ონლაინრომანი "ნაადრევი ენძელები"ავტორი: კვარაცხელიადასაწყისიროცა სახლიდან ყველანი გაიკრიფნენ, ნუკიმ ფული ჯიბეში ჩაიდო და პურის მოსატანად გავიდა. დროზე უნდოდა მოესწრო სადილის მომზადება. კარგია, რომ საღამომდე არ მოვლენ, ცოტას დაისვენებს ხმაურისგან, განსაკუთრებით ეკასგან. მოატარებენ ახლა მაქსს მთელ მცხეთას, ხვალ მთელ თბილისს და გააგიჟებენ საწყალს, მერე შეატენიან თავიანთ წითურ ქალიშვილს, გაამგზავრებენ ჰოლანდიაში და ყველას მოეშვება გულზე. მაქსი კარგი ადამიანი ჩანს, ერუდირებული, კულტურული... ეტყობა, უცხოელი რომ არის. ძალიან თავაზიანი და თავდაჭერილია, თან სულ იღიმის. ნეტავ, ზურა როგორია? ერთი სული აქვს ნუკის, როდის ნახავს ყოფილ მეზობელს. ძალიან იქნება შეცვლილი? რა თქმა უნდა, იქნება. მას ხომ სულ ახალგაზრდა ახსოვს იგი. ღმერთო, როგორ ფანტაზიებს აგებდა მაშინ, რა რომანტიკული აზრები მოსდიოდა თავში, გულუბრყვილო, მიამიტური ... ახლა კი... ის ალბათ საერთოდ ვერ შეამჩნევს ნუკის. ამბობენ, ბევრი ფული იშოვაო. ჰოდა, მისნაირი გაღლეტილი რაში სჭირდება მდიდარ ადამიანს? ქალების მეტი რა არის ირგვლივ, რომელსაც ხელს დაადებს, მისი გახდება. არადა, იყო დრო, როცა ზურას სამყაროს ცენტრად მიიჩნევდა. მის გარდა ბიჭი (თეთრი პრინცი) თუ არსებობდა დედამიწის ზურგზე, არ ეგონა.პური იყიდა და უკან გამობრუნდა, თან ზურაზე გააგრძელა ფიქრი. მოულოდნელად მოსახვევიდან მთელი სისწრაფით გამოვარდა მანქანა, გუბეში ჩახტა და ნუკი ერთიანად გაწუწა. ამ უკანასკნელმა ისეთი შეჰყვირა, თითქოს გველმა უკბინაო. ჭუჭყიანი წყალი არათუ კაბაზე, სახეზეც შეესხა. ცხვირსახოციც არ ჰქონდა, რომ თვალ-ღაწვი მოეწმინდა. გაბრაზებულმა ხელის ზურგით აიწმინდა სახე და განრისხებული მძღოლს მიუბრუნდა, რომელსაც მანქანა გაეჩერებინა და იქიდან თავი გადმოეყო.- უკაცრავად, არ მინდოდა... მაპატიეთ... - მოუბოდიშა მამაკაცმა და ჯიპიდან გადმოვიდა.- პირველად ხართ საჭესთან? არ იცით, რომ მოსახვევში ამ სისწრაფით არ უნდა იაროთ? - საყვედურის ტონით მიახალა ნუკიმ და მოულოდნელად თავზარი დაეცა... მის წინ ის მამაკაცი იდგა, გუშინწინ სანაპიროზე რომ გაიცნო. არა, ოღონდ ეგ არა! - გაუელვა გონებაში და დამუნჯებული მიაჩერდა უცნობს.- თქვე-ეენ? - ზურა შეჩერდა და ხელები გაშალა, - მირანდა! აქ ნამდვილად არ გელოდებოდით!- მე მირანდა არ მქვია, - ხმადაბლა შენიშნა ნუკიმ და ერთიანად გაწითლდა, - მე... მე...- საიდან გაჩნდით აქ, ციდან ჩამოვარდით? - მაღლა აიხედა ზურამ.- არა, ხიდან ჩამოვვარდი, - ბრაზიანად უპასუხა გოგონამ და ხელის ზურგი კიდევ ერთხელ მოისვა სახეზე.- აი, ეს გამომართვით, - მამაკაცმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ნუკის გაუწოდა, - მაპატიეთ, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, არ მინდოდა... სრულიად სამართლიანად ვიმსახურებ საყვედურს, ჩემი ბრალია.