვის ფსიქიკა არ დავაზიანოო, არ დავსტრესოო, არ გავაუბედუროო, არ მომიძულოსო, აძლევენ ყველაფრის უფლებას. აი, საბოლოოდ ასეთი შედეგი დგება, სამწუხაროდ... მოზარდების გარკვეულ ჩარჩოებში ჩასმა აუცილებელია. ხოლო სრულწლოვანი ახალგაზრდების მშობლებმაც, გარკვეულ დონეზე უნდა იცოდეს მაინც სად არიან, ვისთან, როგორ გარემოში და როგორ ატარებენ დროს მათი შვილები, რამე საფრთხე ხომ არ ემუქრებათ მათ ჯანმრთელობას თუ სიცოცხლეს. მშობლობა სხვა რა არის, თუ არა ზრუნვა და ეს ზრუნვა მოიცავს საფრთხის თავიდან აცილებასაც. ეს ავიწყდებათ თანამედროვე მშობლებს, ან ზრუნვა არასწორად ესმით - ზრუნვა ჰგონიათ შვილის განებივრება მდიდრული ნივთებით თუ ძვირიანი წვეულებების მოწყობით და მათი ყველა სურვილისა თუ ახირების ასრულება. ზუსტად აქ ცდებიან... ხშირად სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა დამღუპველი ახალგაზრდებისთვის.
  • 18 წლის რომ გავხვდი მახსოვს მაშინ გავიგე უნივერსიტეტში მოხვედრის ამბავიც და მე და დედამ გადავწყვიტეთ ერთად აღნიშვნა და დაახლოებით 30 ადამიანი დავპატიჟე. აქედან უმეტესი კლასელები იყვნენ და ერთი 5 ადამიანი კლასგარეშე მეგობრები, რომლებიც არ იცნობდნენ სხვებს და ჩემი დაბადების დღის ბოლოც ზუსტად ხელჩართული კამათით დაასრულდა. მაგის შემდეგ მივხვდი რომ ერთ სუფრაზე უნდა მოიწვიო მხოლოდ ის მეგობრები რომლებიც ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, ეს წრე უნდა იყოს ძალიან მცირე და არა 50 კაცი. შენ და ვერავინ ვერ გააკონტროლებს 50 ნასვამი ადამიანის ქცევებს სუფრაზე. ამიტომ არ ყოფილა საჭირო გრანდიოზული დაბადების დღეები. ჩემი შემთხვევიდან გამომდინარე უკვე ჩემს შვილს ასეთ წვეულებებზე დიდი ბოდიშის მოხდით მაგრამ ვერ და არ გავუშვებ, სადაც მისგან უცნობი ადამიანებიც უნდა იყვნენ.
  • ბავშვები დილიდან საღამომდე ქუჩაში არიან, პატარა ასაკიდან ეწევიან, დანებით დადიან და საქმეებს არჩევენ. ამ დროს სად არიან მშობლები? ისინი ხომ მომავალ მოძალადეებად, ქურდებად და დამნაშავეებად იზრდებიან? რად გინდა ფული, ტანსაცმელი ან თუნდაც სახლი, თუ შვილს სწორად ვერ გაზრდი და მკვლელად აქცევ? მთავარი აღზრდაა და ყველა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

alt"გამწარება იცით რა არის, დაჩოქილი ღმერთს რომ ევედრები, რომ შენ მომკვდარიყავი, ოღონდ ეს ახალგაზრდა არა" - რას წერს ახლობელი ოჯახისა, ვის სახლშიც მკვლელობა მოხდა?