ნუკიმ ცხვირსახოცი არ გამოართვა, წარბები კუშტად შეკრა, გატრიალდა და ჩქარი ნაბიჯებით გააგრძელა გზა.- მოიცათ... მირანდა! - დაეწია მამაკაცის ძახილი."მე მირანდა არ მქვია, მე არ ვარ მირანდა!" - თითქოს ეჭვიანობსო, გაგულისებული ნუკი უფრო და უფრო უჩქარებდა ნაბიჯს, რომ არ შეჩერებულიყო და კვლავ არ გამოლაპარაკებოდა ნახევრად უცნობს. მამაკაცი კარგა ხანს გაჰყურებდა მიმავალს. მისმა შავმა თმამ, გაბუტულმა ტუჩებმა და სიარულის მანერამ ბუნდოვანი მოგონებები აღუძრა, თითქოს გაახსენდა კიდეც ღრმა ახალგაზრდობაში მისი მსგავსი პატარა გოგო, მაგრამ კონკრეტულად ვინ (და ვისი შვილი), ვერაფრით აღიდგინა მეხსიერებაში.ზურას შერცხვა, უკან დასდევნებოდა გოგონას. ამდენი წელია, მცხეთაში არ ყოფილა, ახლა რომ ქალს გაკიდებული დაინახონ, ვიღაცა დასცინებს. არ შეშვენის მისი ასაკის და მდგომარეობის კაცს ასე ამჩატება (თუნდაც ნახატიდან გადმომხტარი გოგონას გამო). რაც მთავარია, მირანდა აქ ცხოვრობს. ამის მიხვედრა ძნელი არ არის. ცელოფანში პურები ეწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ შინისკენ მიიჩქაროდა. აი, მივა მამიდასთან და გამოჰკითხავს, წითელსარაფნიანი გოგონა რომელ ეზოში ცხოვრობს და ვისი შვილია. ყველაფერს გაარკვევს და მერე გაიცნობს. ვინ იცის, იქნებ ხუტასთანაც შეხვდეს ნიშნობის დღეს. აქ ხომ ასე იციან - ჭირში თუ ლხინში, მეზობლები ერთმანეთს გვერდში უდგანან, ეხმარებიან.არადა, ოჯახის შექმნაზე საერთოდ არ ფიქრობს. არც მაინცდამაინც გათქვეფილია ქალებში. ტვინი შეუჭამა დედამ, დროა უკვე ცოლი შეირთო და ოჯახს მოეკიდო, პატარა აღარ ხარ, შვილი გინდა, მე კი შვილიშვილი მენატრებაო. ხან ვის გააცნობს და ხან ვის. ზურა კი ყველა არჩევანს უწუნებს. გააგიჟა ქალი. ეს ბოლო პერიოდი, დედამაც ხელი ჩაიქნია, ამის ნერვები არ მაქვს, თუ ჩემი არჩეული არ მოსწონს, თვითონ მოძებნოს უკეთესიო. მამა გულჩათხრობილი ჰყავს ზურას, ასეთ რამეებში არ ერევა. არც არასდროს უხსენებია შვილთან, რას ფიქრობ სამომავლოდო. თავისებური იყო ზურა ყოველთვის. მშობლების სიტყვაზე არასდროს დადიოდა. ყოველთვის დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებას. პროფესიაც თავისი სურვილით აირჩია. ფიქრიას მთელი გულით უნდოდა, ერთადერთი ვაჟიშვილი იურისტი გამოსულიყო, კარგი მომავალი ექნება, ან პროკურორი გახდება, ან მოსამართლეო, შორს მიმავალ გეგმებს აწყობდა დედა. ამაზე ზურას გულიანად ეცინებოდა. ერთი სული მაქვს, მოსამართლის მანტიას როდის მოვირგებ და ჩაქუჩს როდის მოვიგდებ ხელშიო. ადგა და, მშობლების დაუკითხავად, საბუთები ეკონომიურზე შეიტანა. არც უნანია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა და იქ გააგრძელა სწავლა.ეჰ, მას შემდეგ იმდენმა წყალმა ჩაიარა... კარგი კი იყო უცხოეთში, მაგრამ თავისი ქვეყანა ყველაფერს ურჩევნია. ამიტომაც, როცა სწავლას მორჩა და საქმიანი პრაქტიკაც გაიარა, დაჰკრა ფეხი და უკან დაბრუნდა.ახლა ბიზნესიც აქვს, საკუთარი ბინაც და მანქანაც. ერთადერთი, ცოლი არ ჰყავს და შვილები (არც საყვარელი ქალი). უნდა კი? უნდა, როგორ არა, მხოლოდ ხმამაღლა არ უტყდება თავის თავს ამაში. მართლა აღარ არის პატარა, ნელ-ნელა ბერდება უკვე, წლები და ჭაღარა ერთნაირად უმრავლდება. პრობლემა ის არის, რომ ისეთი ქალი ვერ იპოვა, მის გულთან ახლოს მოსულიყო. ვინც კი პირველ ნახვაზე მოეწონა, მერე და მერე ყველას მნიშვნელოვანი ნაკლი აღმოუჩინა. თვითონაც არ იცის, რას გულისხმობს მნიშვნელოვანში, რადგან ერთის სახე თუ არ მოსწონს, მეორეს ტანს უწუნებს, მესამეს - სიმაღლეს, მეოთხეს - ერუდიციას, მეხუთეს - უხასიათობას, მეექვსეს - ჩაცმის სტილს და ა.შ. არადა, ხომ შეიძლება, სადღაც ერთი მაინც აღმოჩნდეს უნივერსალური გულის გამთბობი? ყველაფერი რომ თავის ადგილას ჰქონდეს, რბილხასიათიანი იყოს და ცოტათი ნაკითხიც? მთლად ტყემალზე არ უნდა იჯდეს ქალი და ვაშინგტონს და ვარშავას უნდა არჩევდეს ერთმანეთისგან. ნუთუ ეს ასე ბევრია? ხშირად იმაზეც უფიქრია, იქნებ ბერბიჭული ტიკები დამეწყოო? ჩვევად ექცა უკვე, როგორც კი ვინმე თვალში მოუვიდოდა, მის დადებით მხარეზე კი არ ამახვილებდა ყურადღებას, პირველ რიგში ნაკლს ეძებდა ქალში და აქედან იწყებდა გაცნობას.აი, მაგალითად, მირანდა... ის ყველაზე განსხვავებული აღმოჩნდა მათ შორის, ვინც აქამდე გაიცნო, თუმცა ნაკლი მასაც აღმოუჩინა. ძალიან თამამიაო, პირველსავე გამოლაპარაკებისას დაასკვნა გუნებაში. როგორ მომიშვირა ფეხები და თავისი ტერფები მაჩვენაო. ამერიკაში გაზრდილს (ლამის გაზრდილს) წესით, ეგ არ უნდა გაკვირვებოდა. იქ რომ მომხდარიყო, მართლა არ გაუკვირდებოდა. აქ კი, საქართველოში, ათი წუთის გაცნობილი გოგო რომ ტერფებზე ხელს მოგაკიდებინებს, ცოტა არ იყოს, დასაფიქრებელიაო.სასიამოვნოდ გაბრუებული მიადგა ჭიშკარს. რას იფიქრებდა, ჯონ უოტერჰაუსის მირანდა მცხეთელი თუ იქნებოდა და აქ ცხვირწინ შეეფეთებოდა? თანაც, რა სიტუაციაში?! არც მეტი, არც ნაკლები, ტალახიანი წყლით გაწუწა. ესეც ბედის ირონიაა, სხვა არაფერი. რამდენი წელია, აქეთ არ ყოფილა. გული უცნაურად უცემდა. ჭიშკართან მამიდა გამოეგება. ქალის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. როგორ დაბერებულა მამიდა, გამხდარა, მხრებში მოხრილა...ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ზურას სახლი მეზობლებით გაივსო. უკვე მთელმა ქუჩამ იცოდა მისი ჩამოსვლის ამბავი. მოდიოდნენ და მოჰქონდათ მოსაკითხები - ზოგს თავისი ბაღჩის პომიდორი, ზოგს კიტრი, ზოგს ატამი. ვის რა შეეძლო, ვინ რა სიმდიდრის პატრონიც იყო, იმის დემონსტრირებას ცდილობდა დიდი ხნის უნახავ მეზობლის შვილთან. თან ყველა მათგანი ბოლოს ერთსა და იმავე შეკითხვას უსვამდა - ცოლი არ მოგყავს, ბიჭო? ესენიღა მაკლდნენო, ეღიმებოდა ზურას და ეშმაკურად პასუხობდა - არავინ მომყვება და რა ვქნაო. როცა მეზობლები წავიდნენ, ზურა მამიდას დაუჯდა გვერდით.- აბა, ქეთო, მომიყევი, რა ხდება კორძაძეებთან, რა ზეიმი აქვთ?- რა ვიცი, შვილო, ეკას ათხოვებენ მგონი, ვინცხა უცხოელი ჩამოსვლიათ და...- ერთი გოგო დავინახე წეღან, პური მოჰქონდა. წითელი სარაფანი ეცვა. შავგვრემანი იყო, შავთმიანი, ლამაზი, ჯიშიან ფეხებზე იდგა... ვისია, ხომ არ იცი?- მაგნაირების მეტი რა დადის, ბიჭო, ჩვენს ქუჩაზე. რა ვიცი, რომლის იყო, თუ ძალიან ლამაზი გეჩვენა, ხუტას ნუკი იქნებოდა ან შალიკოს მაყვალა. ისე, სხვაც ბევრია შავგვრემანი.- ხუტას ნუკი? - ჩაეკითხა ზურა და იგრძნო, როგორ აუჩქარა გულმა ცემას.- არ გახსოვს ნუკი? ხუტას ძმა რომ დეეღუპა, იმის გოგოა. იმფერი ხშირი თმა ჰქონდა ბავშვობაში, მაჯის სიმსხო ნაწნავებს დაატარებდა სულ. ახლა აღარ კადრულობს ნაწნავებს, ქალობს უკვე. მარა კაი გოგო კია, წესიერი, კეთილი და თბილი. ყველას ძალიან გვიყვარს. იმ ეკამ გაუმწარა სიცოცხლე, თვარა სხვა მხრივ არა უჭირს რა.- ეკას რაღა უნდა?- მე კი ვიცი, რაც უნდა, მარა მაგის მშობლებს ესმით? ვერ აუტანია, მასზე ლამაზი რომაა და ამაზე მწარდება. მერედა, რა ენა აქვს? ალესილი, "ბრიტვასავით" სერავს სუყველას.- მეც არ ვთქვი, საიდან მეცნობა-მეთქი? აღარც მახსოვდა ეგ ბავშვი, როგორ შეცვლილა.- რავარც იქნა, მიხვდი. ჰო, ეგ არის. შენთვის ნამეტანი პატარაა, თვარა უკეთეს საცოლეს ვერ იპოვიდი, რომ იცოდე. მარა ბაღანაა მთლად.ზურას სიამოვნების ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ბაღანა მოეწონა "ნამეტნავად". უძახე შენ "ბაღანა"... რა გაკნაჭული იყო მაშინ. ახტაჯანა, კიკინებიანი გოგო (თუ ნაწნავებიანი). არა, კიკინებიანი. ნაწნავები სკოლაში ჰქონდა. როგორც კი სკოლა დაამთავრა, თმა შეიჭრა და კიკინები გაიკეთა. ეს კარგად ახსოვს ზურას, რადგან ისე დაწყდა გული მის თმაზე, რომ უსაყვედურა კიდეც ერთხელ, რატომ შეიჭერი შენი სიმდიდრეო. სხვა სიმდიდრეებიც მაქვსო, მაშინ ასე უპასუხა ნუკიმ და ზურამ ისე გაატარა მისი სიტყვები, თითქოს ქვეტექსტს ვერ მიუხვდა. მისთვის მთლად ბავშვი იყო მაშინ ნუკი და იმიტომ. ახლა კი... ახლაც ბავშვია. და მისთვის ყოველთვის ბავშვად დარჩება, რადგან მასზე გაცილებით უფროსია, ზედმეტადაც.- სახლში არიან თუ იცი? - ფიქრებში წასულმა ჰკითხა მამიდას.- ვინა, შვილო?- ხუტა და მისიანები.- აბა რა ვიცი. იი უცხოელი ჩამოუვიდათ წუხელის და დაატარებენ მგონია აქეთ-იქით. დაურეკე და გაიგებ, ან გადადი. თუ თვითონ არა, ნუკი მაინც იქნება შინ. მაგი მოსამსახურედ სჭირდებათ მხოლოდ, მე შენ გეტყვი, თან წაიყვანენ, თუ რა.- რატომ არ წაიყვანენ? ამას წინათ ქობულეთში ჰყავდათ, ნამდვილად ვიცი.- ეგეც ხუტას დამსახურებაა... მაგის წყალობით დაჰყავთ, თვარა სხვა დროს სულ შინა ჰყავთ გამოკეტილი. მთელი ქუჩა კორძაძეების მზეთუნახავს ეძახის.- ოჰ, კარგი ახლა, არც ისეთი მზეთუნახავია.- შენა, შვილო, ამერიკელი უნიფხვო ქალების ცქერას ხარ მიჩვეული და აგი ჩვენი ანგელოზი გოგო რაში მოგეწონება. ვიცი შენი ამბავი, კაი ტარტაროზი ხარ! - თითი დაუქნია მამიდამ და თავშალი გაისწორა.- კარგი, ჰო, ნუ გამომლანძღე. მშვენიერი გოგოა, ცუდი არაფერი მითქვამს. წავალ ერთი, თუ არიან სახლში, ვინახულებ. ხუტამ მთხოვა, დამეხმარე, უცხო კაცს ვერაფერს ვაგებინებო, - თქვა ზურამ და წამოდგა.- რას გააგებინებს, ღერი ინგლისური არ იცის და... თავისი ჟღალთმიანი მსუქანაც, ვითომ ინგლისურად ველაპარაკებიო, ატყუებდა მამამისს და თურმე ნუკი უთარგმნიდა, რა უნდა ეთქვა. აწი რა ეშველება, იმ გოგოს თან წაიყვანს თუ რაფერ აპირებს ქმართან ლაპარაკს, არ ვიცი.ზურამ ჩაიღიმა. სახლში შევიდა, წყალი გადაივლო, თმა გადაივარცხნა, სარკეში საგულდაგულოდ ჩაიხედა და ეზოდან გავიდა.კორძაძეები მეორე მოსახვევში ცხოვრობდნენ. ზურამ შეატყო თავის თავს, რომ ნერვიულობდა. ნეტავ, რატომ? მირანდასთან შეხვედრა აღელვებდა ასე, თუ დიდი ხნის უნახავ ნუკისთან?ჭიშკართან მისულს დაძახება არ დასჭირვებია. ნუკი ეზოში დახვდა, წინკარს გვიდა. გოგონა ზურგშექცევით იდგა, ოდნავ წინ გადახრილი და ენერგიულად უსვამდა ცოცხს მოასფალტებულ მიწას. მოკლე წითელი სარაფანი მუხლს ზემოთ გვარიანად ახტომოდა და ზურასთვის უკვე კარგად ნაცნობი გარუჯული ფეხები მთელი თავისი ბრწყინვალებით მოუჩანდა.- შეიძლება? - ხმამაღლა დაიძახა, რომ გოგონასთვის გაეგონებინა.ნუკი წამით თითქოს გაშეშდა, მერე ნელი მოძრაობით გაიმართა წელში და მოტრიალდა. ღაწვები კაბისფერი გახდომოდა.- მობრძანდით, - მორცხვად წარმოთქვა, ცოცხი იქვე მიაგდო და ხელის ზურგით შუბლზე ჩამოშლილი თმა გადაიწია.ზურა სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა. მისდა უნებურად, ნუკიმ უკან დაიხია, მაგრამ მოულოდნელად ფეხი ფეხს გამოსდო, თავი ვერ შეიკავა და შექანდა. მამაკაცმა ხელი შეაშველა, მაგრამ ნუკიმ გაშლილი ხელებით შეძლო წონასწორობის შენარჩუნება და ზურას ძლიერი მკლავის მოხვევა აირიდა. მისთვის აუტანელი იყო კიდევ ერთხელ მისი დანახვა, თანაც ისე ახლოს, რომ თვალის კუთხეებში მისი ნაოჭების და თმაში მიმოფანტული ჭაღარის დათვლაც კი შეეძლო. სტუმარი არ დანებდა და ჯიუტად ჩაჰკიდა მაჯაში ხელი. ამ შეხებამ უარესი დამართა გოგონას. ისე დაფრთხა, შურდულით შეშინებული ჩიტივით შეიფრთხიალა. საოცარი გრძნობა დაეუფლა მოულოდნელად. თითქოს მის ძგერაშეჩერებულ გულს ვიღაცამ თითი დაჰკრა და ბაგაბუგი გააგრძელებინა...ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა, ყველაფერი რიგზეაო და გრძელი წამწამებიდან ქურდულად გამოხედა მამაკაცს, ცუდი შთაბეჭდილება ხომ არ მოვახდინეო.- როგორ ხარ? - გაუღიმა ზურამ.- კარგად, გმადლობთ... - გოგონამ ხშირი წამწამები დახარა და თავისი უძირო შავი თვალებიც შიგ შემალა.- შეგაშინე?- არა, რას ამბობთ...- რატომ დაიმორცხვე? იქ, პლაჟზე საკმაოდ თამამი იყავი?! - ეშმაკურად მოჭუტა მარცხენა თვალი ზურამ.აალებულმა ნუკიმ თავი დახარა და კიდევ უფრო დამორცხვებულმა ცალი მხარი აიჩეჩა მხოლოდ.- შინ არიან? - მამაკაცმა მზერა აივნისკენ მიმართა.- არა, ჯვარზე ავიდნენ, სტუმარი ჰყავთ... გაასეირნეს და... - ნუკი საკუთარ ხმას ვერ ცნობდა, გაბზარვოდა რატომღაც.არც ზურა იყო უკეთეს დღეში. გრძნობდა, რომ შინაგანად ნერვიულობდა და უკვირდა. მას შემდეგ, რაც გაიგო, ვინ იყო სინამდვილეში მისი საოცნებო მირანდა, წესით უნდა დამშვიდებულიყო, რადგან ნუკი მისთვის ახლო წარსულის ლამის დავიწყებული "კადრი" იყო, რომელიც ბუნდოვნად შემორჩენოდა მის მეხსიერებას. მაშინ რაღა ემართება? მირანდა ხომ ასეთი უბრალო არ ყოფილა მის წარმოდგენაში? ის ღვთაებრივია, ხელშეუხებელი, მიუწვდომელი და საოცნებო. ეს კი რეალურია, ცოტათი უცხო, ცოტათი ახლობელიც, მეზობლის ჩვეულებრივი გოგონა, რომელსაც ალბათ არც მიაქცევდა ყურადღებას, იქ, სანაპიროზე ზეციურ არსებად რომ არ მოვლენოდა.ახლა კი როგორი უცხო იყო ნუკი მისთვის... თუმცა იმაზე ნაკლებად, ვიდრე მაშინ, წლების წინ, როცა კიკინებზე ექაჩებოდა. მაშინ ისე უყურებდა, როგორც ბავშვს, ახლა კი ისე უყურებს, როგორც ქალს - ტანაყრილს, თეძომაღალს, მკერდაფეთქებულს... როგორი თვალები აქვს თანაც, ყველაფრის წაკითხვა რომ ადვილად შეიძლება. ამ წუთში მის თვალებში შიშიც არის ჩამდგარი, გაკვირვებაც და გაბრაზებაც... ყველაზე მეტად კი ტკივილი მოჩანს. სევდით გაჯერებული ტკივილი. ეჰ, ზურა, ზურა... შეეშვი მასზე ფიქრს, ვერ ხედავ, რომ მთლად ბავშვია, ის შენ ვერასდროს გაგიგებს, - მხარზე შემოსკუპებულმა მეორე "მემ" ბოროტად ჩაიხითხითა.ნუკიმ გაბედა და თვალი გაუსწორა მამაკაცს. როგორ უხდება ღიმილი. ნეტავ, ვინმემ თუ შეამჩნია, რა ლამაზი ტუჩები აქვს ამ კაცს? როგორი მომხიბვლელი ღიმილი? მერედა, გამოხედვა? თვალს ვერ უსწორებს, ისეთი დაჟინებული მზერით მისჩერებია! სანაპიროზე უფრო თამამი იყავიო... იქნებოდა, აბა რა, მაშინ ხომ არ იცოდა, ვინ იყო, სრულიად უცხო ადამიანი ეგონა და მოსარიდებელიც არაფერი ჰქონდა. ახლა კი, როცა გაიგო, ვინც იყო, ეგრევე დაიძაბა. მასზე ბევრად უფროს მეზობელსდა ბავშვობის აუხდენელ ოცნებას, თანაც ამდენი ხნის უნახავს, როგორ შეიძლება გაეპრანჭოს? მით უმეტეს, მთელი ამერიკა აქვს მოვლილი, მაგას რომ ქალები ეყოლება ნანახი... ნუკი მათთან ახლოსაც ვერ მოვა.- ძალიან ლამაზი ხარ, - ვერ მოითმინა ზურამ, უნებურად გაექცა სათქმელი.- ისა... - დაიბნა გოგონა, - მირანდა რატომ დამიძახეთ წეღან?- იმიტომ, რომ ერთ გოგონას მაგონებ, ძალიან ლამაზ გოგონას.- თქვენს შეყვარებულს? - მოურიდებლად შეეკითხა.- არა, შეყვარებულს არა. ისეთ გოგონას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.- ეგ როგორ?- ჩვეულებრივად... შენ ნახატიდან ხარ გადმოსული.- ნახატიდან? - გაკვირვებულმა აახამხამა გრძელი წამწამები.- ჰო, რა იყო, არ გჯერა?- არ ვიცი...- ასეთებიც ხდება. იმ ნახატის გოგონას მირანდა ჰქვია. შენ კი იმ მირანდას ჰგავხარ.- არ ვიცი... - იმავე ტონით გაიმეორა ნუკიმ და მზერა აარიდა.- წყალს ვერ დამალევინებ? ცივ წყალს?- როგორ არა, ახლავე! - მკვირცხლად უპასუხა ნუკიმ და კიბეზე ავარდა.ზურამ თვალი გააყოლა. მისი სხეული მოარულ ცეცხლს ჰგავდა, შორიდან რომ გათბობდა და ახლოდან რომ გდაგავდა. მისდა უნებურად თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, რა სასიამოვნო იქნებოდა მისი გაცხელებული სხეულის მკერდში ჩახუტება.- ოოო! გაიხარე! - მამაკაცმა ყინულისფერი ჭიქა მოიყუდა და ერთი ამოსუნთქვით ბოლომდე დაცალა.- შენ რომ არა, ვინ გამაგრილებდა, - ორაზროვნად წარმოთქვა და გამომცდელად მიაჩერდა.- მირანდა! - უპასუხა ნუკიმ და გაღიმებულმა ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია.ზურამ სიცილი ვერ შეიკავა. ამწუთას იგი ზუსტად ისეთივე თამამი და თავისუფალი იყო, როგორც იქ, სანაპიროზე, ჩამავალი მზის სხივები ვნებიანად რომ ელამუნებოდნენ თეძო-მკერდზე და ქვიშისგან გახურებულ ტერფებს უტიფრად რომ უშვერდა.- მეტაფიზიკური გოგონა! - შეახსენა ზურამ.- შინ შემობრძანდით, მაღლა ავიდეთ, აივანზე, იქ დავსხდეთ, - როგორც იქნა, მიხვდა ნუკი და აუყვნენ თუ არა კიბეს, წინ მიმავალმა თითქოს თავისთვის გააგრძელა, - მე სამხატვრო აკადემია დავამთავრე. იქ ბევრ რამეს გვასწავლიდნენ.- სამხატვრო აკადემია? რას მელაპარაკები! მე კი მთლად პატარა გოგო მგონიხარ! - ყასიდად გაიოცა ზურამ.- არა, პატარა არა, ოცდარვა წლის ვარ, - სერიოზული ტონით უპასუხა.- მართლა? მე მეტის მეგონე, - გაეხუმრა.- მეტის? რამდენის? - ჩრდილმა გადაურბინა ნუკის სახეზე.- ოცდარვა წლის და ერთი დღის, - გაიცინა ზურამ.ნუკიმაც ვერ შეიკავა სიცილი, წამით სევდის კვალი წაეშალა სახიდანაც და თვალებიდანაც.- აი, აქ დაბრძანდით. ყავას ხომ არ დალევთ? ცივ ყავას.- შენ როგორ შეიძლება ადამიანმა რამეზე უარი გითხრას... დავლევ, ოღონდ იმ პირობით, რომ შენც დამეწვევი.- კი, რა თქმა უნდა. ახლავე მოვიტან.ყავის მოლოდინში გარინდებული ზურას ფიქრები კვლავ ნუკის დაესია. ამწუთას სხვა აღარაფერი ახსოვდა. გაბრუვდა გოგონასთან ლაპარაკით, მისი ცქერით დანაყრდა. თვალს ნუკი დაალევინა და დაათრო. მერედა, როგორ უყვარს მის თვალებს დალევა, თუმცა კი ასე ადვილად სხვა დროს არ დამთვრალა. გული? გულიც გაიჟღინთა მისი სილამაზით, მისი ქალური სურნელით და ისიც ახმაურდა.- აი, თქვენი ყავა, - მოფრთქიალდა გოგონა და კოქტეილის ჭიქაში აქაფებული ყავა წინ დაუდგა.- საოცრება ხარ! - შეაქო ზურამ.- ჯერ გასინჯეთ, იქნებ არ მოგეწონოთ, - თავმდაბლობა გამოიჩინა ნუკიმ.- მომეწონება, რადგან ვიცი, რომ ყავის გაკეთების დიდოსტატი ხარ.- მართლა? ვინ გითხრათ?- მზემ მომიტანა ამბავი.გოგონამ გადაიკისკისა, ბავშვურად, ხალასად. ისედაც ბავშვს ჰგავდა, თავისი მიამიტური (თუ ეშმაკური) გამოხედვით. ჰა-ჰა, 22 წლის თუ გეგონებოდათ.- შეყვარებული თუ გყავს, ნუკი? - მოულოდნელად ჰკითხა მამაკაცმა და დაჟინებით ჩააჩერდა ნუშისებრ თვალებში.გოგონას მზერა დაუფრთხა. სიცილი ნელ-ნელა დაუდნა სახეზე და ძალიან ხმადაბლა წარმოთქვა.- არა... მე არავის ვჭირდები ამქვეყნად, სრულიად ზედმეტი ვარ... ყველასთვის, - დააყოლა.- ოჰ, ოჰ, ოჰ!.. ის, რაც შენ ახლა თქვი, ყველაზე ცნობილი სისულელეა მსოფლიოში, - მხიარულად შესძახა ზურამ, - ყველა ქალი ასე ამბობს, მათ შორის შენც.- მართლა ასეა.- რატომ მატყუებ? არ მითხრა, რომ სიყვარულზე არ ოცნებობ.- არა... ჩემს ოცნებას ხვრელი გაუჩნდა, დიდი ხანია, - ასევდიანდა გოგონა.- ხვრელი? ეგ რომელი, ოზონის? - მისი ნათქვამის ხუმრობაში გატარება სცადა მამაკაცმა.ნუკიმ კვლავ გადაიკისკისა.- რა ხუმარა ხართ, ბატონო ზურა!ბატონო ზურაოოო!.. მამაკაცს ღრუბლისფერი დაედო სახეზე. ნუთუ ასე შესამჩნევია მისი ასაკი? ნუთუ ამხელა სხვაობა იგრძნობა მასა და ნუკის შორის? კიდევ კარგი, ბიძია ზურათი არ მიმართა, თორემ გულიც გაუსკდებოდა.- გინდა, ერთ რამეში შევთანხმდეთ? ოღონდ უარი არ მითხრა, - დაიწყო მამაკაცმა და ყავა მოსვა.- ჯერ მითხარით, - კეკლუცად გადახარა ნუკიმ თავი გვერდზე.- ჯერ შემპირდი, - გაჯიუტდა მამაკაცი.- კარგი, გპირდებით.- არც ბატონოთი მომმართო და არც თქვენობით, გასაგებია? - "შეთანხმების" მისეული ფორმა მოთხოვნას უფრო ჰგავდა, ვიდრე თხოვნას.- გასაგებია, - ჩუმად ჩაილაპარაკა ნუკიმ და ყავას ისე დაეწაფა, თითქოს წვენი ყოფილიყო. როცა ჭიქა დადგა, ქაფით დასვრილი ტუჩები ენით გაილოკა და მრავლისმეტყველად გაიღიმა.ამის შემხედვარე მამაკაცს კინაღამ სასულეში გადაცდა ნერწყვი. ცხადი იყო, ეს, ერთი შეხედვით პატარა გოგო მთელი არსებით ცდილობდა გაპრანჭვოდა, როგორც მაშინ, წარსულში.- როდის დაბრუნდებიან შენები? - სხვა თემაზე გადაიტანა ზურამ საუბარი, მიხვდა, ასე თუ გააგრძელებდა, შორს შეტოპავდა.- არ ვიცი, ალბათ საღამოს, - ნუკიმ კვლავ მოწრუპა ყავა, თან თვალს არ აცილებდა ზურას.- მაშინ მე წავალ და როცა მოვლენ, ხუტას უთხარი, დამირეკოს, კარგი? - თქვა და წამოდგა.- რა თქმა უნდა, აუცილებლად ვეტყვი, - ხმაში შეეპარა სევდა გოგონას.- არ გამაცილო, ყავა გაგითბება, - ღიმილით თქვა და ცხელი მზერა მოატარა მის სხეულს, სანამ გასასვლელისკენ შეტრიალდებოდა, - გემრიელი იყო, - დააყოლა ბოლოს.- დიდი მადლობა, - ძლივს გასაგონად თქვა მისი უეცარი წასვლით იმედგაცრუებულმა გოგონამ და უკან მიჰყვა კიბის თავისკენ მიმავალ სტუმარს.- ჰო, მართლა, - მოულოდნელად შემობრუნდა ზურა, - შემპირდი, რომ ამათ ჯვრისწერაზე მეცეკვები. ამით ჩემს დანაშაულს გამოვისყიდი.- რომელ დანაშაულს?- წეღან რომ გაგწუწე.- იცით? მე არ მეცლება. ასეთ დროს არასდროს...- არასდროს თქვა არასდროს! - არ დააცალა მამაკაცმა და ოცი წლის ბიჭივით ჩაირბინა კიბეზე.გაგრძელება